მთავარი,სიახლეები

ბავშვების გამოუცხადებლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდა

08.12.2017 • 2149
ბავშვების გამოუცხადებლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდა

მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს,  რაც შეეხება სკოლებს, ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის სასწავლო პროცესი მხოლოდ ექვს სკოლაში მიმდინარეობს.

სასწავლო პროცესი შეწყდა ქედის მუნიციპალიტეტის  ხარაულის საჯარო სკოლაში. ქედის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, სოფელ ხარაულაში ქარბუქი იყო და მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადდნენ. ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა ქედის შვიდ ბაღში – ხარაულის, მერისის, წონიარისის, ვაიოს, ახოს, დანდალოსა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ სასწავლო პროცესი 28 სკოლაში არ მიმდინარეობს. ათი საბავშვო ბაღიდან ბავშვები მხოლოდ დაბა შუახევისა და ხიჭაურის ბაღებში გამოცხადდნენ.

ამ დროისთვის აჭარის მთიანეთში ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი ხულოს დაბალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი 1,5 მეტრს აჭარბებს. დაბა ქედაში თოვლის საფარის სიმაღლე 10-15 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი, 70 სანტიმეტრს აღემატება.

მთავარ ფოტოზე: ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები, 2016 წლის 10 დეკემბერი, ფოტო: არჩილ კახაძე/ „ბათუმელების“ არქივი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: