სიახლეები

ტრეფიკინგი – ვიზა ლიბერალიზაციის ხელშემშლელი მიზეზი

21.05.2015 • 4612
ტრეფიკინგი – ვიზა ლიბერალიზაციის ხელშემშლელი მიზეზი

 

სარა (სახელი პირობითია) 24 წლისაა, ის თურქეთში სამუშაოდ ორი წლის წინ წავიდა – ხელფასს შეჰპირდნენ ათას დოლარს. ამბობს, რომ თურქეთში წასასვლელად ვიზა არ ჰქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია – საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ყალბი ID ბარათი დაახვედრეს „მეგობრებმა“. თურქეთში კი მისმა თანამემამულემ წაართვა პასპორტი. სარამ რამდენიმე თვე იმუშავა სექსმუშაკად ისე, რომ მხოლოდ საჭმელს აძლევდნენ და დედასთან 100 ან 200 დოლარს აგზავნინებდნენ. ერთ დღესაც, როცა პოლიციამ მათი „მამა როზა“ დააპატიმრა, სარამ თავის პასპორტი 2000 დოლარად გამოისყიდა კიდევ ერთი „ზედამხედველი“ მამაკაცისგან და ასე მოიპოვა თავისუფლება.

 

სარა ამის შემდეგ 6 თვეს დარჩა თურქეთში იმავე მიზნით – გარკვეული თანხა გამოიმუშავა და ბინა იყიდა თავის მშობლიურ ქალაქში. ბათუმში ისევ ქართული ID ბარათით ჩამოვიდა, მაგრამ ის მაშინ დააკავეს ბათუმის აეროპორტში, როდესაც უზბეკეთში აპირებდა გაფრენას.

 

„2014 წლის 28 აგვისტოს დამაკავეს ბათუმში. სასამართლომ 3 ათასი ლარის ჯარიმა გადამახდევინა საზღვრის უკანონო კვეთისთვის. 600 დოლარი მქონდა ბილეთში გადახდილი, არც ის დამიბრუნეს, სამ დღეში ციხიდან გამომიშვეს და სასტუმროში განმათავსეს, სადაც ასევე ფულს მე ვიხდიდი. ამასობაში ჩემს პასპორტს გაუვიდა ვადა და ასე დავრჩი დღემდე ბათუმში უპასპორტოდ და უფულოდ“, – ყვება სარა.

 

დღეს უკვე შეიძლება სარა ტაშკენტშიც იყოს, ის ცოტა ხნის წინ იპოვა ნანა ნაზაროვამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელმა და უზბეკეთის საკონსულოს დააკავშირა. სარას ახალი პასპორტი სწორედ საკონსულომ გაუმზადა.

 

სარა ამბობს, რომ მისთვის, როგორც მსხვერპლისთვის, არც თავშესაფარი შეუთავაზებიათ ბათუმში და არც იმით დაინტერესებულა სახელმწიფო, როგორ უნდა ეცხოვრა უპასპორტოდ მას სრულიად უცხო ქალაქში.
ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 8 მაისს გამოქვეყნდა, წერია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ სახეზეა მნიშვნელოვანი სისუსტეები, როდესაც საქმე ეხება დაუცველი მსხვერპლის, განსაკუთრებით ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას. „შეშფოთებას იწვევს შემთხვევების მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობა. შეშფოთების საგანია ასევე ის, რომ ვერ ხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა“, – წერია ანგარიშში.

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მარკ ჰულსი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სრულად ეთანხმება ანგარიშში გამოქვეყნებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. მისი შეფასებით, უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, ევროკავშირის ეს მოთხოვნა ნაწილობრივ უკვე სრულდება. მისი ინფორმაციით, ბოლო დროს საქართველომ ე.წ. პოლიციის მოკავშირეები დანიშნა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.

 

მარკ ჰულსის ორგანიზაცია იმ საბჭოს წევრიც არის, რომელიც საქართველოში მსხვერპლებს სტატუსს ანიჭებს. ამიტომაც მას „შიდა სამზარეულოს“ შესახებ მეტი დეტალი აქვს: „მსხვერპლებისთვის ცხელი ხაზი არსებობს, თუმცა ბევრი ზარი არ შედის, მიზეზი უნდობლობაა. ადამიანებს უცხო ადამიანებთან საკუთარ პრობლემაზე საუბარი არ სურთ. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებასა და ტრეფიკინგის მსხვერპლებს შორის არის დიდი დისტანცია. მსხვერპლების მხრიდან მაინცადამაინც დიდი მზაობა არ არის, რომ ითანამშრომლონ პოლიციასთან ან თუნდაც ე.წ. ფონდთან“, – ამბობს მარკ ჰულსი, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებულობას ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეებზე, განსაკუთრებით აჭარაში. მისი თქმით, საზღვრისპირა რეგიონში ტრეფიკინგის „კერა“ ყოველთვის დიდია.

 

ბექა ძამაშვილი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ევროკომისიის პირველი ეტაპის დასკვნა გულისხმობდა სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, რომელიც საქართველომ უკვე შეასრულა წარმატებით. მეორე ფაზის ანგარიში, რომელიც 8 მაისს გამოქვეყნდა, ეხება სამართლებრივი აქტების პრაქტიკულ იმპლემენტაციას, ანუ რამდენად ხდება პრაქტიკაში მისი რეალიზება-შესრულება. ბექა ძამაშვილი პოზიტიურად აფასებს ევროკომისიის ანგარიშს, რადგან მეორე ფაზის შესრულება მიმდინარეობს 2014 წლის ნოემბრიდან და ანგარშში ასახულია, რომ ამ მცირე მონაკვეთში საქართველომ სრულად შეასრულა 7 მოთხოვნა, თითქმის შესრულებულია 4 მოთხოვნა, ხოლო დანარჩენი 4 მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულებულია, „შემდგომი პროგრესის კარგი პერსპექტივით“. რაც შეეხება უშუალოდ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას: „ადამიანთა ვაჭრობასთან, ტრეფიკინგთან ბრძოლა, საქართველოში ხორციელდება საყოველთაოდ აღიარებული ოთხი მიმართულებით – პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, სისხლის სამართლებრივი დევნა და თანამშრომლობა. ეს აქტივობები საჭიროებს სხვადასხვა უწყების მხრიდან კოორდინირებულ მუშაობას.


სწორედ ამიტომ საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. ამ საბჭოს ფარგლებში მუშავდება სამოქმედო გეგმები და ხდება მათი პრაქტიკაში შესრულების მონიტორინგი. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებით ანგარიშში ასახულია, რომ საკმაოდ ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციებს, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში გრძელდება აქტიური მუშაობა, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ამ კომისიის ანგარიშში აისახა, სრულად შესრულდეს“. 

 

ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ უწყებათაშორისი საბჭო დაამუშავებს ყველა რეკომენდაციას. მისი ინფორმაციით, ყველა უწყება მზად არის ბოლომდე შესრულდეს რეკომენდაციები. რაც შეეხება მსხვერპლის დაცვას, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ამ კუთხით საქართველოში მოქმედებს „გამართული რეფერალური სისტემა, მსხვერპლთან კონტაქტიდან დაწყებული, უშუალოდ მისთვის სტატუსის მინიჭებისა და სახელმწიფოს დახმარების ჩათვლით. არსებობს დეტალურად გაწერილი, ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული გეგმები – ტრეფიკინგის მსხვერპლს აქვს შესაძლებლობა ითანამშრომლოს ან არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიუხედავად იმისა, ის ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან, თუ მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრები დაადგენენ, რომ ის მსხვერპლია, მიენიჭება სტატუსი“, – ამბობს ბექა ძამაშვილი.

 

სტატუსს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი ჯგუფი ანიჭებს. სტატუსის მინიჭების შემდეგ სახელმწიფო ფონდი ერთვება და სთავაზობს სერვისების ჩამონათვალს, როგორიცაა: იურიდიული, ფსიქოლოგიური კონსულტაცია. ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება ათასი ლარის ოდენობით. საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლი განთავსდება თავშესაფარშიც.
ოფიციალური ინფორმაციით, თავშესაფარი საქართველოში სულ ორია – ერთი თბილისში, მეორე – ბათუმში. თითოეული თავშესაფარი გათვლილია 10-12 ბენეფიციარზე. ორივე თავშესაფრით გასულ წელს სულ 14-მა ადამიანმა ისარგებლა. თავშესაფარში ცხოვრების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამი თვით. შემდეგ ფასდება ბენეფიციარის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის უფროსი ბინადრობის ვადას აგრძელებს.


მსხვერპლის მიერ თავშესაფრის დატოვება შესაძლებელია ვადის ამოწურვამდეც, თავად მსხვერპლის სურვილითა და გადაწყვეტილებით. თავშესაფარში მიიღება პირი, რომელსაც აქვს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი და სურვილი, განთავსდეს თავშესაფარში. ტრეფიკინგის მსხვერპლი არ მიიღება თავშესაფარში, თუ მისგან არსებობს პოტენციური რისკი სხვა ბენეფიციარებისთვის, მაგალითად, თუ დაავადებულია ტუბერკულოზით ან სიფილისით.
ბექა ძამაშვილი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ანგარიშის დროს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება, საქართველოს მთავრობას ყველა რეკომენდაცია შესრულებული ექნება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლითაც ისარგებლებენ.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გასულ 2014 წელს საქართველოში სულ ტრეფიკინგის 13 ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამ სტატისტიკაში არაა ასახული 24 წლის სარა, რადგან ის მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთისა და ყალბი პირადობის მოწმობის ბრალდებით გაასამართლეს. მის განაჩენში ნახსენები არაა ის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლია.

 

რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: გადახედოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებას, კერძოდ, არსებული თავშესაფრების მოწყობასა და საქმიანობას. უზრუნველყოს, მათი საჭიროებების ადეკვატურად დაკმაყოფილება, ვისაც თან ახლავს ბავშვები. გადახედოს ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას, რომ ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა იდენტიფიცირებული და შესაძლო მსხვერპლისთვის. გადახედოს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის სტატუსს, მანდატს და უფლებამოსილებას, რომ მან შეძლოს შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირება და ჰქონდეს მსგავს დარღვევებზე რეაგირების უნარი. საქართველოს მთავრობას დაევალა გადადგას ნაბიჯები ყველა სახის ექსპლუატაციის პროაქტიული, დაზვერვის მასალებზე დაფუძნებული უფრო ინტენსიური გამოძიების საწარმოებლად. შეიმუშავოს მკაცრი მიდგომა მათ წინააღმდეგ, ვინც სარგებლობს კომერციული, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ქალების ტრეფიკინგით.


გადახედოს და გააუმჯობესოს ამ სფეროში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციებიდან მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რომ უკეთ განისაზღვროს ტრეფიკინგის მსხვეპლთა რაოდენობა, სქესი, ასაკი, ეროვნება და ექსპლუატაციის ტიპი. გადახედოს და გადაახალისოს სხვადასხვა ცხელი ხაზები იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი შეტყობინებების მიღება საზოგადოებისა და მსხვეპლების მხრიდან. გაიზარდოს კავშირები და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც `ევროპოლის~ მიერ მიჩნეულნი არიან როგორც ტრეფიკინგის ძირითადი დანიშნულების ადგილები და წყაროები, ესენია: თურქეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: