ურთულესია სასჯელაღსრულებასთან დაკავშირებულ ექიმებთან რამეს მიაღწიო – ყოფილი პატიმარი

„საპატიმროში 15 წელი გავატარე. იქ ხეზე კვეთის კურსები გაიხსნა და ისე მინდოდა სახელოსნოში მუშაობა, გასაუბრებისას როცა მკითხეს, ხატვა ვიცოდი თუ არა, ვთქვი, თითქოს ვიცოდი. სინამდვილეში საერთოდ არ ვხატავდი. მივხვდი, ჩემს სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი და რადაც უნდა დამჯდომოდა ხატვა უნდა მესწავლა.

დავიწყე ხატვა, მერე ნელ-ნელა ხეზე კვეთაც ვისწავლე. მინდოდა ახლობლები გამეხარებინა ჩემი ახალი, სასარგებლო საქმიანობით.

ბარბარეს ტაძრის კელიაში ვცხოვრობ. არ მინდა ახლობლები შევაწუხო. შვილი და 2 შვილიშვილი მყავს, ცხოვრების მთავარი სიხარული ეს არის, რისთვისაც ვცოცხლობ. მინდა კარგი მამა და ბაბუა ვიყო“, – გვიყვება რამაზ ასლანიშვილი. პატიმარი, რომელიც სასჯელს 15 წელი იხდიდა.

ფოტო:დემოკრატიის ინსტიტუტი

გათავისუფლების შემდეგ ძალიან გაუჭირდა დასაქმება. დამსაქმებლებს გულწრფელად უყვებოდა ნასამართლობის შესახებ, რაც ხშირად ხდებოდა უარის მიზეზი. თუმცა რამაზი ამბობს, რომ ადამიანურად ესმის, რატომ უჭირს დამსაქმებელს სამსახურში მიიღოს თანამშრომელი, რომელსაც 6 ოპერაცია აქვს გადატანილი. 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ცხოვრების აჩქარებული რიტმს ნელ-ნელა ეწევა:

„რთულია ცხოვრების რიტმს უცებ დაეწიო, თუმცა ყველაფერი რთულია ქვეყანაზე, შრომა აუცილებელი და გარდაუვალი რამ არის. გარდაუვალ და აუცილებელ რამეებზე კი წუწუნი არ ღირს, სიყვარულით უნდა ვშრომობდეთ. ხომ იმისთვის ვწვალობთ, ახლობლებს შევეშველოთ, შევუმსუბუქოთ? არის ამაში რაღაცნაირი შვება.

მალე გამოფენის მოწყობას ვაპირებ. მამა შიოს და დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამის დახმარებით ხეზე კვეთისთვის აუცილებელი ხელსაწყოები შევიძინეთ. წლებია ხელით ვმუშაობდი, არსებობს დანადგარები, რომლებიც შრომას გიმარტივებს და მეტი სიზუსტით აკეთებს ყველაფერს. შრომა არ მეზარება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს გადატვირთვის საშუალებას“.

ფოტო: დემოკრატიის ინსტიტუტი

ბოლო ოპერაცია უროლოგიის ცენტრში გაუკეთეს აპრილში, როგორც ამბობს, დიდი ხარვეზით. თითქოს კენჭი ამოუღეს, ღუდუშაურის საავადმყოფოში კი ოპერაციიდან 25-ე დღეს უთხრეს, რომ კენჭი იმავე ადგილას იყო, სადაც ოპერაციამდე ჰქონდა. ამბობს, რომ არასწორად გაკეთებული ოპერაციის სანაცვლოდ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს:

„იცოდნენ, რომ აღარ გავჩუმდებოდი. ძალიან რთულია პატიმარმა რაიმეს მიაღწიოს ციხის შიდა ადმინისტრაციულ წრეებში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან დაკავშირებული კლინიკის ექიმებთან. სულ მქონდა დავიდარაბა სამედიცინო დეპარტამენტთან, დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. ცდილობდნენ უმნიშვნელოდ ექციათ ჩემი საქმე და არ გამოკვეთილიყო პრობლემები. ცხრაჯერ მივიყენე თვითდაზიანება, რომ ჩადგმული სტენტი ამოეღოთ. მატყუებდნენ, თითქოს მუდმივი სტენტი მქონდა ჩადგმული. რომ დამეჯერებინა და არ ამომეღო, სხეულშივე გაიხრწნებოდა უცხო სხეული… ბოლოს კი ყველაფერი ფატალურად დამთავრდებოდა. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, პატიმრობის პერიოდში მათ ჩემს მკურნალობაში მინიმუმ 160 ათასი ლარი დახარჯეს. 70-ჯერ დამჭირდა ციხიდან სხვადასხვა კერძო კლინიკაში გადაყვანა.

ერთი და იგივე ოპერაცია ხუთჯერ გამიკეთეს. ერთ თვეში სამი ოპერაცია რატომ უნდა დასჭირდეს ადამიანს, თუ ყველაფერი ნორმალურადაა გაკეთებული?!. დავუშვათ საზოგადოებისთვის ვიყავი მიუღებელი, მძიმე მუხლით გასამართლებული პატიმარი, მაგრამ ექიმისთვის ხომ ჩვეულებრივი პაციენტი ვარ?!“.

რამაზ ასლანიშვილმა შპს „ჰელსს“ მათი ექიმების დაუდევარობის გამო უჩივლა და კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო. ამბობს, რომ თანხა მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი და მხოლოდ ბოდიშის მოხდას ითხოვდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულებისგან.

„ყველაფერმა ჩაიარა. ახლა ვოცნებობ საკუთარი სახელოსნო მქონდეს. ხატების კვეთა ჩემთვის სიხარული, შინაგანი დიალოგია საკუთარ თავთან. შეიძლება საქმიანობისას ვინმე ახლოს იდგეს გვერდით და დამიძახოს, მაგრამ არ მესმოდეს, ისე ვიყო ჩართული პროცესში“.

ოცნებობს საკუთარი ნაკეთობებით შეძლოს არსებობა, როცა წამალი დასჭირდება არავინ შეაწუხოს. ახლაც საავადმყოფოებზე და წამლებზეა დამოკიდებული. ოცნებობს, როცა ექიმი დასჭირდება საკმარისი თანხა ჰქონდეს, იყოს კარგი მამა გოგონასთვის, კარგი ბაბუა შვილიშვილებისთვის.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს  ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან