სიახლეები

ბათუმი ტურისტული სეზონის სამზადისში

22.05.2015 • 2181
ბათუმი ტურისტული სეზონის სამზადისში

ბათუმის ბულვარი

ქობულეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს გაგრძელება ბათუმში მოჰყვა. 12 მაისს გორგილაძის ქუჩაზე კაფე „მალიბუ“ აფეთქდა. აფეთქება ღამით მოხდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფაქტზე გამოძიება იმ მუხლითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევას დღისით შესაძლოა იქ მყოფი ადამიანების დაშავება ან სიცოცხლის მოსპობაც კი გამოეწვია (ვინ იღებს ქალაქში პასუხისმგებლობას ტურისტული ობიექტების უსაფრთხოებაზე? – ამის შესახებ სტატია „ბათუმელების“ ამავე ნომრის მე-7 გვერდზეა განთავსებული).

ტურისტს ბათუმში გადათხრილი ქუჩები ისევ დახვდება, რაც კიდევ უფრო მეტ საცობს და შესაბამისად დისკომფორტსაც გულისხმობს. მერიის ინფორმაციით, არა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თუმცა გზების, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ტურისტულ სეზონზეც გაგრძელდება. ქალაქის ერთ-ერთი სტრატეგიული ქუჩა – ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩების მონაკვეთი უკვე გადაკეტილია. სხვადასხვა პერიოდულობით ტურისტს ბათუმში ჩაკეტილი ან გადათხრილი დახვდება პუშკინის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთიც.

„სამუშაოები იბიარდის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და სეზონის გამო ვერ შეფერხდება. თუ მოწესრიგებული ქალაქი გვინდა, უნდა დავიცადოთ. ამ სამუშაოებს უფრო ადრე ვერ დავიწყებდით, რადგან პროექტი რამდენიმეწლიანია და ეტაპებადაა გაწერილი. გარდა ამისა, ბათუმში სანიაღვრე სისტემის შეკეთება ისედაც პრობლემურია. დაწყებულ სამუშაოს თუ ხანგრძლივმა წვიმამ მიუსწრო, ხარისხიანი შედეგის მიღება ჭირს“, – განმარტა ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუშმა. მისივე თქმით, ტურისტულ სეზონს სხვა ქუჩებზე სამუშაოები შეიძლება დაემთხვეს, თუმცა პუშკინის ქუჩის გარდა სხვა ადგილებზე მოძრაობა არ ჩაიკეტება.
პრობლემების მიუხედავად, სატრანსპორტო ინსფრასტრუქტურაში განხორციელებულ პროექტებს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. თუმცა, როგორც ჩანს, ტურისტს არც მუნიციპალური ტრანსპორტი დახვდება მოწესრიგებული.

ბათუმში ყოველდღიურად 107 ავტობუსი გადის სამარშრუტო ხაზებზე. მათგან ბევრის სალონი მოუწესრიგებელი, სკამები – დაზიანებული და ჭუჭყიანია, ავტობუსის სახურავიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის პაატა დუმბაძის თქმით, ავტობუსების სალონი ირეცხება, თუმცა არა ყოველდღიურად, რადგან ამისთვის დამატებით 50-მდე თანამშრომელი იქნება საჭირო. არც რეცხვის კონკრეტული გეგმა-გრაფიკია დადგენილი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ქალაქში ჩამოსული ტურისტისთვის პრობლემატურია „გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების ინფრასტრუქტურის არარსებობა.“

„არამარტო ბათუმში, საქართველოს არც ერთ ქალაქში, დაბასა თუ კურორტზე არ არის განვითარებული ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა. მაგალითად, თუ ხარ ტურისტი და გინდა ახვიდე ხულოში, ხარ უცხოელი და არ ფლობ ქართულ ან რუსულ ენას, გაგიჭირდება ამ მარშრუტის დამოუკიდებლად გავლა. ქალაქში გაგვაჩნია ათი სხვადასხვა ავტოსადგურის ტიპის გაჩერება. შესაბამისად, უცხოელი ტურისტისთვის რთულია კონკრეტული ადგილის მოძებნა, მისი მიგნება. ეს საკითხები მოსაგვარებელია. ახალი ავტოსადგური გოგოლის ქუჩის #1-ში არის. ამას სეზონამდე ახალი რკინიგზის სადგურის გახსნაც დაემატება. კარგი იქნება ასევე, თუ მუნიციპალიტეტებში გზები იქნება უფრო მოწესრიგებული, ვიდრე დღეს არის“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მამუკა ბერძენიშვილი „ბათუმელებს“ ქალაქში ტურისტული მანიშნებლების არარსებობის პრობლემაზეც ესაუბრა: „საინფორმაციო-საორიენტაციო ნიშნულები ქალაქში და მთლიანად რეგიონში ნაკლებად გვაქვს. ჩვენ ვახდენთ ამ მარშრუტების მარკირებას, მაგრამ მათი განთავსების კომპეტენცია არ გაგვაჩნია. ჩვენი რეკომენდაციით ბათუმის მერია ამ პროექტის განხორციელებას გეგმავს, როგორც ვიცი, შესაბამისი თანხა ბიუჯეტში უკვე დაამტკიცეს“.

ტურისტული ნიშნულებისთვის 2015 წლის ბათუმის ბიუჯეტში 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. შესაბამის სამუშაოებს მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ტურისტული ნიშნულებით სარგებლობას ტურისტები ბათუმში მხოლოდ მომავალ სეზონზე შეძლებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევის თანახმად (იდუმალი სტუმრის პროექტი) არსებობს პრობლემები მომსახურების სფეროში – კაფეებსა და სასტუმროებშიც: „ფასები მაღალია, ხოლო ხარისხი – დაბალი“.

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს დეპარტამენტი პერიოდულად ტრენინგებს სთავაზობს.

რაც შეეხება ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, მისი ხელმძღვანელის დავით მიქაძის თქმით, მას მხოლოდ „ანბანის კოშკი და სარეკლამო ბანერები აბარია“.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საკურორტო სეზონისთვის წელს ყველაზე კარგად ბულვარის ადმინისტრაცია მოემზადა.

რა დახვდება წელს ახალი ტურისტს ბათუმის ბულვარში? – კითხვაზე ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი პასუხობს: „შეიცვალა ამორტიზებული გამყოფი ზოლი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებთ გრანიტით გავაკეთეთ, რადგან ბულვარში ყველაფერი გრანიტითაა გაკეთებული. ზოოკუთხე გავაფართოვეთ, ძველი პლასტმასის მოაჯირი ახალი, ჭედური მოაჯირით შევცვალეთ. შევცვალეთ ვოლიერები, რომლებშიც ფარშევანგები ცხოვრობენ. მოვაპირკეთეთ ტბის ფსკერი, შევცვალეთ ასვე თუთიყუშების სახლები, ზამთარში პლასტმასის შენობებში ფრინველებს სციოდათ და იღუპებოდნენ. მალე შევიძენთ ახალ ფრინველებს მრავალფეროვნებისთვის. უნივერსიტეტიდან კაფე `ტყუპებამდე~ ასფალტის გამოცვლა ვერ მოვასწარით და ეს სამუშაოები საკურორტო სეზონის შემდეგ გვაქვს დაგეგმილი. შევაკეთეთ ძველი და განვათავსეთ ასევე ახალი სკამები ბულვარში. ვგეგმავთ საკანალიზაციო სისტემის გამოცვლასაც, მაგრამ ამას არ დავიწყებთ სეზონის წინ. დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში მზად იქნება და მისი განთავსება ხელს არ შეუშლის სეზონს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უკან ვაპირებთ გავაკეთოთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშო“.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმს გასულ წელს 380-ათასამდე ტურისტი სტუმრობდა. ამ მონაცემებში მხოლოდ იმ ტურისტების მაჩვენებელია, რომლებიც სასტუმროებში გაჩერდნენ. დეპარტამენტს კერძო სექტორიდან მონაცემები არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი