მთავარი,სიახლეები

ჩამოვლენ თუ არა „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში საახალწლოდ

06.12.2017 • 4020
ჩამოვლენ თუ არა „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში საახალწლოდ

„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ბათუმის კულტურის ცენტრს შესყიდვების სააგენტომ უარი უთხრა.

ბათუმში, საახალწლო კონცერტებში დაგეგმილია ჯგუფების -„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მათთვის 83 750 ლარის გადახდა იყო გათვალისწინებული. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრებს“ 67 500 ლარი, ხოლო „გამოუვალ მდგომარეობას“ 16 250 ლარი უნდა მიეღო ჰონორარის სახით. „მგზავრების“ კონცერტი ბათუმში მიმდინარე წლის 31 დეკემბერსაა დაგეგმილი, ხოლო „გამოუვალი მდგომარეობის“ – მომავალი წლის 2 იანვარს.

ბათუმის კულტურის ცენტრი ჯგუფების მომსახურების გამარტივებულ [ტენდერის გარეშე] შესყიდვას ექსკლუზიური უფლბამოსილებით ხსნიდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ გაიზიარა:

კულტურის ცენტრს მითითებული ჰქონდა ასევე, რომ ღირებულებებში შედის „საახალწლო ღონისძიებებში ჯგუფის მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯი (ტრანსპორტირება, სასტუმროსა და კვების ხარჯები)“.

5 დეკემბერს, ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობასთან“ დაკავშირებით ხელახლა მიმართა. ამ შემთხვევაში ჯგუფისთვის გადასახდელი თანხა შემცირებულია და ნაცვლად 16 250 ლარისა, 15 000 ლარით განისაზღვრა. სააგენტომ კულტურის ცენტრს 9 დეკემბრამდე უნდა უპასუხოს.

რაც შეეხება „მგზავრებს“, კულტურის ცენტრის დირექტორის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, ამ ჯგუფთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ძირითადად თანხებთან დაკავშირებით.

„თუ შესყიდვების სააგენტო მაინც უარს იტყვის გამარტივებულ შესყიდვაზე, მაშინ კულტურის ცენტრი ამ ჯგუფებს სხვებით ჩაანაცვლებს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ჯონი საბაშვილმა.

ჯგუფების წევრებისთვის გათვალისწინებული ჰონორარები [შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან]:

 

საახალწლოდ ბათუმში სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.

ღონისძიებების პროგრამა და განრიგი ამ დროისთვის არსებული პროექტით ასეთია:

საახალწლო ღონისძიებების პროგრამა / ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან

ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერი იყო. შესყიდვის ბიუჯეტი კი – 317 000 ლარი. ამ ტენდერში მხოლოდ ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც შესაბამისი მომსახურება ცენტრს 258 400 ლარად შესთავაზა. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: