მთავარი,სიახლეები

ტრაგედია ახლო ხედით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

12.05.2015 • 2320
ტრაგედია ახლო ხედით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
  • მარიკა, ითქვა, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის მსგავის კადრების დიდი დოზით ჩვენება, სადიზმის გაღვივებისთვის ნოყიერ გარემოს ქმნის. თქვენი შეფასებით, რა კვალს ტოვებს პანიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების კადრების უწყვეტად ჩვენება სხვა ადამიანებში ?

რა თქმა უნდა, მედია დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვის, ფსიქიკაზე. მსგავსი კადრების ჩვენება ადამიანში სტრესულ რეაქციას იწვევს. ძლიერი სტრესი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე: ადამიანები კარგავენ ძილს, აწუხებთ თავის ტკივილი და სხვა. შედეგები კიდევ უფრო მძიმეა ნევროზული ტიპის ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

მსგავსი კადრების ყურება შემთხვევის მონაწილე ადამიანებში, დაზარალებულებში იწვევს  რეტრავმატიზაციას. გადატანილი განცდები ხელახლა ცოცხლდება და იჭრება მათ ცნობიერებაში კონკრეტულ სურათებად. ზოგადად კი მაყურებელი მსგავს სიუჟეტს აღიქვამს როგორც მის მიერ გადატანილ ტრავმას. პიროვნების არაცნობიერი იღებს სიგნალს, რომ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ორგანიზმი სტრესის გამომწვევ ნივთიერებებს გამოიმუშავებს და თავდაცვით პასუხობს. მათი დაგროვების შედეგად შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევა, შფოთვის მომატება, წინა ნევროზული დარღვევების განვითარება და სხვა. ბავშვებმა შესაძლოა შეიძინონ სხვადასხვა სახის შიშები, რომელიც შინაარსობრიბად დაკავშირებულია ნანახთან.

  • სამი ბავშვის დაღუპვა ხანძრის შედეგად საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და ის არ უნდა მიიჩქმალოს. მაგრამ, რა დოზით და რა რაკურსით მიწოდებული კადრები არ არის სახიფათო ადამიანისთვის, ანუ ინფორმაციაც რომ მიიღოს და ფსიქიკაც რომ არ შეერყეს?

რთულია ცალსახად ჩამოვაყალიბოთ, რა სახის ინფორმაცია არ მოახდენს გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე.  ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია პიროვნების მახასიათებლებზე და გამოცდილებაზე. ბავშვები მასმედიის საშუალებით სოციალურ ღირებულებებს იძენენ, გარესამყაროს შეიმეცნებენ. ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისაღები ინფორმაციის დოზირებას და შინაარსის შემოსაზღვრის აუცილებლობას.

ნეგატიური მოვლენების ხშირი ყურება ბავშვებში მგრძნობელობის შემცირებას იწვევს, ანუ ემპათიურობა, სხვისი თანაგრძნობის უნარი სუსტდება და აგრესია ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. დიდი დოზით მსგავსი თემების გაშუქება  მათში იწვევს მიმღებლობას ასეთი ფაქტების მიმართ. ეს შეიძლება მათი მხრიდან ასოციალური, დესტრუქციული ქცევის გამოწვევის საფუძველიც გახდეს მომავალში.

რა შეიძლება გაკეთდეს? – მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა იცოდნენ რა გავლენას ახდენს მსგავსი ფორმისა და შინაარსის ინფორმაცია ადამიანების ფსიქიკაზე. მათი მიზანი ამ ინფორმაციის გაშუქების დროს მხოლოდ ტირაჟისა და ეფექტის გაზრდაზე არ უნდა იყოს გათვლილი. ვინაიდან ადამიანებს უფრო მეტი მოთხოვნილება აქვთ ნეგატიური ინფორმაციის მიღების, მნიშვნელოვანია ასეთი საკითხები ნაკლები ემოციონალური ელფერით გაშუქდეს.

თავად მაყურებელიც უნდა შეეცადოს შეიზღუდოს ამ ტიპის ინფორმაციის დიდი დოზით მიღება და სწორად განსაზღვროს მისი გაცნობის პერიოდი. დილით ადამიანი ბოლომდე არ არის გაღვიძებული და ნეგატიური ინფორმაცია მის არაცნობიერზე ილექება, რაც მნიშვნელოვან კვალს ტოვებს სამომავლოდ. მსგავსი  ეფექტი აქვს ძილის წინ გაცნობილ ინფორმაციასაც.

  • ახლახან გერმანულმა თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა და 150 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც დაიღუპნენ. ამ ტრაგედიის გაშუქების დროს ევროპულ მედიას არ უჩვენებია არც ერთი მსგავსი კადრი, რაც ორი დღის წინ ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ვნახეთ. ვთქვათ, ქართულმა მედიამ დაუშვა ფაქტის ამ სახით გაშუქებაბევრი სისხლი და ცრემლი აჩვენა, მაგრამ, მეორე მხრივ, პრაქტიკულად ერთსა და იმავე კადრებს, ამბავს, ადამიანები არხიდან არხზე ადევნებდნენ თვალყურს. რატომ არის მსგავს ინფორმაციაზე დიდი მოთხოვნა ჩვენს საზოგადოებაში?

ზოგადად, კვლევებით დასტურდება, რომ სიკვდილთან დაკავშირებული მოვლენები ძალიან დიდ მოთხოვნილებას ჰპოვებს. ადამიანები უფრო მეტად იმახსოვრებენ ამ სახის ინფორმაციას. ამიტომ სიკვდილთან დაკავშირებული ფაქტები რეკლამისთვისაც ხშირად გამოიყენება.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ცხოვრობს ტრავმების არაერთხელ გადამტანი საზოგადოება – იძულებით გადაადგილებული პირები, ომ გამოვლილი საზოგადოება. ტრავმას აქვს თავისი მახასიათებელი ფაზები, რომელმაც დასრულება უნდა ჰპოვოს. მსგავსი სიუჟეტებით გაჯერებული საინფორმაციო წყაროები კი მუდმივად იწვევენ ტრავმების გაცოცხლებას და დაუსრულებელს ხდიან მას.

  • ბავშვებმა რა დოზით უნდა მიიღონ მსგავის ინფორმაცია?

მნიშვნელოვანია მშობლის ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ ბავშვება რაც შეიძლება მცირე დრო დაჰყოს საინფორმაციო საშუალებებთან. მოზარდებისთვის ეს დრო დღეში ორ საათს უნდა შეადგენდეს. აუცილებელია ერთობლივად მოხდეს ნანახის ყურება და მისი განხილვა. საუბარი ისეთ მოვლენებზე, როგორიც არის გარდაცვალება, კატასტროფა, ეს უნდა იყოს მიწოდებული მისთვის გასაგები ენით, რათა არ გამოიწვიოს მძიმე გავლენა მის ფსიქიკური ჯანმრთელობაზე. მსგავსი კადრების ჩვენება ერთმნიშვნელოვნად ვერ ამართლებს ინფორმაციის მიღების მიზანს, ბავშვის მიერ უსაფრთოხების წესების დაცვას და სხვა.

იმდენად რამდენადაც ბავშვი სწავლობს მშობლის ქცევაზე დაკვირვებით, მშობელმა თვითონვე უნდა შეამციროს საინფორმაციო საშუალებებთან გატარებული დროის მონაკვეთი და ეცადოს მისი ჩანაცვლება სხვა სასარგებლო აქტივობებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: