მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმელი მორაგბეები გადამწყვეტი მატჩის წინ – თამაში 16 დეკემბერს

13.12.2017 • 3006
ბათუმელი მორაგბეები გადამწყვეტი მატჩის წინ – თამაში 16 დეკემბერს

16 დეკემბერს, ბათუმის რაგბი არენაზე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც თამაში ბათუმში იმართება, მესამე დონის ევროტურნირია. თუ თამაშს „ბათუმი“ მოიგებს, ამ გამარჯვებით ფლეი ოფში მოხვდება და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

იტალიიდან დაბრუნებული მორაგბეები, ძალების აღდგენას ცდილობენ და ბათუმი რაგბი არენაზე ინტენსიური ვარჯიშით, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადებიან. 

„ბათუმმა“ 9 დეკემბერს იტალიური კლუბ „ვიადანასთან“ შეხვედრა 27:31 ანგარიშით დამთავრდა, „ვიადანას“ სასარგებლოდ. „ბათუმის“ მოთამაშეები წაგების მიზეზებზე საუბრობენ.

„პირველი  გუნდი ვართ ბათუმიდან, რომელიც ამ ჩემპიონატზე გადის. ისტორიას ვწერთ.  რაღაც ნიუანსები არის, მაგრამ იმედია გავიმარჯვებთ. ორჯერ ვითამაშეთ იტალიურ გუნდებთან – „როვიგოსთან“ და „ვიადანასთან“. პირველ ტაიმში ორივეჯერ, ორივე გუნდი დავამარცხეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ეს უპირატესობა ვეღარ შევინარჩუნეთ. როცა ამხელა უპირატესობას უკეთებ გუნდს და მეორე ტაიმში ვერ ინარჩუნებ, ეს უკვე პრობლემაა და ამის გამოსწორებას შევეცდებით ამ კვირაში, რომ მომდევნო თამაშზე, რასაც შევქმნით, ბოლომდე შევინარჩუნოთ“, –  ამბობს მორაგბე ზურა თუთბერიძე.  

„იტალიაში ტექნიკური ხარვეზის გამო დავთმეთ თამაში.  19 ქულით ვუგებდით პირველ ტაიმს, შემდეგ ისე წავიდა თამაში, რომ თავის გადარჩენაზე ვიყავით და მაინც ვერ შევინარჩუნეთ. წავაგეთ. ტექნიკური ლელო დაგვიდეს. ახლა ორმაგად მოტივირებული ვართ. ჩვენთან ჩამოდიან. ჩვენს სახლში. აქ ვაჩვენებთ, რომ ტყუილად, იოლად მოსაგებად აქ ვერავინ ვერ ჩამოვა და მაგარ ბრძოლას გავაჩაღებთ. თამაშის წაგების შემდეგ იმაზეც დაიწყო ლაპარაკი, ღირსები ვართ თუ არა ჩვენ კონტინენტის ფარზე გამოსვლი. შაბათს დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად ვართ ღირსები. ჩვენ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის სახელს ყოველთვის დავიცავთ“, – ამბობს მორაგბე ჯონდი კორტავა.

სარაგბო კლუბი “ბათუმი” 16 დეკემბრის მატჩისთვის ბათუმის რაგბი არენაზე ემზადება ფოტო: მანანა ქველიაშვილი 12/12/2017

 

როგორი შემადგენლობით გამოვა გუნდი რუმინელებთან საასპარეზოდ, ჯერ ცნობილი არ არის.

„ისეთი სიტუაცია გვაქვს კლუბში, აქ გარანტირებული ადგილი არავის არა აქვს. ანდერძითაც არავის არ უწევს შემადგენლობაში თამაში. ვინც უკეთეს კონდიციაში იქნება, ის ითამაშებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა.

ევროპული რაგბის კონტინენტის ფარში სულ რვა გუნდი მონაწილეობს. ბათუმი „ბ“ ჯგუფში ასპარეზობს, რომელ ჯგუფშიც ორი იტალიური  –  („კალვიზანო“ და „პეტრარკა“)  და ერთი პორტუგალიური („ლიშბოა“ ) გუნდია.  

მოწინააღმდეგე „ა“ ჯგუფის შემადგენლობა კი ასეთია  – „როვიგო“ (იტალია), „ვიადანა“ (იტალია) „ჰაიდელბერგი“ (გერმანია) და „ტიმიშოარა-სარასენსი“ (რუმინეთი). „ბათუმს“ „ბ“ ჯგუფში ყველაზე მაღალი, 8 ქულა აქვს. თუმცა ფლეი ოფში მოსახვედრად შაბათს „ტიმიშოარა სარასენსთან“ გამარჯვება სჭირდება.

16 დეკემბერს დაგეგმილ თამაშზე დასწრება უფასოა. მატჩი ბათუმი რაგბი არენაზე 15:00 საათზე დაიწყება.

სარაგბო კლუბი “ბათუმი” 16 დეკემბრის მატჩისთვის ბათუმის რაგბი არენაზე ემზადება ფოტო: მანანა ქველიაშვილი 12/12/2017

 

სარაგბო კლუბი “ბათუმი” 16 დეკემბრის მატჩისთვის ბათუმის რაგბი არენაზე ემზადება ფოტო: მანანა ქველიაშვილი 12/12/2017

გადაბეჭდვის წესი