მთავარი,სიახლეები

ბულვარის ადმინისტრაცია: პლაჟი და ბულვარი ორ-სამ დღეში მთლიანად დასუფთავდება

09.12.2017 • 1773
ბულვარის ადმინისტრაცია: პლაჟი და ბულვარი ორ-სამ დღეში მთლიანად დასუფთავდება

შავ ზღვაზე ბოლო დღეებში განვითარებულმა შტორმმა დააზიანა და დაანაგვიანა ბათუმის პლაჟი და ბულვარის ნაწილი სანაპიროს გასწვრივ. ბულვარში, განსაკუთრებით ახალ ბულვარში, სასეირნო ბილიკები ამ დრომდე დაულაგებელია, ბილიკის გასწვრივ კი შეშა და დიდი ქვები – ძირითადად დანგრეული შენობების ნარჩენებია ალაგ-ალაგ თავმოყრილი.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დასუფთავებაზე ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ „სანდასუფთავებასთან“, რომლის თანამშრომლები დღეს დილიდან მუშაობენ ანბანის კოშკის მიმდებარედ და დღის მეორე ნახევარში გადავლენ ახალ ბულვარში.

„რაც შეეხება დიდ ქვებს. ისინი მე შევაგროვებინე და ამოვატანინე პლაჟიდან. ისინი დისკომფორტს უქმნის დამსვენებლებს სეზონზე. შეშას და ნატეხებს „სანდასუფთავება“ გაიტანს ხვალიდან, ხოლო ქვებს ორშაბათს გავიტანთ ჩვენი ძალებით. შესაძლოა ბულვარის ბოლოში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები რომ მიმდინარეობს, იქ მივიტანოთ. წელს, ზაფხულში ასეთი დიდი ქვები, 25 მანქანა გავიტანეთ. 2-3 დღეში ბულვარი და პლაჟი მთლიანად დასუფთავდება“ – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ეთერ მაჭუტაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 დეკემბერს, კვირას, აჭარაში ამინდი უმეტესად უნალექო იქნება, 11 დეკემბერს, ორშაბათს კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: