მთავარი,სიახლეები

კოკი თხილაიშვილი გულშემატკივარს სტადიონზე უხმობს – გადამწყვეტი თამაში ბათუმში, 16 დეკემბერს

13.12.2017 • 6578
კოკი თხილაიშვილი გულშემატკივარს სტადიონზე უხმობს – გადამწყვეტი თამაში ბათუმში, 16 დეკემბერს

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“, შაბათს, 16 დეკემბერს, რაგბი არენაზე რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. მატჩის შედეგი განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა გუნდი ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფში. გუნდის შესაძლებლობებზე  გთავაზობთ ინტერვიუს “ბათუმის” მორაგბე გიორგი [კოკი]  თხილაიშვილთან. გიორგი ასევე  თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

გიორგი, რატომ არის „ბათუმისთვის“ მნიშვნელოვანი „ტიმიშოარა სარასენსთან“ დაგეგმილი შეხვედრა?

16 დეკემბერს გვაქვს ამ ტურის ბოლო თამაში, რომელიც გადაწყვეტს, გადავალთ შემდეგ ტურში თუ ვერა. ცხადია, გვინდა შემდეგ ტურში გადავიდეთ და უფრო ძლიერ გუნდებს შევხვდეთ.  უფრო ზევით და ზევით ავიდეთ და ევრო ჩემპიონატის თამაშები ვითამაშოთ. ეგ მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს. თან, გვინდა ხალხს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ვითამაშოთ. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი. ვშრომობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ.

რამდენად არის გუნდი მზად თამაშისთვის?

გუნდი მზადაა თამაშისთვის. დღეიდან [12 დეკემბრიდან] დავიწყეთ 16-ის თამაშისთვის მომზადება. დღეს ფიზიკურად დაღლილები ვართ – 80 წუთი ვითამაშეთ. გარდა ამისა, ნამგზავრები ვართ და ვისვენებთ. ვარჯიშის დროს უფრო ტაქტიკას ვაქცევთ ყურადღებას – სიარულით ვაკეთებთ ახალ კომბინაციებს, რისი დაპირისპირებაც გვინდა რუმინეთისთვის, ქულები რომ გავაკეთოთ. ხვალიდან დაიწყება 100 %-ით მზადება.

შაბათის თამაშამდე როგორ მოვიდა გუნდი?

საკმაოდ რთული თამაშები გვქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე რთული თამაში 16 დეკემბერს გვექნება და მაგისთვის კიდევ ასმაგად, ათასმაგად უნდა მოვინდომოთ, ოფლი და სისხლი დავღვაროთ. მე მგონი, შაბათს ბათუმის გუნდი გაიმარჯვებს.

გარდა იმისა, რომ თამაშობთ კლუბში, ასევე ხართ ეროვნულ ნაკრებში. როგორ ანაწილებთ დროს კლუბსა და ნაკრებს შორის?

ეგ ძალიან რთულია. სულ გზაში მიწევს ყოფნა. ორ დღეს თბილისში უნდა ვივარჯიშო, დანარჩენი დღეები აქ უნდა ვიყო, ბათუმში. ოთხი წელი გავიდა უკვე, რაც ასე ვარ. ძალიან ვწვალობ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.

როგორც ვიცი, გქონდათ შემოთავაზება სხვადასხვა კლუბიდან. რას აპირებთ?

ოთხი წელი ვთამაშობდი თბილისის „არმიაში“. მაშინ ბათუმის გუნდი იყო პირველ ლიგაში და პირველ ლიგაში ვერ განვვითარდებოდი ისე, როგორც მინდოდა. ამიტომ წავედი უმაღლეს ლიგაში და უკეთეს გუნდში. მერე, როცა ბათუმის გუნდი ფეხზე დადგა და შეიკრა, რა თქმა უნდა, ჩემს ქალაქში დავბრუნდი. მინდა ჩემი ქალაქის სახელი შორს გავიდეს. იქაურ შემოთავაზებებზე დათანხმებას არ ვაპირებ.

საერთაშორისო ასპარეზზე რა ხდება? მახსოვს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ აპირებდით უცხოურ კლუბში წასვლას…

არ ვიცი. ჯერჯერობით, რაღაცები არ გამოდის. ათასი ფაქტორია. ზოგს რა მოსწონს, ზოგს რა არ მოსწონს. ზოგს ინგლისური უნდა, რომელიც ვისწავლე და ახლა სხვა პრობლემაა. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უნდა გაგიმართლოს სპორტულ კარიერაში. იღბალი უნდა გქონდეს. ბრიტანეთში რომ მიდიხარ, იქ ინგლისური გჭირდება და მაგიტომ დამავალეს, რომ ინგლისური ისწავლეო. როცა უკვე გავაუმჯობესე ჩემი ინგლისური, გამოჩნდა რაღაც გუნდები, მაგრამ მერე პირობები არ მომეწონა. თან შედარებით დაბალი, მეორე დივიზიონი იყო… მერე ოჯახი შევქმენი, შვილი… და ვეღარ მოვახერხე. თუმცა კიდევ მაქვს დრო, რომ წავიდე. ვნახოთ.

კონტინენტის ფარის მოგების შემთხვევაში მოხვდებით ჩელენჯ ქაფზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ბათუმური გუნდისთვის იქ მოხვედრა?

„ჩელენჯ ქაფი“ არის ძალიან მაღალი დონე. ევროპის ლიგას თამაშობ და საუკეთესო გუნდებს ეთამაშები. მაგარ გუნდებთან ერთად გადიხარ, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ. მაგარია. ძალიან ვითარდები, თან მთელი მსოფლიო გიცნობს.

შაბათის მატჩს რომ დავუბრუნდეთ, როგორია გუნდის შემართება?

შაბათისთვის საბრძოლო განწყობას ვიქმნით. შაბათს გამოჩნდება ჩვენი ხასიათი და ვაჟკაცობა. წავაგებთ, მოვიგებთ მაგას მნიშვნელობა არ ექნება. მთავარია, ჩვენი ვაჟკაცობა ვაჩვენოთ მოედანზე. ანგარიში როგორც იქნება, ისე იქნება. ჩვენ არ უნდა წავაგოთ არც ერთ შემთხვევაში. ჯერ იმიტომ, რომ დავრწმუნდეთ – მაგრები ვართ, მერე ჩვენი მაყურებლისთვის, ოჯახის წევრებისთვის, უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ყველაფერი შეგვიძლია.

ძალიან ბევრს ნიშნავს მაყურებლის ფაქტორი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მე-16 მოთამაშეა ჩვენი მაყურებელი და ძალიან დიდ ენერგიას და ძალას გვმატებს. ყველას ვთხოვ, რომ მოვიდნენ.  დასვენების დღეა და თუ მოვლენ, ძალიან გაგვახარებენ. ჩვენც ანალოგიურად გავახარებთ და ერთად აღვნიშნავთ ამ გამარჯვებას.


 

არჩილ ალიქაძე, გიორგი [კოკი] თხილაიშვილი და ზურა ერისთავი ვარჯიშის შემდეგ ბათუმი რაგბი არენაზე

ამავე თემაზე: ბათუმელი მორაგბეები გადამწყვეტი მატჩის წინ – თამაში 16 დეკემბერს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: