სიახლეები

ლაშა ბაქრაძე: „დასავლეთი არის საქართველოს ბუნებრივი მომავალი“

12.05.2015 • 2793
ლაშა ბაქრაძე: „დასავლეთი არის საქართველოს ბუნებრივი მომავალი“

 

ლაშა ბაქრაძე

 


ბატონო ლაშა, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მთავარი საფუძველი, თავის დროზე, იყო სწორედ ერთმორწმუნეობა, რადგან საქართველო მიიჩნევდა, რომ ერთმორწმუნე ქვეყანასთან ურთიერთობა, ქართულ იდენტობას საფრთხეს არ შეუქმნიდა. იყო თუ არა ეს მცდარი არგუმენტი და რატომ?

საქართველომ ერთმორწმუნეობის ნიშნითაც დადო ტრაქტატი რუსეთთან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამის მიზეზი მარტო ერთმორწმუნეობა  არ ყოფილა, ამას ჰქონდა გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებიც. საქართველო მართლაც შევიწროვებულ იქნა ისლამური სახელმწიფოების მიერ, ძალიან რთული სიტუაცია იყო ერეკლეს, ანუ აღმოსავლეთ საქართველოში, ამიტომ გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა იმის გამოც, რომ ევროპული სახელმწიფოები, რომლის მიმართაც იყო დიდი ხნის განმავლობაში მცდელობა, რომ საქართველოს რაიმენაირად გვერდში დადგომოდნენ, ევროპის მხრიდან ასეთი ინტერესი არ აღმოჩნდა. მაშინ საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროპა საქართველოში, რუსეთის, ანუ მეორე ხელის მეშვეობით შემოსულიყო და შემოვიდნენ კიდეც რუსები, მაგრამ მათ ეს საკმაოდ დამამცირებელი ტრაქტატიც კი უარყვეს და საქართველო პირდაპირ შეუერთეს რუსეთს, ამ ტრაქტატის პარაგრაფების საწინააღმდეგოდ. შემდგომში კი, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია, რაც არ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში, გააუქმეს და შეუერთეს რუსეთის ეკლესიას, როგორც ერთ-ერთი ეპარქია. ასე, რომ ერთმორწმუნეობის ხაზგასმული არგუმენტი, არის სწორედ რომ ანტიარგუმენტი იმისი, რომ რუსეთთან ღირდა ერთმორწმუნეობის გამო შეერთება.

 

რუსებმა ეს ყველაფერი უარყვეს და შეიძლება ითქვას ქართველები გაგვაცურეს. მიუხედავად ამისა, ერთმორწმუნეობის არგუმენტით ზეწოლა საქართველოზე, წლების განმავლობაში ხდებოდა და გრძელდება დღესაც. თითქოს არის რაღაც გახრწნილი დასავლეთი და კარგი რუსეთი, რომელთა შორისაც არჩევანი უნდა კეთდებოდეს. ეს არ არის საერთოდ დასაშვები არგუმენტი, რადგან ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ, კულტურულად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად ჩამორჩენილ ქვეყანას და მეორეს მხრივ, ძალიან წინ წასულ ცივილიზაციას, რომელსაც დასავლური ცივილიზაცია ჰქვია. დასავლეთი არის საქართველოს ბუნებრივი მომავალი და არა რომელიმე ჩამორჩენილი ქვეყანა, როგორიცაა რუსეთი. ამიტომ, ერთმორწმუნეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არის თავსმოხვეული არგუმენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. საქართველოს მომავალი არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა დაინახოს რუსეთთან ურთიერთობაში, ეს არის  მე-19 საუკუნის იმპერიალისტურ აზროვნებაში ჩარჩენილი და მართლაც ჩამორჩენილი ქვეყანა. რუსეთი არაფერს არ მოგვცემს, თუ არ შეგვჭამა თავიდან ბოლომდე, ამიტომ იგივე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემებით სპეკულაცია არის პირდაპირი მავნებლობა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში და ეს უშლის საქართველოს ხელს მომავალ განვითარებაში.


როგორ შეიძლება ავხსნათ ის გარემოება, რომ რუსეთმა აღიარა კონფლიქტური რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულებად, მაგრამ არ უარყოფს ქართული ეკლესიის იურისდიქციას იქ არსებულ ეკლესიებზე. რას ნიშნავს ეს?

საეკლესიო კანონების მიხედვით, არ შეიძლება ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორია, ასე რომ ვთქვათ, იმპერიალისტურად გაიზარდოს, რადგან სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებს ამის აღიარება გაუჭირდებათ. მეორეა ისევ პრაგმატული ამბავი, თუკი რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას აღიარებს, როგორც საქართველოსგან დამოუკიდებლი, რასაკვირველია საქართველოსაც შეუძლია აღიაროს მოსკოვისგან გამოყოფილი კიევის საპატრიარქო და ამის დიდი შიში არსებობს. შეიძლება საქართველო, როგორც ქვეყანა, ერთი შეხედვით სუსტად გამოიყურებოდეს, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესიები ავტოკეფალური ეკლესიებია და მეტ-ნაკლებად ამას მაინც აქვს გავლენა ეკლესიებს შორის. რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ეკლესიის აღიარება თუ თავისი იურისდიქციის გავრცელება ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, არ იქნება მისთვის მომგებიანი, ამიტომ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ საკითხს წარმოადგენს რუსეთისთვის.  სინამდვილეში რუსეთმა იცის, რომ ეს არაფერს არ წყვეტს და ისიც იცის, რომ საქართველო თავის იურისდიქციას ვერ ავრცელებს ამ ტერიტორიებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პატრიარქი არის ამავე დროს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსიც. იყო საუბრები, რომ პატრიარქი უნდა ჩასულიყო სოხუმში და მას იმედი ჰქონდა, რომ რუსები ამას ხელს შეუწყობდნენ, თუმცა, ჩვენ დავინახეთ, რომ არაფერი მსგავსი არ მოხდა და არც მოხდება, რადგან ეს არ შედის რუსული იმპერიალიზმის მიზნებში. რამდენადაც არ უნდა თავი მოვიტყუოთ, რუსეთი არასდროს არაფერში არ დაგვეხმარება, არც ამ კონფლიქტების მოგვარებაში, რადგან ეს კონფლიქტები სწორედ რუსეთის მიერ არის შექმნილი და რომ არა რუსეთი, ეს ტერიტორიები სხვანაირად ვერ მოახერხებდნენ საქართველოსგან სეპარირებას.


მხოლოდ ამის გამო ინარჩუნებს ქართული ეკლესია ლოიალურ ენას რუსეთის ხელისუფლების მიმართ? ღირს კი ამის გამო დათმობა?

რასაკვირველია არ ღირს, რადგან დე ფაქტო საქართველოს ეკლესიას არანაირი გავლენა არ აქვს არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, არც აფხაზეთის ტერიტორიაზე და არც ექნება, სანამ ეს ტერიტორიები არის რუსების მიერ ოკუპირებული.


ანუ, ერთმორწმუნეობის არგუმენტი საკმაოდ სუსტია, როცა მთავარი ხაზი გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გადის?

ცხადია. თუმცა, ქართულ წარმოდგენებში იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ქართველ მონარქისტებს ჰგონიათ თუ საქართველოში სამეფო აღსდგება და  მეფე იქნება საქართველოს სახელმწიფოში, ეს აფხაზს ან ოსს მოეწონება და ამის გამო ჩვენთან უფრო უკეთესი ურთიერთობა ექნება. ასეთი აბსურდული, არაპრაგმატული, არარეალისტური, არათანამედროვე აზროვნება, სამწუხაროდ, არის ქართული პოლიტიკის ნაწილისთვის დამახასიათებელი. ამის გამოც არის, რომ ვერანაირი რეალური ნაბიჯების გადადგმა საქართველომ ვერ შეძლო ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხში. ერთის მხრივ ესეც არის და მეორე მხრივ, ძირითადი ფაქტორი რასაკვირველია არის რუსეთი, რომელიც ამ კონფლიქტების მოგვარებას არ დაუშვებს, რადგან საბოლოო მიზანი არის საქართველოს გადაყლაპვა. სამწუხაროდ, არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დაქირავებული თუ ისე, თავიანთი იდეების გამო თვლიან, რომ შესაძლებელია რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარება და სპეკულირებენ სხვადასხვა იდეით, მათ შორის ერთმორმუნეობის იდეითაც.


პუტინთან დალაპარაკების თემა აქტუალურია დღესაც, რამდენად ღირს რუსეთთან საუბარი?

რუსეთთან საუბარი ღირს, მაგრამ არა ყმის პოზიციიდან, არამედ თანასწორის პოზიციიდან. მაგრამ, დღესდღეობით ასეთი თანასწორი პოზიცია ძალიან ძნელი წარმოსადგენია პუტინისა და საერთოდ, რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის გამო. რასაკვირველია, ჩვენ იძულებული ვიქნებით რუსეთს ველაპარაკოთ, მაგრამ ჩვენ, ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები უნდა გვქონდეს და როდესაც რუსეთი შეძლებს, რომ ეს კონკრეტული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაშინ შესაძლებელია რაიმე სერიოზულზე საუბარი. ყოველგვარი ზედმეტი ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, ყოველგვარი გზების გაყვანა რუსეთის მიმართულებით, ჩვენი ბუნებრივი კედლის, კავკასიონის გავლით, ისევე როგორც თავის დროზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის დამაკავშირებელი გზის გაყვანა, არის საქართველოსთვის დამღუპველი და ყოველგვარი საუბარი ამასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი.


საქართველოს პოლიტიკური კურსი თითქოს გარკვეულია, ევროპასთან ასოცირების დოკუმენტსაც მოვაწერეთ ხელი და იმედიც არსებობს, რომ გახდება ქვეყანა ევროკავშირის წევრიც. მაგრამ მუდმივად არის შეძახილები რომ ევროკავშირი „ვერ დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს“. ცნობილია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიც. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი რჩება საქართველოს?

საქართველოსთვის გამოსავალი მართლაც არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც გააუმჯობესებს საქართველოში როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას და როდესაც საქართველო უკეთესი იქნება, რასაკვირველია არსებობს შანსი იმისა, რომ შეუძლებლებელია ნორმალურმა აფხაზამა არ დაინახოს ის, რომ რუსებმა ისინი გააცურეს, მოატყუეს და სინმადვილეში არანაირი დამოუკიდებლობა მათ არ მიუღიათ. ერთის მხრივ ისინი დაინახავენ რეალობაში, თუ სად ჯობია. ამის მცირედი იმედი უნდა გვქონდეს. რასაკვირველია, ვერც ნატო და ვერც ევროპის კავშირი ვერ დაგვეხმარება ამ კონფლიქტების მოგვარებაში. სანამ რუსეთის იმპერია არსებობს, მანამდე შანსი ამ ტერიტორიების და ლტოლვილთა დაბრუნების არის აბსოლუტურად მიზერული. არის ორი გზა, არის მონობის გზა და არის მეორე, საქართველოს თავისუფლების და დემოკრატიული განვითარების გზა. მეც და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვირჩევთ თავისუფალ, დემოკრატიულ განვითარებას, იმ პერსპექტივით, რომ მომავალში ეს კონფლიქტებიც მოგვარდება დემოკრატიულად, თავისუფალი საქართველოს ფარგლებში.


რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ურთიერთობის ხელშეკრულება რამდენად ამძიმებს კონფლიქტის მოგვარებას?

ვიტყოდი, რომ არც ამძიმებს და არც აადვილებს, რადგან ფაქტობრივი მდგომარეობა უბრალოდ ფურცელზე იქნა გადატანილი და ეს საშუალებას მისცემს საღად მოაზროვნე აფხაზებს, რომ დაინახონ, რომ მათი ე.წ. დამოუკიდებლობა არის ფარატინა ქაღალდი, რომელსაც რუსი, როცა მოინდომებს მაშინ შეცვლის ისე, როგორც მას უნდა. ის, რომ აფზახეთში სახალხო გამოსვლები მოეწყო, რომელმაც დაამხო არჩეული პრეზიდენტი და მოიყვანა აბსოლუტურად კაგებეშნიკური, პრორუსული ძალა, იმას ნიშნავს, თუ რამდენად მანიპულირებადია აფზახური საზოგადოება რუსეთის მხრიდან. ერთ მშვენიერ დღეს რომ არ დაინახონ ეს აფხაზებმა, შეუძლებელი იქნება.

 

 


პ.ს ინტერვიუ ჩაწერილია  2014 წლის დეკემბერში

  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: