მეფუტკრეობა – ყოფილი პატიმრის მთავარი საქმე

2016 წლის დეკემბერში გათავისუფლდა საპატიმროდან, შეფარდებული აქვს სამი წლით პირობითი სასჯელი. სანამ დააკავებდნენ ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. გათავისუფლების შემდეგ კი მართვის მოწმობა ჩამოერთავა და 66 წლის ასაკში შემოსავლის ახალ წყაროზე დაიწყო ფიქრი.

პრობლემებსა და სირთულეებზე ლაპარაკი მისთვის უცხოა. ციხის წლებზეც კი ისე საუბრობს, თითქოს ეს პერიოდი მისთვის რაღაცის მომცემი იყო – „დავაშავე და დამიჭირეს“. აბა სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ, გარეთ რომ დავრჩენილიყავი, შეიძლება მავნე ჩვევას გადავყოლოდი და თავი ვერ დამენებებინა. იქ მივხვდი, რომ ნარკოტიკის გარეშეც შეიძლება და ფხიზლად ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე ილუზიებით. გამოსვლის მერე ვფიქრობდი რა მეკეთებინა, რა მომეფიქრებინა ოჯახის მისახედად“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ავტომობილის მართვის უფლება დროზე ადრე აღუდგინეს. ახლა თანხას აგროვებს, რომ მანქანა იყიდოს, მაგრამ ვიდრე ამ უფლებას მიიღებდა, ახალი საქმის წამოწყების იდეა გაუჩნდა: სოფლის მეფუტკრეებს დაუმეგობრდა და თვითონაც ისწავლა ფუტკრის მოვლა. თავიდან მხოლოდ ოთხ სკას უვლიდა, მერე ფუტკრის ოჯახი გაამრავლა და სულ მალე ოთხი სკა რვად იქცა.

მეფუტკრეობაზე გატაცებით ყვება. თან ამაყობს, რომ 66 წლის ასაკში აუღო ალღო საქმეს, რომელიც აქამდე არასდროს უკეთებია. ზუგდიდის სოფელში, სადაც ცხოვრობს, სულ ოთხი მეფუტკრეა, ოთხივე გაიცნო და დაუმეგობრდა. გვეუბნება, რომ თუ ფუტკრის მოშენება სურს ადამიანს,  ამ საქმის მარტო დაწყება არ ღირს, აუცილებლად უნდა ჰკითხო რჩევა გამოცდილ მეფუტკრეებს და გაითვალისწინო მათი გამოცდილებაც. თანაც თუ მეფუტკრეები ერთმანეთს იცნობენ, შრომა მსუბუქდება: წაბლის ყვავილობისას, როცა ფუტკარი ზუგდიდიდან სვანეთში მიჰყავს ერთ-ერთ მათგანს, საკუთარის გარდა სხვების სკებიც მიაქვს და უვლის. ყოველ სეზონზე მორიგეობენ, ერთმანეთს ენდობიან და იციან, რომ ერთმანეთის ფუტკარს, თაფლს, თვალის ჩინივით გაუფრთხილდებიან.

ფუტკრის მოვლას აღჭურვილობა და სპეციალური ხელსაწყოების სჭირდება. სანამ ყველაფერს შეიძენდა, მაგალითად თაფლის საწურით ნაცნობი მეფუტკრეებისგან სარგებლობდა. მერე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ „ყოფილ პატიმართა გაძლიერების პროექტის“ შესახებ შეიტყო, პროექტი დაწერა და ახლა საკუთარი საწური აქვს. სხვას რომ დასჭირდეს, უკვე მასაც შეუძლია დამწყები მეფუტკრეების დახმარება.

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და საშინაო საქმეებთან ერთად შშმ მეუღლეს უვლის. კერძებს ამზადებს, ალაგებს სახლს, დიდ ეზოში სხვადასხვა ჯიშის ვარდს ახარებს, დილით ექვს საათზე დგება.

ყოფილი პატიმრის დღე სკების შემოწმებით იწყება. უკვე იცის, როგორ გაარჩიოს ფუტკრების ჩვეულებრივი, სამუშაო ზუზუნის ხმა სახიფათო ხმებისგან, როცა სკას მისი დახმარება სჭირდება. თუ სკებში ყველაფერი რიგზეა, მერე საშინაო საქმეებს უბრუნდება, რაშიც შშმ მეუღლეც ეხმარება, როგორც შეუძლია.

„არ მიჭირს ჭურჭლის რეცხვა და კერძების მომზადება, მაგრამ თვითონ არ ისვენებს, მეც რაიმე უნდა გავაკეთოო და ასე მოვიფიქრე: გავუკეთე დიდი, მაღალი სკამი, ისე, რომ ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას მისწვდეს. გადავსვამ ხოლმე ხელით ამ სკამში და რეცხავს… მე კერძებს ვამზადებ, ვალაგებ. ასე ვინაწილებთ საქმეს. შაბათ-კვირას შვილიშვილი გვსტუმრობს თბილისიდან და ჩემი მეუღლე ამეცადინებს, წიგნებს კითხულობენ ერთად, თამაშობენ. დიდი ჟრიამული გვაქვს შაბათ-კვირაობით. მე მარტო თამაშში ვებმები, ბავშვების მეცადინეობა არ მეხერხება. მინდა შემდეგ ზაფხულს ყველა შვილიშვილი ერთად ჩამოვიყვანო ზუგდიდში. ოთხი შვილიშვილი და ორი შვილი მყავს. ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე რუსეთში. აყვავებული ეზო და ბაღი მაქვს, უზარმაზარი სახლი, რისთვის მინდა ყველაფერი თუ აქ ბავშვები, ზაფხულობით მაინც, არ იჟრიამულებენ“, – ყვება 66 წლის ყოფილი პატიმარი.

სამომავლოდ გეგმავს ფუტკარი გაამრავლოს და მეტი სკა ჰქონდეს. ამბობს, რომ თუ შრომა არ გეზარება და თაფლი გიყვარს, შეიძლება ამ საქმით  კარგი შემოსავალი მიიღო.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან