მთავარი,სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: შვიდი დაშავებულიდან ორმა კლინიკა დატოვა

10.12.2017 • 2377
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: შვიდი დაშავებულიდან ორმა კლინიკა დატოვა

დღეს, 10 დეკემბერს, ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია –  განცხადებას აჭარის ჯდანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში ხუთი პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი -ერთი წლის და შვიდი წლის. ხოლო შემთხვევის ადგილიდან ორმა მოქალაქემ კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა.

დაშავებულები მოინახულა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

მინისტრის განმარტებით, ორმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ჩაუტარდებათ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევები.

შედარებით მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას დამწვრობა და ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნება. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, სწორედ ამ ქალის ბინაში მოხდა აფეთქება.  აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა).

გადაბეჭდვის წესი