სტადიონის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 117 მილიონი ლარი დაიხარჯება – ხელშეკრულება დადებულია

შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი ბათუმში დღეიდან 34 თვეში უნდა ააშენოს.

ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარი და 56 თეთრია, თუმცა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი და 10 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტიდან მშენებელ კომპანიას შპს „სტადიონის“ ანგარიშიდან გადაუხდიან არა 99,4 მილიონს, არამედ 117,3 მილიონ ლარს, საიდანაც „ანაგი“ 18 მილიონამდე ლარს, როგორც დღგ-ს, გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან

ელექტრონული ტენდერების ვებგვერდის მიხედვით სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გარდა „ანაგისა“, გარკვეული დოკუმენტაცია ატვირთული ჰქონდა ასევე კომპანია ILK INSAAT TAAH. SAN. ve TIC. A.S.-ს, თუმცა, „სტადიონში“ განაცხადეს, რომ ამ კომპანიას ფასი ელექტრონულ ტენდერში აღარ დაუფიქსირებია.

შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის ინფორმაციით, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე ელექტრონული ტენდერი შესაძლოა მიმდინარე თვეში გამოცხადდეს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის იანვრისა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com