მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმში სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

13.12.2017 • 3661
ბათუმში სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის ინფორმაციით, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე ელექტრონული ტენდერი შესაძლოა მიმდინარე თვეში გამოცხადდეს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის იანვრისა.

„სტადიონის“ დირექტორის ინფორმაციით, მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება მიმდინარე კვირაში გაფორმდება. „გამარჯვებულ კომპანიას სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ დროისთვის წარმოდგენილი აქვს,“ – აცხადებს სულხან ხალვაში.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა „ანაგი“. როცა კომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, ამის შემდეგ გამოჩნდება მონაწილეობდა თუ არა 101,7 -მილიონიან ტენდერში სხვა კომპანია.

„ანაგი“ სტადიონს  99 მილიონ 448 ათას 549 ლარად ააშენებს.


სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველზე შპს „სტადიონმა“ შესაბამისი ტენდერი აქამდე ოთხჯერ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარი იყო. „სტადიონს“, ტენდერების მიმდინარეობის პროცესში, დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს. საბოლოოდ „სტადიონმა“ ზედამხედველი ვერ შეარჩია და ტენდერი, სატენდერო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის ოქმით, შეწყდა.

რამდენი იქნება სატენდერო თანხა ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში? – „სტადიონში“ აცხადებენ, რომ ეს ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, ვინაიდან გარკვეული დეტალები ამ დრომდე განიხილება.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ტექნიკური ზედამხედველის შერჩევა არ დაგვიანდება, ვინაიდან ტერიტორიაზე, სადაც საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს, მოსამზადებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი და „მშენებლობა უცებ არ დაიწყება“.

ამავე თემაზე:

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: