მთავარი,სიახლეები

სად დავიკარგე!

13.12.2017 • 4764
სად დავიკარგე!

გენო გელაძე, მართვის კომპანია GGM-ის დამფუძნებელი 

ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, სად დავიკარგე, რატომ აღარ ვჩანვარ მედიაში, გავაუქმე ფეისბუქი, აღარ ვერთვები სამოქალაქო ღონისძიებებში…

საქმე ისაა, რომ დღე-ღამეში 16-18 საათს ვუთმობ სამუშაოს, რომელიც ძალიან მიყვარს და სადაც იდეების განხორციელების შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს. ეს სამუშაო მენეჯმენტის სფეროა, უფრო ზუსტად კი, კრიზისში მყოფი პროექტებისა და კომპანიების მართვა.

მართვის სფეროში 2003 წლიდან ვარ. ბოლო წლებამდე ეს საქმე, ძირითადად, სამოქალაქო ორგანიზაციისა და პროექტების  მართვას მოიცავდა. უკვე რამდენიმე წელია ბიზნესის მართვით, კრიზისული სიტუაციების მოგვარებით და ისეთი საკითხების გადაწყვეტით დავინტერესდი, რომელსაც ბევრი უპერსპექტივოდ მიიჩნევდა. თანამოაზრეები შემოვიკრიბე. რამდენიმე პროექტი ნულიდან დავიწყეთ და მართვის სისტემები ავაწყვეთ.

ამ ამოცანის მარტო დაძლევა შეუძლებელია. ერთი წლის წინ მართვის კომპანია (GGM) დავაფუძნე. მაშინ მარტო ვიყავი, ახლა კი კომპანიაში ძლიერი გუნდია. ჩვენი მართვის ქვეშ სხვადასხვა მიმართულების პროექტი და კომპანიაა. 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა 120-ზე მეტია და ვამაყობ ამით. ეს მხოლოდ 1 წლის შედეგია.

ამავდროულად ვრჩები დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელ საბჭოში (ჯერ ისევ საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა რამდენიმე კვირაში მხოლოდ საბჭოს წევრის სტატუსი მექნება). მიხარია, რომ დემოკრატიის ინსტიტუტი განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. ის არ არის ე.წ. „ერთი კაცის“ ორგანიზაცია. უფრო მეტიც, დემოკრატიის ინსტიტუტი ინსტიტუციურად შედგა და განაგრძობს განვითარებას. აქ უძლიერესი გუნდი შეიკრიბა და ეს აისახა კიდეც ორგანიზაციის მუშაობის ხარისხზე. მე, როგორც საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ჩემს წვლილს აუცილებლად შევიტან დემოკრატიის ინსტიტუტისთვის დაფინანსების მოძიებისა და გაძლიერების საქმეში.

ბევრჯერ მოვისმინე იმის შესახებ, რომ სამუშაოდ თითქოს საჯარო სამსახურში გადავდიოდი. ეს ასე არ არის. არა იმიტომ, რომ ეს ცუდია, პირიქით, საჯარო სამსახურებში ძალიან ბევრი პროფესიონალი უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს და მათი შრომა ფასდაუდებელია. უბრალოდ, მე ამ დრომდე არ მაქვს საჯარო სამსახურში მუშაობის, მათ შორის საჯარო ინსტიტუციების მართვის ინტერესი.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები. გვინდა, რომ მართვის სფეროში დავნერგოთ ახალი სტანდარტები, გავაძლიეროთ გასაჭირში მყოფი კომპანიები, მოვაგვაროთ კრიზისული სიტუაციები, განვახორციელოთ ინოვაციური პროექტები, საჭიროებისამებრ ვიყოთ მედიატორები და ლობისტები, მოვიძიოთ დაფინანსება (სესხი, გრანტი, ინვესტიცია) ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროებიდან.

ძალიან ბევრი კვლევა ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ რა საჭიროება აქვს ბიზნესს, რა აწუხებს საზოგადოებას და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მართვის კომპანიის (GGM) შექმნა.

ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ბიზნესსექტორი და გავაუმჯობესოთ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: