მთავარი,სიახლეები

მოსაცდელი სამშენებლო მოედანზე

28.12.2017 • 3232
მოსაცდელი სამშენებლო მოედანზე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული მოსაცდელი თითქმის ერთი თვეა სამშენებლო მოედნის ღობის შიგნითაა მოქცეული. სამშენებლო ტერიტორიაზე აღმოჩნდა ტროტუარის ნაწილი, რომელიც მოსაცდელთან მთლიანადაა გადაკეტილი და ქვეითებს ავტომობილების სავალ ნაწილზე მოუწევთ გადაადგილება.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ მათ კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“-მა მიმართა გაჩერების ადგილმონაცვლეობაზე წერილით. „გაჩერებების ადგილებს აღნიშნულ მონაკვეთში მერია ადგენს, მოსაცდელის კონსტრუქციაც არ არის ჩვენს საკუთრებაში, ამიტომ, ვინაიდან საკითხი არ შედიოდა ჩვენს კომპეტენციაში, კომპანიის წერილი ქალაქის მერიაში გადავამისამართეთ,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით: „აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილება არ შეიზღუდება. საფეხმავლო ბილიკი მშენებლობის პერიოდში და მშენებლობის დასრულების შემდეგ – დარჩება. რაც შეეხება მოსაცდელს, ვინაიდან ტერიტორიის ირგვლივ დასახლებული პუნქტი არ არის და გაჩერებები დაახლოებით 50 მეტრში არის ერთმანეთისგან იქეთ-აქეთ [უნივერსიტეტთან და საზღვაო აკადემიასთან] სავარაუდოდ, შესაძლებელია ადგილმონაცვლეობაც და აღნიშნულ გაჩერებას გადაიტანენ სხვა ადგილზე“.

რატომ ვერ მოახერხა ბათუმის მერიამ მოსაცდელის [გაჩერების ადგილის] გადატანა, ვიდრე კომპანია შემოღობვას დაიწყებდა, ამაზე კონკრეტული პასუხი მერიისგან ვერ მივიღეთ. ბათუმში კი არაერთი გაჩერებაა, სადაც მოსაცდელები არ არის.

„ბათუმელებს“ კომპანია „ალმა“-ში [მოსაცდელის კონსტრუქცია მას ეკუთვნის] განუცხადეს, რომ 2-3 დღის წინ მიიღეს წერილი მერიისგან, რომლის საფუძველზეც მოსაცდელი ლერმონტოვის ქუჩაზე უნდა გადაიტანონ: „ველოდებით სპეციალურ მანქანას, რომლითაც უნდა მოხდეს კონსტრუქციის აღება და გადატანა. კონსტრუქციას უახლოეს დღეებში გადავიტანთ“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე კერძო კომპანია სასტუმროს ააშენებს.


საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორია [შოთა რუსთაველის N42 / ნინოშვილის N 39] კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო აკაკი სონგულია.

მოგვიანებით კომპანიის საფირმო სახელწოდებაც შეიცვალა ახლით – „ალიანსი ფრივილიჯით“. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიაში აკაკი სონგულია უკვე წილის 13%-ს ფლობს. ის ამ კომპანიის დირექტორიცაა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ: თემურ ბიწაძე, ავთანდილ გორგილაძე და ბესიკ ჟღენტი.

კომპანიაში გვითხრეს, რომ გაჩერების/მოსაცდელის საკითხი მერიის კომპეტენციაა, ხოლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ბრენდი გაუწევს სასტუმროს ოპერირებას, ასევე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, მოგვიანებით გაავრცელებენ.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მოსაცდელი სამშენებლო მოედნის შიგნით მოექცა / 7.12.2017 / როინ გუნდაძის ფოტო

ბათუმი, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მოსაცდელი სამშენებლო მოედნის შიგნით მოექცა / 7.12.2017 / როინ გუნდაძის ფოტო

ბათუმი, მოსაცდელი რუსთაველის ქუჩაზე / 28.12.2017 /

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: