მთავარი,სიახლეები

სოფელ ჩიქუნეთში უსინათლო მოხუცი შეშის გარეშე დატოვეს

11.12.2017 • 2797
სოფელ ჩიქუნეთში უსინათლო მოხუცი შეშის გარეშე დატოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები შშმ პირის, ჰაიდარ გორაძის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მათ საზამთროდ შეშა არ მიუღიათ.

თამილა გორაძის თქმით, შეშის ლიმიტი ყოველწლიურად განსაზღვრულია, თუმცა  მათ ყოველ წელს საკუთარი სახსრებით უწევთ შეშის შეძენა. „მამაჩემი არის პირველი  ჯგუფის შშმ პირი და მას სჭირდება დახმარება. მე რამდენჯერმე მივმართე სოფლის გამგეობას და ვთხოვე, მოეტანათ მისთვის შეშა, მაგრამ არ მოგვიტანეს.

ჯერ გვითხრეს, რომ უკვე დაგვიანდა, გზა არ არისო, შემდეგ გვითხრეს, შეშის ლიმიტი ამოიწურაო, იძულებული ვიყავით საკუთარი სახსრებით გვეყიდა შეშა,“-გვეუბნება თამილა გორაძე.

„ბათუმელები“ სოფლის გამგებელს, მიხეილ ქოქოლაძესაც ესაუბრა. გამგებლის თქმით, ჰაიდარ გორაძესთან შეშის მიტანა დაუგვიანდათ, თუმცა უშეშოდ არ დატოვებენ. „სოფელში ყველა მომარაგებულია, მხოლოდ ეს ადამიანი დაგვრჩა, დაგვიგვიანდა შეშის მიტანა, მაგრამ მივუტანთ აუცილებლად. 5 კუბურ მეტრამდე შეშას მაჭახლის ეროვნული პარკი  მიუტანს. გზები არ იყო აქამდე და ვერ მოვახერხეთ ტყიდან გამოტანა,“- გვითხრა მან.

მიხეილ ქოქოლაძის თქმით, ჰაიდარ გორაძე სოფელში ერთადერთი შშმ პირია, თუმცა შეშას ყოველთვის საკუთარი სახსრებით ყიდულობდა. „ჩვენ  მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ მოგვმართოს, მოვნიშნავთ და თავის მიწაზე მივცემთ საშეშე მასალის დამზადების უფლებას“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: