სიახლეები

ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში დაპაუზებული ქალაქის მუზეუმი გახსნა

06.05.2015 • 1624
ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში დაპაუზებული ქალაქის მუზეუმი გახსნა

 

„ეს არის  დაპაუზებული ბათუმის მუზეუმი. ეს არის შედეგი „ქართული ოცნების“ სამწლიანი მმართველობის – გაჩერებული და დაპაუზებული ქალაქის მუზეუმი. პირველ რიგში, ამ მუზეუმში ოფიციალურად ვეპატიჟებით არჩილ ხაბაძეს და გიორგი ერმაკოვს,  იქნებ მოვიდნენ და ნახონ რა გააჩერეს ბათუმში“  – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.  

 

„დაპაუზებული ბათუმის მუზეუმი“ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პომპეზურად, წითელი ლენტის გაჭრით, მუსიკის ფონზე გაიხსნა.

 

„აქ არის არასრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომელზეც მინიმუმ დაწყებული იყო მოლაპარაკება და უმრავლესი ნაწილი კიდევ არის ის პროექტები, რომლებზეც აქტიური მუშაობა მიდიოდა. პროექტები, რომელთა განხორციელებაც იყო ძალიან რეალური და მათი არგანხორციელებით დაპაუზდა ქალაქის მშენებლობა.  ამ მთავრობის „წარმატება“ ის არის,  რომ ეს პროექტები დღეს ბათუმში არ არის განხორციელებული. მაგალითად: „ტრამპთაუერი“, იახკლუბი, ხიდი გონიოს პოლიგონზე, გონიოს პოლიგონის განვითარება, სტადიონი, რომლის პროექტიც ვიყიდეთ და ადგილიც იყო გამოყოფილი. არ ვლაპარაკობ უკვე პატარა პროექტებზე….   

ეს პროექტები შეჩერდა იმიტომ, რომ მთავრობა არის უუნარო. გაართულეს ბიუროკრატია, ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან და ელაპარაკებიან აჭარის მთავრობას, ვერ იღებენ მათგან გადაწყვეტილ პასუხს. ის მშენებლობები, რაც ახლა ბათუმში მიმდინარეობს, ის პროექტებია, როცა ჩვენ დროს იყო ხელშეკრულება გაფორმებული“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 „გვინდოდა კიდევ ერთხელ მოგვეფხიზლებინა მთავრობა და გვეიძულებინა ის პროექტები გაგრძელებულიყო, რისი დაწყებაც ჩვენ მოვახერხეთ, მაგრამ რისი დასრულებაც ვერ მოხერხდა. ჩვენ დროს დაგეგმილი იყო უამრავი მუზეუმის გახსნა, რაც ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ მოვახერხეთ გაგვეხსნა მუზეუმი, რომელიც ყველას შეახენებს, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი, დაგეგმილი, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა ან არ სურდა გაეკეთებინა.  ახლაც არ არის გვიან გაიხსნენონ, რა იგეგმებოდა და რა მოაქვს ამ პროექტების განხორციელებას“  – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასმათ დიასამიძემ მუზეუმის გახნისას.  

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მუზეუმი ყველა დამთვალიერებლისათვის ღიაა, მათ შორის მოქმედი ხელისუფლების წევრებისთვისაც.   

 

გადაბეჭდვის წესი