ხელფასების გადაუხდელობის გამო ექვსი მოქალაქე კომპანიას უჩივის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მცხოვრები ექვსი ადამიანი კომპანიას გადაუხდელი ხელფასების გამო უჩივის. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლე კონსტრუქცია 231“-მა, რომლის ხელმძღვანელია ლევან ჭანტურია, კომპანიის მიერ დაქირავებულ მუშებს კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას მუშებისთვის სამუშაოების დასრულების შემდეგ 7 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, თითოეულ მუშაზე 1100 ლარი. სამუშაოების დამკვეთი აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაცია საგზაო დეპარტამენტია.

იაშა ღორჯომელაძე, რომელიც კომპანიამ წყლის არხის მშენებლობაზე აპრილის თვეში დაიქირავა, დღემდე კუთვნილ ხელფასს ელოდება. „1166 ლარი მეკუთვნის ხელშეკრულებით, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ჭანტურია ხელფასს არ გვიხდის. ოქტომბრის შემდეგ კი საერთოდ არ გვეკონტაქტება, არც ჩვენს ტელეფონს პასუხობს“.

კუთვნილ ხელფასს უკვე მეშვიდე თვეა ელოდება ბიჭიკო ხოზრევანიძეც. „არც ერთი მუშისთვის არ გადაუხდია ხელფასი, არც ჩემთვის. ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე.  როგორც მონა, ისე გვამუშავეს, შემდეგ კი ანაზღაურება აღარ მოგვცეს. კანონი არ არსებობს ამ ქვეყანაში? მუშა დაუცველი როდემდე უნდა იყოს. ჩვენ უსამართლობას არ შევეგუებით. ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს კომპანიასთან, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი იმალება და ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის,“-გვეუბნება ერთ-ერთი დაზარალებული.

„ექვსი ადამიანი ვიყავით ამ არხის მშენებლობაზე დასაქმებული, სულ 7 ათასი ლარი აქვს გადასახდელი კომპანიას ჩვენი ხელფასებისთვის“.

დაზარალებული პირები ამბობენ, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად საგზაო დეპარტამენტსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„რაიონის ხელმძღვანელობასაც მივმართეთ და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესაც, მან კომპანიის ხელმძღვანელზე გვითხრა, რომ „ქურდი და ყაჩაღია“ და როგორმე შეგახვედრებთ, რომ ფული გადაიხადოსო, თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილა. მე ვცხოვრობ ღურტაში, ყველაზე მაღალ ადგილზე, სადაც ექვსი თვე გზა იკეტება და ზამთრისთვის უნდა მოვემზადო. თუ ფქვილი, შაქარი ვერ ვიყიდე, ჩემი ოჯახი მშიერი უნდა დარჩეს,“-გვეუბნება ის.

დაზარალებული მუშები ამბობენ, რომ თუკი კომპანია არც ამის შემდეგ დაფარავს სახელფასო დავალიანებას, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

მუშების თქმით, კომპანია „ლე კონსტრუქცია 231“-ს  მიმდინარე წელს სხვა ტენდერებიც აქვს მოგებული და მომჩივანი მუშები მას სხვა სოფელშიც ჰყავს.   „მეზობელ სოფელში ჰქონდა ტენდერი მოგებული და იქაც დატოვა მუშები უხელფასოდ. 12 ათასი ლარი აქვს იქაც გადასახდელი, თუმცა იქ მუშებს ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული,“-ამბობენ მუშები.

„გიორგი კვირიკაშვილმა წელს განაცხადა, რომ მკაცრი კონტროლი დაწესდეს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ დასაქმებული პირების მიმართ ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ ამ ადამიანებს აპრილიდან დღემდე არ აქვთ კუთვნილი ხელფასი მიღებული,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის კომპანიის ხელმძღვანელთან, ლევან ჭანტურიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ დროისთვის მისი მობილური გამორთულია.

ღურტაში მცხოვრები ექვსი მოქალაქე კომპანიას გადაუხდელი ხელფასების გამო უჩივის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com