ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის დღევანდელი, 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ანაგი“ გამოვლინდა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად.

შპს „სტადიონის“ განცხადებით, დახურულ [აუქციონის გარეშე] ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი „ანაგმა“ დააფიქსირა. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ  700 ათასი ლარი იყო, კომპანიამ კი ფასი 99 მილიონ 448 ათას 549 ლარამდე დაწია. მიიღეს თუ არა სხვა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა, ეს, როგორც შპს „სტადიონში“ განმარტეს, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად შპს „სტადიონს“ 2017 წლის 22 დეკემბრამდე უნდა მიმართოს და პარალელურად წარადგინოს „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი გარანტია“.

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ტენდერის დასრულების დღესვე, კომენტარი გააკეთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ:

„რამდენიმე წუთის წინ რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი დასრულდა. ტენდერი შედგა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპი, რომლის შემდეგაც გაირკვევა ვინ არის გამარჯვებული. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დაიწყება ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი – პროექტი, რომელსაც საზოგადოება ასეთი დიდი ინტერესით ელოდება“.

შპს „ ანაგი“  1995 წელს დაფუძნებული სამშენებლო კომპანიაა. კომპანიის ასივე პროცენტს ფლობს ნანა აროშიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ზაზა გოგოტიშვილის მეუღლეა.


შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალურად შექმნა ახალი საავადმყოფოსა და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით. ამ კომპანიას დაევალა ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.

შპს „სტადიონი“ სამინისტრომ მას შემდეგ შექმნა, რაც სტადიონის პროექტირებაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან სამინისტრომ კონტრაქტი შეწყვიტა.

2015 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდებოდა. სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საავადმყოფოს მშენებლობა [რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით] მიმდინარეობს. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საკითხი, დროში საკმაოდ გაჭიანურდა? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა, სულხან ხალვაშმა 4 თვის წინ განაცხადა, რომ სტადიონის პროექტმა ექსპერტიზა გაიარა, თუმცა საჭირო გახდა ამ პროექტის სპეციალური ადაპტაციის გავლა: „სამხარაულის ბიუროს“ მიერ პროექტი ადაპტაციის პროცესს გადის. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება [პასუხს ველოდებით უახლოეს დღეებში] უკვე მზად გვექნება პროექტის საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი, შესაბამისად, გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობაზეც.“

რაც შეეხება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს, ის შპს „სტადიონმა“ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. „სტადიონს“ ტენდერების მიმდინარეობის პროცესში დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com