მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

07.12.2017 • 1717
ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, სოფელ ტუნაძეებში ხანძრით დაზარალებულ რევაზ და ფრიდონ ხარაბაძეების ოჯახებს ხელისუფლება 10 000 ლარით დაეხმარება. რაც შეეხება მესამე, ზაურ ხარაბაძის ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლში დროებით სკოლა იყო განთავსებული და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ხულოს მერის თქმით, მერია ოჯახის მდგომარეობას სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება,თუ რა სახის დახმარებას მიიღებს ეს ოჯახი.

ხანძრით დაზარალებული ოჯახები 5 000 ლარს ხულოს მერიისგან,  5 000 ლარს კი აჭარის მთავრობისგან მიიღებენ.

„ხანძრით დაზარალებულ ორივე ოჯახს ფართობი იმავე სოფელში დავუქირავეთ, მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ფინანსური დახმარებით, დაზარალებულებს პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტი მივუტანეთ, სოლიდარობა გამოიჩინა სოფლის მოსახლეობამაც. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ფინანსური დახმარება რომ გავუწიოთ მათ, დოკუმენტაციას ვაგროვებთ. პირველ ეტაპზე 10 000 ლარს ის ორი ოჯახი მიიღებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ. რაც შეეხება მესამე ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი სასწავლო პროცესისთვის გამოიყენებოდა, ვსწავლობთ მის მდგომარეობას. კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ – განაცხადა ხულოს მერმა.

სამი საცხოვრებელი სახლი ღორჯომის ხეობის სოფელ ტუნაძეებში სამ დეკემბერს დაიწვა.მათგან ერთში დროებით სკოლა იყო განთავსებული და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

 

ამავე თემაზე: ხულოში სამი სახლი იწვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: