80 500 ლარად აჭარის მთავრობა პიკაპს იყიდის

აჭარის მთავრობის აპარატი „სპეციალიზებული კლასის – პიკაპის ტიპის ავტომობილს შეიძენს, ე.წ „კანოპით“ [ბორტის სახურავი] და საბარგულის ჩასაფენით“. ავტომობილის შესაძენად ბიუჯეტიდან 80 500 ლარია გამოყოფილი და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოცხადებულია.

ავტომობილი, ტექნიკურ მახასიათებლებთან და სხვადასხვა პირობებთან ერთად, უნდა იყოს ახალი, 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ამასთან, ავტომობილის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმების) ხარჯების ჩათვლით.

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა. ელექტრონული ტენდერი ამა წლის 18 დეკემბერს დასრულდება.

აჭარის მთავრობის აპარატს კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული სედანის შესაძენად, სადაც სატენდერო თანხა 48 700 ლარია. ამ ტენდერშიც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 16 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com