მთავარი,სიახლეები

რატომ უნდა გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი

15.12.2017 • 3080
რატომ უნდა გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი

დღეს, 15 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის  პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა ჩართულობა შშმ პირების უფლებების ეფექტურად განხორციელების პოლიტიკის ფორმირებაში.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერიის სოციალური განყოფილებების, ბათუმის მერიის, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო შატბერაშვილმა, ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე.  იმაზე, თუ რამდენად დიდი როლი აქვთ სოციალურ მუშაკებს და მათ ჩართულობას იმისათვის, რომ გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  მხარდაჭერა, სამედიცინო და სოციალურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად, მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზე.

ნინო შატბერაშვილის თქმით, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული სოციალური მუშაკები  უფრო მეტად კონტროლის მანდატით ახორციელებენ  თავიანთ ფუნქციებს და ნაკლებეფექტურად იყენებენ სოციალური მუშაკის იმ მხარეს, რომელსაც სოციალური მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია. „ჩვენ გვინდა, რომ ამ პროექტის მეშვეობით, სწორედ ეს კომპონენტები წამოვწიოთ წინ,“-ამბობს ის.

საუბარი შეეხო, ასევე, მედიის როლის გაძლიერებას შშმ პირების საკითხების გაშუქებაზე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერმინების სწორად გამოყენებას შშმ პირებთან დაკავშირებით.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სისტემურ პრობლემებზე და იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც პრობლემას უფრო ქმნის, ვიდრე ეხმარება შშმ პირებს.  მათი თქმით, სწორედ სისტემური პრობლემის გამო ვერ ხორციელდება შშმ პირების  საჭიროებების დაკმაყოფილება, მათ შორის   ინდივიდუალური საჭიროებების დონეზე.

ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ წარმომადგენელმა, მირანდა ჩარკვიანმა ისაუბრა ბაზების არახელმისაწვდომობაზე. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ყველა ბაზა ჩაკეტილია, რის გამოც ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რამდენი  შშმ პირი სარგებლობს ან ვერ სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით.

ნინო შატბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა ისაუბრა ბაზების ღიაობაზე, ეს საკითხი მაინც პრობლემად რჩება. „სახალხო დამცველმა ამის შესახებ თქვა, რომ კანონი იძლევა ბაზების ღიაობის შესაძლებლობას, თუკი ამ ინფორმაციის გაცემა საყოველთაო სიკეთეს ემსახურება, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. თუმცა სახელმწიფოს ეს მაინც არ ესმის.  ბნელ ოთახში  ხელის ცეცების მდგომარეობაში როდემდე უნდა ვიყოთ,“-ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ბაზების ღიაობაც ვერ მოგვცემს რეალურ სურათს შშმ პირთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რადგან არც ეს ბაზები მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას.

პროქტის – სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა შშმ პირთა მხარდამჭერი ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებისთვის აჭარაში, განხილვა.

ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ წარმომადგენელის, მანანა ინაიშვილის თქმით, სტატისტიკური მონაცემების არქონა იწვევს დამატებით პრობლემებს, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კონკრეტული მოქალაქეებისთვის.  „ჯანდაცვის სამინისტრომ სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის გამოყო 17 იმპლანტი, შემდეგ აღმოჩნდა, რომ  უფრო მეტს ბავშვს ჰქონდა ამის საჭიროება და  ეს ციფრი  35-მდე გაიზარდა. ბუნებრივია ეს არის პრობლემა, რადგან სამინისტრო თავიდანვე ზუსტად ვერ საზღვრავს პროგრამის ბიუჯეტს და შემდეგ სჭირდება დამატებითო  სახსრების მოძიება.

ჩვენმა ორგანიზაციამ მიაღწია იმას, რომ  ამოქმედდება სკრინინგის პროგრამა და ამის შემდეგ შესძლებელი იქნება   იმის დაზუსტება, თუ რამდენი  სმედაქვეითებული ბავშვი საჭიროებს დახმარებას“.

მანანა ინაიშვილის თქმით, აუცილებელია სახელმწიფო პროგრამები ინდივიდუალური საჭიროებების დონეზე იყოს გაწერილი.

„რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, რადგან  გარდა იმისა რომ არ არსებობს რეაბილიტაციის ცენტრები, არის ადამიანური და პროფესიული რესურსების პრობლემა. ამიტომ, ის ოჯახები ვისაც შშმ პირი ჰყავს, ფაქტობრივად ქალაქში გადმოდის საცხოვრებლად რომ მიიღონ  პროგრამული დაფინანსება“.

სისტემურ პრობლემაზე საუბრობს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის  ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან სალუქვაძეც.

„გარდა იმისა, რომ  ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ჩვენთან ბაზებში მხოლოდ ის პირები არიან რეგისტრირებული ვისაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა აქვთ, უმნიშვნელოდ გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები კი საერთოდ არ გვყავს რეგისტრირებული. ამიტომ, სოციალური მუშაკის ჩართულობა იქნება ეფექტური და დაეხმარება ამ ადამიანებს როგორც ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, ასევე მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რადგან ეს ადამიანები ხშირად იმ პროგრამებითაც კი ვერ სარგებლობენ, რომლებიც სახელმწიფოს აქვს დაფინანსებული, რადგან ისინი არ ფლობენ ინფორმაციას“.

პროექტის ფინანსური მხარდამჭედი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოა“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: