მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ იმუშავა აუდიო გიდებმა ბათუმის მუზეუმებში

02.12.2017 • 3439
რატომ ვერ იმუშავა აუდიო გიდებმა ბათუმის მუზეუმებში

აუდიო გიდები სხვადასხვა ენაზე ბათუმის მუზეუმებისთვის – ეს მოთხოვნა უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის და სპორტის კომისიამ ჩაწერა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში. კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა მთავრობისთვის და კონკრეტულად ჯერ არ იცის, რომელ მუზეუმს სჭირდება აუდიო გიდის სერვისი, ან რა დაჯდება ეს.

ბათუმში აუდიო გიდების სერვისი ქართულ და უცხო ენებზე რამდენიმე მუზეუმში წლების წინ გაჩნდა, თუმცა ამან არ იმუშავა. არქეოლოგიურ მუზეუმში აუდიო გიდით ტურისტები უკმაყოფილო დარჩნენ და მომსახურება გააუქმეს, გონიოს ციხეში კი, 10-დან 6 აპარატი მუშაობს. გონიოს ციხის ადმინისტრაციის თქმით, აუდიო გიდზე დიდი მოთხოვნა არ არის.

„აუდიო გიდის პროგრამა გვაქვს და ტექნიკური აღჭურვილობაც, მაგრამ ჩვენთან ეს არ გამოიყენება,“ – გვითხრა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის განყოფილების უფროსმა, იზოლდა დუმბაძემ. მისი განმარტებით, პროგრამის აუდიო ვერსია არ შეესაბამებოდა ექსპონატებს, ასევე თხრობა ძალიან სწრაფი იყო.

„მეც როცა მოვისმინე, შეშლილივით თვალები აქეთ-იქით გამირბოდა, ვერ გავიგე ვერაფერი. ჩვენ ტექსტები მივაწოდეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და იქედან მოგვაწოდეს აუდიო ვერსიები და აღჭურვილობა. 14 ადამიანზე იყო გათვლილი, მაგრამ პრაქტიკულად ვერ იმუშავა. აუდიო გიდის საფასური 2 ლარი იყო, მაგრამ ტურისტი ყველა უკან აბრუნებდა. პროგრამა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იყო დამუშავებული. ჩემი ინფორმაციით, ჯამში 14 ათასი ლარი დაიხარჯა ამისთვის. აღჭურვილობა შენახული გვაქვს, მე მაბარია, მაგრამ 2014 წლიდან აღარ ვიყენებთ, ანუ მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩატარდა და ექვსკუთხედი კარადები გვაქვს. რეაბილიტაციამდე სადღაც ერთი, თუ ორი წლით ადრე მომზადდა აუდიო გიდის პროგრამა,“ – აღნიშნა იზოლდა დუმბაძემ.

არქეოლოგიურ მუზეუმში თვლიან, რომ აუდიო გიდის პროგრამა კარგად იმუშავებს დამთვალიერებლებში, თუ მას სათანადოდ დაამუშავებენ. იზოლდა დუმბაძე ამბობს, რომ აუდიო გიდმა შედარებით გონიოს ციხეში იმუშავა: „იქ უფრო მარტივია, ჩართავს ტურისტი ხმას, ისმენს ინფორმაციას და ათვალიერებს ციხის კედლებს. როცა ბევრია ექსპონატი და თითოეული ექსპონატის შესახებ ცალ-ცალკე უნდა მოუყვე ტურისტს, ეს რთულია.“

„დამთვალიერებლების დაახლოებით 10-15 პროცენტი იყენებს აუდიო გიდის მომსახურებას,“ – გვითხრა გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, შოთა მამულაძემ. აქ აუდიო გიდის მომსახურება 5 ლარი ღირს, ჩვეულებრივი გიდი – 10 ლარი. შოთა მამულაძე თვლის, რომ ექსკურსია-მძღოლის ტრადიცია უკეთესად მუშაობს, ვიდრე აუდიო გიდი.

„აუდიო გიდი გვაქვს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. დაზიანდა აპარატურა და დღეს მხოლოდ 6 ცალი მუშაობს. ჩვენ ტექსტები მივაწოდეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და ტენდერით შეიძინეს ეს მომსახურეობა, რა დაჯდა არ მახსოვს,“ – აღნიშნა შოთა მამულაძემ.

აუდიო გიდის პროგრამა არ არსებობს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მუზეუმის დირექტორი, ოთარ გოგოლიშვილი თანამედროვე მუზეუმისთვის აუცილებელ მოთხოვნად მიიჩნევს მსგავს სერვისს. იგი რამდენიმე დღის წინ კონკრეტულ კომპანიას შეხვედრია, რომელიც მუზეუმისთვის აუდიო გიდის სერვისს შეიმუშავებს. ოთარ გოგოლიშვილმა ვერ გვითხრა, რომელ კომპანიას შეხვდა, ან ვინ გადაიხდის ფულს აუდიო გიდის პროგრამის შესაქმნელად.

„თვითონ შემოგვთავაზეს, გავაკეთებთო, რა ინტერესი აქვთ, არ ვიცი. კიდევ უნდა შევხვდე და კონკრეტულად შემდეგ გეტყვით, რა გადაწყდება. როგორც ვიცი, წლის ბოლომდე უნდა ჩამოვიდნენ ისევ და გაირკვევა ყველაფერი,“ – ამბობს ოთარ გოგოლიშვილი.

უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ აუდიო გიდი, პირველ რიგში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უნდა გაკეთდეს.

„მე მქონდა ეს შეთავაზება. იდეა ჯერ სამინისტრომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, ღირს თუ არა მისი განხორციელება,“ – თქვა ლადო მგალობლიშვილმა.

აუდიო გიდის პროგრამის შექმნისთვის დაფინანსებას აჭარის ბიუჯეტი ჯერ არ ითვალისწინებს. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განმარტებებს ორშაბათს გააკეთებენ.

ზვიად ელიზიანი, ტურიზმის ექსპერტი: „უცხოეთში ძალიან ბევრ მუზეუმს აქვს აუდიო გიდი და ეს სისტემა კარგა ხანია მუშაობს. ეს არის დამატებითი სერვისი და შემოსავალი მუზეუმისთვის. მეორე: ეს კომფორტულია ტურისტისთვის, რომელიც დამოუკიდებლად იღებს ინფორმაციას მუზეუმში. ყველა შემსვლელი ხომ არ აიყვანს გიდს, ასევე ყველა შემსვლელ ჯგუფს რომ ცალკე გიდი შეჰყვეს, უფრო მეტ დროს მოითხოვს დათვალიერება. რაც შეეხება გონიოს ციხეს, მისი სპეციფიკა სულ სხვაა, გონიო ქალაქგარეთაა და იქ გიდი ძირითადად მიჰყვება ჯგუფებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: