მთავარი,სიახლეები

ირენე ესპანეთიდან, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობს

04.12.2017 • 4830
ირენე ესპანეთიდან, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობს

ირენე სანც სეპერო ესპანეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოვიდა. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მენეჯმენტის მაგისტრატურაზე სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოს შესახებ მაშინ გაიგო პირველად, როცა ერასმუს პლუსის პროგრამაში გაცვლითი კურსისთვის რომელიმე ქვეყანა უნდა შეერჩია. ჩამონათვალში ერთ-ერთი ქვეყანა საქართველო იყო.

„მე შევარჩიე საქართველო“

„ესპანეთში გავიარე ბაკალავრიატი ფიზიკურ განათლებაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ვმუშაობდი სხვადასხვა სპორტულ კლუბში მწვრთნელად, ასევე პირად ტრენერად. მინდა ვიმუშაო სკოლაში ფიზიკური განათლების მასწავლებლად. ამისთვის მაგისტრატურის გავლაა საჭირო,“ – გვიყვება ირენე სანც სეპერო, რომელიც ბათუმში ფეხბურთის სანახავად მეგობრებთან ერთად მიდიოდა და „ბათუმელების“ რედაქციაში გვესტუმრა.

„როცა ერასმუს პლუსის პროგრამის კოორდინატორს ვესაუბრე მაგისტრატურის შესახებ, მითხრა, რომ სამი არჩევანი მქონდა: სერბეთი, რუსეთში პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე შევარჩიე საქართველო… ვიცოდი, რომ უცხო იქნებოდა, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ. მქონდა ინფორმაცია, რომ აქ კავკასიის მთებია, კარგი ბუნება.“

გამართლდა თუ არა მოლოდინი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რაც კოორდინატორმა მითხრა. მინდოდა ისევ ფიზიკური განათლების კუთხით მაგისტრატურის გავლა, მაგრამ ინგლისურენოვანი კურსი ამ კუთხით ბათუმში არ იყო. ამიტომ ვარჩიე განათლების მენეჯმენტი. ერთი წელი ვისწავლი აქ. მერე უკან დავბრუნდები და იქ დავამთავრებ მაგისტრატურას, ისევ ალკალას უნივერსიტეტში. მაგისტრის წოდებასაც ესპანეთში მივიღებ.

მოლოდინი გამართლდა. მომწონს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კარგი ლექტორები არიან, საინტერესოა აქ სწავლა.

რა არ მოეწონა ირენეს ბათუმის სკოლებში სპორტის გაკვეთილებზე

რამდენიმე სკოლაში ვესწრებოდი სპორტის გაკვეთილებს. ჩემი დაკვირვებით, პრობლემაა დრო. არ არის საკმარისი საათები, რაც ფიზიკურ განათლებას ეთმობა. პრობლემაა აღჭურვილობაც. პედაგოგს ხშირად არ აქვს დაგეგმილი გაკვეთილი და იგი სპონტანურად ტარდება.

მაგალითად, ბათუმის პირველ სკოლაში რაც დამამახსოვრდა, არის ის, რომ სკოლის სპორტის დარბაზის ერთ კუთხეში ისხდნენ გოგონები, ხოლო ბიჭები თამაშობდნენ. მასწავლებელი ამას მშვიდად უყურებდა, არ დაინტერესებულა, რატომ არ თამაშობდნენ გოგონები…

„მიკვირს, თავისუფალ დროს არაფერს აკეთებთ“

პირდაპირ ბათუმში ჩამოვედი. ძალიან მომეწონა აქაურობა და ბულვარში წავედი სარბენად. კულტურული შოკი, რა თქმა უნდა, მქონდა. ბულვარში სირბილის დროს მოულოდნელად ერთი ბიჭი გამეცნო და მაშინვე ფეისბუქის მისამართი მომთხოვა… მიკვირს ის, რომ ადამიანები თავისუფალ დროს არაფერს აკეთებენ. თავდაპირველად მე ქართულ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. საღამოობით ყველა თავისთვის იყო: ერთი წევრი კომპიუტერთან იჯდა, მეორე – მობილურთან საათების განმავლობაში, მესამე – ტელევიზორს უყურებდა. მერე მივხვდი, რომ ეს ოჯახი გამონაკლისი არ იყო. ეს ცოტა უცნაურია ჩემთვის. ჩვენთან, ესპანეთში უფრო დაგეგმილია ცხოვრება, ვიდრე აქ, მაგრამ ადამიანები ყოფენ დასვენების და მუშაობის დროს. ეს ერთმანეთისგან გამიჯნულია და როცა ადამიანები ისვენებენ, მაქსიმალურად ერთობიან, გამოხატავენ ემოციას. ალბათ იცით, რა ხდება ყოველდღიური შესვენების – ფიესტის დროს.

შოკი იყო ნაადრევი ქორწინებაც. როგორც ვხედავ, საქართველოში ბევრი ქორწინდება ადრეულ ასაკში. ერთი ჩემი კურსელი გოგოც ფეხმძიმეა. ჩვენთან ქორწინებისთვის მისაღები ასაკი, საშუალოდ, 30 წელია. ჯერ ადამიანმა ხომ უნდა ისწავლოს და დასაქმდეს?

შოკი არა, უფრო სიგიჟეა, რაც ქუჩებში ხდება. მუდმივად საცობია და ადამიანებმა ავტომანქანის მართვა არ იციან, ასეთი განცდა მაქვს. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა დამოკიდებულება ქვეითების მიმართ. მთავარია, ის ზის საჭესთან და გარეთ ვინ მოძრაობს, აღარ აინტერესებს.

„რა მინდა გითხრათ…“

უკვე ვიყავი სვანეთში, ძალიან მომეწონა უშგული. ყაზბეგშიც ვიყავი, კახეთშიც. ულამაზესია მაღალი მთები… ხულოშიც ვიყავი. ჩვენ ასეთი სოფლები არ გვაქვს. უფრო პატარა ქალაქებია სოფლები. მე მადრიდთან ახლოს ვცხოვრობ ქალაქ გვადალახარაში. პატარა ქალაქია, მაგრამ ყველაფერი გვაქვს: კვების ობიექტები, ბარები, კლუბები.

ამ ყველაფერს, რაც საქართველოში გაქვთ, დაფასება უნდა. ადამიანები აქ ბევრს მუშაობენ, მაგრამ, როგორც ვთქვი, თავისუფალი დროის გამოყენება კარგი იქნება. მიკვირს, როცა ასეთი კარგი ბულვარი გაქვთ და იქ თითქმის არავინაა. მნიშვნელობა არ აქვს, მზეა თუ წვიმა.

ისე, წვიმა მართლა საინტერესოა ბათუმში. წვიმა არაა ეს, უფრო ურაგანია…

ირენე სანც სეპერო სვანეთში / 2017

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: