აჭარის განათლების სამინისტრომ განმარტება გააკეთა დღეს, 14 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა.
სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ჯემალ სურმანიძის განცხადებით, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია 2005 წელს განხორციელდა, თუმცა ამ დროისათვის სკოლა ისევ გასარემონტებელია.
„2015 წელს ჩვენ მიერ განხორციელდა მხოლოდ ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები სპორტულ დარბაზში, რომელზედაც ვრცელდება ხუთწლიანი საგარანტიო ვადა და კომპანია ვალდებულია დროულად აღმოფხვრას ხარვეზი.
რაც შეეხება ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლას, ეს არის 2014-15 წლებში აშენებული სკოლა, მაღალი ხარისხით, ცენტრალური გათბობით და სასწავლო პროცესისათვის საჭირო ყველა კომპონენტით.
ამ შემთხვევაშიც არსებობს საგარანტიო ვადა და კომპანია ვალდებულია დროულად აღმოფხვრას ხარვეზი,“-ამბობს სურმანიძე.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს განხორციელდა კვირიკეს N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, თუმცა შეიქმნა პრობლემა მიმწოდებელი კომპანიის მიერ და მან აღარ დაასრულა ცენტრალური გათბობის სისტემის სამუშაოები.
„იმისათვის, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლოდა, სამინისტრომ მიმართა სკოლას და ამ მიმართვის საფუძველზე სკოლაში შეტანილია გათბობის ალტერნატიული საშუალებები – ელექტროგამათბობლები, პარალელურად უკვე მიმდინარეობს ტენდერი და გათბობის სისტემა ექსპლოატაციაში იქნება გაშვებული რამდენიმე დღეში,“-ამბობს სურმანიძე.
რაც შეეხება ოჩხამურის საჯარო სკოლას, ჯემალ სურმანიძის თქმით, ოჩხამურის დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება მუნიციპალიტეტებში სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში.
„აჭარის ტერიტორიაზე 229 სკოლა და მათზე მიერთებულია 72 საბაზო ან დაწყებითი სკოლა, სულ, 301 შენობა. სამინისტროს მხრიდან არასდროს ყოფილა დაფიქსირებული, რომ ყველა სკოლა არის რეაბილიტებული და სწორედ ამიტომაც არსებობს სპეციალური პროგრამა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა იყო მაქსიმუმ 3 მილიონი ლარი, ხოლო 2014 წლიდან ყოველწლიურად იზრდება დაფინანსება და მომდევნო წელს უკვე მისი ღირებულება უპრეცედენტოდ დიდი – 8 მილიონი ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 40 სხვადასხვა სკოლაში.
რაც შეეხება შეშაზე გათბობას, ჯერ კიდევ ბევრ სკოლაში ხდება მსგავსი რამ. თუმცა რეაბილიტაციის ფარგლებში ყველგან მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. რაც შეეხება სველ წერტილებს, ყველა სკოლას მიეცა მითითება, რომ უზრუნველყონ ჰიგიენის დაცვა და მათ ამისათვის გააჩნიათ შესაბამისი სახსრები. გარდა ამისა, სამინისტრო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საპირფარეშოების სრულ რეაბილიტაციას,“-ამბობს შესყიდვების დეპრატმენტის უფროსი.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი სკოლების რეაბილიტაციის შემდეგ არ გასულა საგარანტიო ვადა, რატომ არ მიმართავს სამინისტრო კომპანიებს ხარვეზების გამოსასწორებლად? სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხარვეზებთან დაკავშირებით სკოლის დირექციამ უნდა გააკეთოს განაცხადი და გააგზავნოს სამინისტროში. „აღნიშნული სკოლებიდან კი, მხოლოდ კვირიკეს პირველმა საჯარო სკოლამ მოგვმართა,“- უთხრეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.