„თურმე მართვის მოწმობა შეუჩერებიათ“ – მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის

დავით ს. ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც საპატრულო პოლიციას სასამართლოში ედავება. დავის საგანი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი 500-ლარიანი ჯარიმაა. პატრულმა დათო მას შემდეგ დააჯარიმა, როცა აღმოაჩინა, რომ მძღოლს მართვის მოწმობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა დავით ს.-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

„თავდაპირველად ივლისში დამაჯარიმა საპატრულომ პარკირებაზე, მანქანის არასწორი გაჩერებისთვის. ჯარიმა 10 ლარი იყო და ვიცოდი, რომ ერთი თვის შიგნით უნდა გადამეხადა. ჯარიმა გადავიხადე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი დღე დავიგვიანე. სექტემბერში ავტოსაგზაო შემთხვევა მქონდა და იქ მითხრა პატრულის თანამშრომელმა, რომ მართვის მოწმობის უფლება შეჩერებული მაქვს. ამას ვასაჩივრებ მე. რომ დავაშავე რაღაც, ხო ამოყარეს იმ წუთას ყველაფერი და ნახეს, მანამდე რატომ არ შემატყობინეს, რომ მართვის უფლებას მიჩერებდნენ? მერე გამოვითხოვე დოკუმენტაცია საპატრულოდან და აღმოჩნდა, რომ 10-ლარიანი ჯარიმა 30 ლარი გამხდარა, რადგან თანხის გადახდა დავაგვიანე… შემდეგ მართვის მოწმობა შეუჩერებიათ, მაგრამ ხომ მქონდა უფლება, ეს მცოდნოდა? ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჯამში 1000 ლარით დამაჯარიმეს, აქედან 500 ლარით იმისთვის, რომ თურმე მართვის მოწმობა უკვე გაუქმებული მქონდა და ისე ვმართავდი მანქანას,“ – გვიყვება დავით ს. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

დავით ს.-ს და კიდევ რამდენიმე მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ რამდენიმე შემთხვევაში მოქალაქემ საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო და დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის მოქმედება უკანონოა.

პაატა დიასამიძე: „პარკირების წესების დარღვევის დროს, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის შემდეგ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეს აღარ უგზავნის დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ, ასევე დადგენილებას მართვის უფლების შეჩერების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის სახდელის სახედ და ზომად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქალაქისთვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, მაგრამ დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყება, თუ იგი ადრესატს არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.“

როგორ უნდა მოქცეულიყო პატრული, რომელმაც დავით ს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გააჩერა და საინფორმაციო ბაზიდან დადგინდა, რომ მძღოლს მართვის უფლებაც არ ჰქონდა? – იურისტის განმარტებით, პატრულის თანამშრომელს ადგილზე უნდა გადაეცა მოქალაქისთვის დადგენილება მართვის უფლების შეჩერებაზე და შემდეგ ჩამოერთმია მართვის მოწმობა. დაჯარიმება ამ შემთხვევაში უკანონოა.

„პატრულის თანამშრომელს ან უნდა მიეწოდებია მისთვის დადგენილება და ჩამოერთმია მართვის მოწმობა, ანუ დადგენილების აღსრულება მოეხდინა და თუ ადგილზე ვერ ჩააბარებდა დადგენილებას, მაშინ მართვის მოწმობაც ვერ უნდა ჩამოართვას,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.

იურისტი იმ საკანონმდებლო ნორმებზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არსებობის წინაპირობას.

„ინდივიდუალური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას მისი ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობით. შეუძლებელია, პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინდივიდუალური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტი პირდაპირ კავშირშია აქტის აღსრულების ინსტიტუტთან, ვინაიდან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება არის ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელოვანი სტადია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

ყველა მსგავს დავაში საპატრულო პოლიცია აღნიშნავდა, რომ მოქალაქის თავდაპირველი დაჯარიმების დროს, ანუ პარკირების წესების დარღვევის დროს გამოწერილ საჯარიმო ქვითარს უკანა მხარეს აქვს დატანილი ინფორმაცია მოსალოდნელი სანქციის შესახებ, თუკი დაჯარიმებული თანხას დროულად არ გადაიხდის. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ ქვითარზე მინაწერს ინფორმაციული ხასიათი აქვს და არა სამართლებრივი.

საიას იურისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, საპატრულო პოლიცია მაინც სასამართლოსგან უკანონოდ მიჩნეულ წესს იყენებს.

„ამის უფლება საპატრულო პოლიციას აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს პრაქტიკას არ ითვალისწინებს,“ – დასძენს პაატა დიასამიძე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავსი ტიპის საქმეებზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი