მთავარი,სიახლეები

„მე გადავწყვიტე, ატომური ბომბაც ვიხმაროთ“ – ბავშვები ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში

07.12.2017 • 9121
„მე გადავწყვიტე, ატომური ბომბაც ვიხმაროთ“ – ბავშვები ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში

გუშინ, 6 დეკემბერს, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „ნანუკას შოუ“, ტელეწამყვანს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა სტუმრად მიწვეული. ერთ-ერთი სტუმარი იყო მე-2 კლასელი გოგონა, რომელიც წამყვანთან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობდა. დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრის დროს ნანუკა ჟორჟოლიანსა და მე-2 კლასელ გოგონას შორის ასეთი დიალოგი შედგა:

ჟურნალისტი: „შენ როგორ გგონია, როგორ დავიბრუნებთ აფხაზეთს?“

გოგონა: „მე ესეთი იდეა მქონდა, ჩვენ მოვიპარავთ, შევიპარებით ჩუმად, ღამე და მოვჭრით ჩუმათ ნაწილებს და დავაბრუნებთ“.

ჟურნალისტი:  „და იქ რომ მტერი დგას და ჩვენ გვესვრის იარაღს?“

გოგონა:  „მე გადავწყვიტე ატომური ბომბაც ვიხმაროთ“.

ჟურნალისტი:  „ვიხმაროთ ატომური ბომბაც, თუ არ დაგვიბრუნებენ აფხაზეთს“.

გოგონა წამყვანს თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.

ჟურნალისტი:  „ისეთი თაობა მოდის, რუსეთი ძრწოდეს“, – აგრძელებს წამყვანი და მე-2 კლასელ გოგონას ისევ ეკითხება. „მოლაპარაკება რამდენად ღირს რუსეთთან?“

გოგონა:  „ეგ არ გამოვა, რადგან ბოროტი პრეზიდენტი ყავთ“.

„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მოზარდების მხრიდან ძალადობაზე და ბოლო დღეებია სულ ეს თემაა ფოკუსში, ჟურნალისტმა უნდა შეძლოს იმის გაცნობიერება, რომ მსგავსი თემის ტირაჟირება არ მოხდეს“, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგ მაია ცირამუა, რომელსაც „ბათუმელებმა“ სთხოვა შეფასება, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვებზე მედიის მხრიდან ძალადობის ტირაჟირება.

„ბავშვთა უფლებადამცველების სხვადასხვა ტიპის ანალიზებში, მოწოდებებში სახელისუფლებო წრეებისადმი, მედიისადმი არაერთხელ გახმოვანდა მოსაზრება, რომ ბავშვის ხმა უნდა ისმოდეს და ბავშვებთან დისკუსიაში უნდა შევიდეთ, ბავშვები უნდა გამოჩნდნენ, მათ უნდა ისაუბრონ ამ ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოწოდებაა. მაგრამ ჟურნალისტმა ბავშვის ასაკის შესაბამისად უნდა აარჩიოს თემა.

თუკი  ინტერვიუში არის ისეთი დეტალები, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში ზოგად ღირებულებებთან, შეიძლება იყოს ძალადობის პროპაგანდა და ასე შემდეგ, ჟურნალისტს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის თქმით, მედია ვალდებულია ყველა სტანდარტის, პროფესიული ნორმის დაცვით ეცადოს, არ გააშარჟოს თემა:

„რადგან ბავშვი ამბობს ამას და ბავშვი „საყვარელია“, ეს დამოკიდებულება მედიას არ უნდა ჰქონდეს. როცა ბავშვს ასეთ სერიოზულ თემაზე ესაუბრები, ბუნებრივია, ბავშვი არის გულწრფელი და მას აქვს უფროსებისგან მიღებული გარკვეული ინფორმაცია. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განუმტკიცო ბავშვს მტრის ხატი, მით უმეტეს, მტკიცებით ფორმაში დაეთანხმო და არანაირი ოპონირება არ გაუწიო, თუ ბავშვი იწყებს ლაპარაკს ატომურ ბომბზე,  თანაც ისეთ კონტექსტში, ისეთ სიტუაციაში, როდესაც რამდენიმე დღის წინ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა“.

მაია ცირამუას თქმით, როცა ქვეყნის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არის სამშვიდობო, მსგავსი ძალადობის ტირაჟირებას ჟურნალისტი არ უნდა ეწეოდეს.

„დაახლოებით ათი წლის წინ  ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა აფხაზეთიდან დევნილ თემთან, ვმუშაობდით იმ თაობასთან, რომელსაც ომი თვალით არ უნახავს, თუმცა ეს თაობა ცხოვრობდა იმ ისტორიებით, მითებით, რომელიც მათ მიიღეს წინა თაობებისგან.

მახსოვს, ბავშვებთან მოვაწყეთ ფილმის ჩვენება და შევახვედრეთ ერთ-ერთი აფხაზი. არასდროს დამავიწყდება როგორ თამაშობდნენ ისინი  ერთად საჰაერო ბუშტებით. ბავშვი არის ადვილად მიმღები. როგორც აწვდი, ისე იღებს და გულწრფელობასთან ერთად აქვს  მიტევების საოცარი უნარი. ბავშვი უნდა იყოს ყველაზე მთავარი მშვიდობის ელჩი. როცა ჩვენ ამ თემთან ვმუშაობდით, ბავშვებს დავავალეთ შეეგროვებინათ ისტორიები თავიანთი ოჯახის წევრებისგან, სადაც ასახული იქნებოდა აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობა – სული რომ გაგითბებოდა, ისეთი ისტორიები მოიტანეს“.

ფსიქოლოგის აზრით, აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის თემა არის ის საკითხები, რომლებსაც თუ სწორად არ მიაწვდი ბავშვს, შეიძლება გახდეს აგრესიული:

„როცა ბავშვი ლაპარაკობს ატომურ ბომბზე, მას შეიძლება  წარმოდგენა არ ჰქონდეს მასშტაბებსა და ზიანზე. ამიტომ ჟურნალისტს უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და უთხრას, როგორ აზიანებს მსგავსი ძალადობა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანების ჯგუფს, არამედ მთელ სამყაროს. რომ ატომური ბომბი არის ყველაზე ბოროტი გამოგონება ადამიანის, ამიტომ ამ ყველაფერზე საუბარს, მეტი პასუხისმგებლობა და ცოდნა სჭირდება“.

მაია ცირამუას აზრით, არ შეიძლება შოუს ელემენტად გადააქციო ბავშვი და არც ძალიან სენსიტიური თემა:

„მე ვყოფილვარ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებზე – სახალხო დიპლომატია, პროფესიულ თემთან შეხვედრები – ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც  ევროსაბჭო, ევროკავშირი, მაგალითად, იმისათვის იყენებს, რომ, ზოგადად, ძალადობრივი წერტილები ჩააქროს და გახსნას დიალოგი სხვადასხვა ასაკის, მათ შორის ახალგაზრდების მეშვეობით. ასეთ დროს ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ისაუბრონ არა ომზე, არამედ ლიტერატურაზე, მუსიკაზე. დაინახონ ერთმანეთი. ჩვენ აქეთ უნდა წავიდეთ და არა ბავშვები გავზარდოთ სიძულვილით“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: