„შერატონ ბათუმში” ქალ მეწარმეთა შეხვედრა მიმდინარეობს

დღეს, 6 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან 100-ზე მეტი მეწარმე ქალი შეიკრიბა  ბიზნესის განვითარებაზე, ახალ გამოწვევებსა და მეწარმეთა საჭიროებებზე სასაუბროდ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები ბიზნესის დაფინანსების, ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციებისა და ქალთა ბიზნესის წარმატების საკითხებზე საუბრობენ.

როგორც საქმიან ქალთა გაერთიანების პრეზიდენტმა, ეკატერინე მაისურაძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას განაცხადა: „დღეს ხელი მოეწერება საქმიან ქალთა გაერთიანებისა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენი ქალებისთვის. საქმიან ქალთა გაერთიანებისა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები დღეს ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, იდეებს. ჩვენი მიზანია გაერთიანების წევრები ერთმანეთს დავაკავშიროთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს ბიზნესის გაფართოებაში, პროფესიისა თუ გამოცდილების მიუხედავად.

„საქმიან ქალთა გაერთიანების”პრეზიდენტი, ეკატერინე მაისურაძე

შეხვედრაში მონაწილეობენ როგორც დამწყები, ასევე წარმატებული მეწარმე ქალები.

შეხვედრას მართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი), აჭარის სამრეწველო პალატასთან, საქმიან ქალთა გაერთიანებასა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. შეხვედრა ევრობანკის მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია.

მეწარმე ქალთა გამოფენა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან