ქედელი მოსწავლეები პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია  „მომავლის ბანაკის“ პროგრამის – „განავითარე შენი რეგიონი“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს, 14 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებსა თუ დაბებში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის მე – 10 კლასის მოსწავლემ, ანა ვარდმანიძემ, ქედის სოფლებისთვის ერთ – ერთ მთავარ პრობლემად ტრანსპორტით გადაადგილება დაასახელა.

„გადაადგილების პრობლემა ქედის არამარტო სოფლებში, არამედ დაბებშიც არის, მთავარი პრობლემა კი რიგ სოფლებში ტრანსპორტის არარსებობაა. თუ არის არასაკმარისი პერიოდულობით მოძრაობს, მაგალითად, ჩემს სოფელსა და სამ ახლო სოფელს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, შესაბამისად სულ გადაჭედილია. გარდა ამისა, მარშრუტკა სოფლიდან ქალაქში დილით მიდის და საღამოს ბრუნდება და თუ წასასვლელი დარჩები, რამდენიმე კილომეტრი  ფეხით უნდა გაიარო, ტრანსპორტის არასებობის გამო მე, როგორც სოფელში მცხოვრებ, ერთ- ერთ რიგით მოსწავლეს, არ მეძლევა საშუალება, მივიღო დამატებით განათლება, რასაც სახელმწიფო აფინანსებს,“ – ამბობს ანა.

ლანა გვარიშვილმა კი, ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მნიშვნელობასა და სოფლებში ნარჩენების მართვაზე ისაუბრა. სოფლებში მთავარ პრობლემად კი, არასაკმარისი ურნები დაასახელა.

„ვფიქრობ, რომ სოფლებში არსებული ურნები არასაკმარისია, რის გამოც ნარჩენები ბუნებაში ხვდება,“ – ამბობს ლანა.

დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ხატია შარაძემ, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობასა და ქედაში არსებულ ტურისტულ ადგილებზე გაამახვილა ყურადღება.

ცხმორისის სკოლის მოსწავლე, დიანა აბაშიძე, სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, ფაროსანაზე საუბრობს.მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა მავნებელ მწერთან ბრძოლაში.

„პროგრამაში 63 მუნიციპალიტეტის, დაახლოებით 5 ათასი ახალგაზრდაა ჩართული.  მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ 150 – მდე ბავშვია ჩართული და მსგავსი შეხვედრა ყოველ თვეში ტარდება,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავლის ბანაკის“ თავმჯდომარე, ანზორ მეგრელიშვილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი