მთავარი,სიახლეები

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მამიდის ოჯახის ვილა მწვანე კონცხზე

01.12.2017 • 6806
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მამიდის ოჯახის ვილა მწვანე კონცხზე

აზერბაიჯანმა 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 127 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნომერ პირველი ინვესტორია. აზერბაიჯანის მოქალაქეები აჭარაშიც არიან წარმოდგენილები – ისინი რეგიონში ეწევიან ბიზნესს და საცხოვრებელ სახლებსაც ყიდულობენ. მაგალითად, მწვანე კონცხზე საცხოვრებელ კომპლექსს იშენებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მამიდას ოჯახი.

ნახიჩევანის გუბერნატორის ოჯახის ინვესტიცია ბათუმში

აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარის თანამდებობას ვასიფ თალიბოვი უკვე 24 წელია იკავებს. ვასიფ თალიბოვის უფროსი ვაჟი – ზრა თალიბოვი კი, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2015 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზეა დანიშნული. აზერბაიჯანული მედიისავე ცნობით, ზრა თალიბოვი ასევე არის ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ თალიბოვების ოჯახი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მამიდის ოჯახია.

ნახიჩევანსა და აჭარას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ზრა თალიბოვი, ისევე როგორც მამამისი, რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით აჭარაში.

ზრა თალიბოვი

ნახიჩევანის პირველი პირის ოჯახი სხვადასხვა სახის ბიზნესით არის წარმოდგენილი აჭარაში. ამ დროისთვის ვასიფ თალიბოვის ოჯახი ვილას იშენებს მწვანე კონცხზე. კომპლექსის მშენებლობა ზღვის ხედით უკვე დასასრულს უახლოვდება.

ვასიფ თალიბოვი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია MAQRO-მ მწვანე კონცხზე 9 019 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში 2016 წლის შემოდგომაზე დაირეგისტრირა. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მიწა კომპანიას სამმა კერძო პირმა მიჰყიდა. იქედან მოყოლებული MAQRO მწვანე კონცხზე აშენებს სამსართულიან ვილას, რომლის საერთო ფართობი, ოფიციალური მონაცემებით, 900 კვადრატული მეტრია. მთავარი ნაგებობის გვერდით ეზოში შენდება ორსართულიანი დამხმარე ნაგებობაც. მთელ ტერიტორიას ორ რიგად შემოვლებული აქვს გალავანი – გარეთა კედლის სიმაღლე დაახლოებით სამ მეტრს აღწევს, შესაბამისად, როცა მშენებლობა დასრულდება, იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ მიდამოში, გარედან შეუძლებელი იქნება.

მშენებარე ვილა მწვანე კონცხზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ვილა მწვანე კონცხზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია MAQRO, რომელიც კომპლექსს აშენებს მწვანე კონცხზე, 2012 წელს დაუფუძნებია თურქეთის მოქალაქე უჩარ ემინს. ის ასევე ფლობს ამ კომპანიის წილების 100-ვე პროცენტს. შესაბამისად, სადამფუძნებლო დოკუმენტებში არ ჩანს, რომ ეს კომპანია უკავშირდება თალიბოვების ოჯახს.

ჩვენ გვინდოდა მწვანე კონცხის კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირისთვის შეკითხვები დაგვესვა. ტელეფონის ნომერი, რომელზეც კომპანიის ყოფილ დირექტორს (ის სამი თვის წინ გაათავისუფლეს) დავუკავშირდით, გამორთული იყო. კომპანიაში სხვა თანამდებობის პირებმა კი გვითხრეს, რომ არ არის საჭირო ამ მშენებლობით ჟურნალისტების დაინტერესება, რადგან MAQRO, როგორც აზერბაიჯანული ჯგუფი, კიდევ აპირებს საქართველოში ინვესტიციების შემოტანას.

„მედიის ნებისმიერი დაინტერესება ამ ადამიანებში უნდობლობას გააჩენს, რამაც შეიძლება ქვეყნებს შორის ურთიერთობა დააზარალოს“. შესაბამისად, არ ღირს „ერთი დაჩის გამო“ ამის გაკეთება. ამ პირებმა ასევე დაადასტურეს, რომ მწვანე კონცხზე მშენებარე კომპლექსი სწორედ ზრა თალიბოვის საკუთრებაა.

MAQRO-ს კავშირებზე აზერბაიჯანულ მხარესთან საქართველოს საჯარო სივრცეში ერთი ოფიციალური დოკუმენტი იძებნება – 2012 წლის 6 მარტს უჩარ ემინს სწორედ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნოტარიუსთან  (გვარად აბიშოვიჩი) მოუმზადებია მინდობილობა, ასევე თურქეთის მოქალაქე ოსმან ერტუნგისთვის, „მასზედ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მისი სახელით დააფუძნოს შპს“. მინდობილობის გაცემის ადგილად მითითებულია ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ნახიჩევანი.

MAQRO, როგორც ინვესტორი, საქართველოში 2013 წლიდან არის წარმოდგენილი.

კომპანია MAQRO-ს ვებგვერდზე „მაქრო ქონსთრაქშენი“ წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი: „კომპანიის პირველი პროექტი აჭარის რეგიონში, 10 000 კვ.მეტრზეა განლაგებული ავეჯის ქარხანა Glorya Forniture, რასაც მოჰყვა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ი, რომელიც ფრანგული ბრენდის „აკორ გრუპის“ წევრია. მომავალში „მაქრო ქონსთრაქშენი“ პარტნიორ „აკორ გრუპთან“ ერთად თბილისში სასტუმრო Ibis styles-ის მშენებლობას გეგმავს.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ უმსხვილესი პროექტი, 45 მილიონ დოლარად შეფასებული ინვესტიცია საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტია“, რომელიც 2016 წლის მაისში დასრულდა.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ თბილისში, რომელიც მოიცავს 1772 ბინას, ღია და დახურულ სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებს, საბავშვო ბაღს, სკოლასა და სავაჭრო ობიექტებს”.

MAQRO-ს საქმიანობა საქართველოში მხოლოდ მშენებლობით არ შემოიფარგლება. ეს კომპანია აწარმოებს ავეჯსაც. მაღაზიები, სადაც MAQRO-ს წარმოებული ავეჯი იყიდება, ბათუმში ცნობილია, როგორც აზერბაიჯანული ავეჯი. ამის შესახებ თავად სავაჭრო ქსელებში, გამყიდველების დონეზეც, ადასტურებენ.

თალიბოვებთან, კონკრეტულად ზრა თალიბოვთან დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესის შესახებ ბევრად მეტი ოფიციალური დოკუმენტი არსებობს საქართველოში. ზრა თალიბოვი დამფუძნებელია იმ კომპანიისა, რომელმაც ძველ ბათუმში სასტუმრო „დივანი“ ააშენა.

სასტუმრო „დივანი“, მანანა ქველიაშვილის ფოტო

სასტუმრო „დივანი“ ძველ ბათუმში ეკუთვნის შპს LTD KERVAN TURIZM/„ქერვან ტურიზმს“. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის დამფუძნებელი და, შესაბამისად, სასტუმრო „დივანის“ მფლობელიც ზრა თალიბოვია. ზრა თალიბოვს კომპანია 2013 წელს აქვს დაფუძნებული, სასტუმრო „დივანი“ 2014 წელს იმ ტერიტორიაზე აშენდა, სადაც ყოფილი სასტუმრო „ლონდონი“ იყო განთავსებული. ეს სასტუმრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო.

ალიევის ცოლის მეგობრის ბიზნესი

კიდევ ერთი ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი – „გაზელი“ (ე.წ. „სემირამიდას ბაღები“) ბათუმში ჯერ კიდევ 2013 წლის აგვისტოს უნდა გახსნილიყო. სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ მისი გახსნა მფლობელმა ვერც წლევანდელ ტურისტულ სეზონზე მოახერხა.

ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა ჰამზაევას 2011 წლის ივნისში აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა ჰამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.

2015 წელს, როდესაც უკვე შეცვლილი იყო საქართველოში ხელისუფლება, მცირე რყევები აზერბაიჯანულ ინვესტიციასაც შეეხო. „საქართველოს მთავრობა დღეს ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის გაზს ცვლის ჩვენი მტრების, პუტინის რუსეთის, ქვეყნის, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, იმის ძვირადღირებულ გაზში“, – ასე აფასებდნენ ხელისუფლების ოპონენტები ვითარებას 2015 წელს. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გაზელი“ ყიდდა თავის „სემირამიდების ბაღს“.

თუმცა, საბოლოოდ, კომპანიას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ე.წ. „სემირამიდას ბაღები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს აცხადებენ, რომ მფლობელი ახალი სასტუმროს გახსნას 2018 წლის მაისიდან აპირებს და სასტუმროს გახსნის თარიღის გადავადების თხოვნით უკვე მიმართა მათ უწყებას. აქ იმასაც აცხადებენ, რომ კომპანიამ მშენებლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 მილიონი დოლარის ნაცვლად 50 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო 100 ადამიანის დასაქმების ნაცვლად, 200 ადამიანს დაასაქმებს.

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ილჰამ ალიევის მეუღლისა და ზარიფა ჰამზაევას ჰოლდინგში 23 კომპანიაა გაერთიანებული და ავიაციის სფეროს მომსახურებაში დომინანტური როლი აქვს. ზარიფა ჰამზაევა აზერბაიჯანის ნაციონალური ავიაგადამზიდავი ავიაკომპანიის – „აზალის“ პრეზიდენტის, ჯანგირ ასკეროვის ცოლია.

პოლიტიკა და ფული ორი ქვეყნის ურთიერთობაში

პოლიტოლოგების შეფასებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის საუკეთესო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა არსებობს. აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან საქართველომ განსაკუთრებული მხარდაჭერა 2006 წლის ცივ ზამთარში მიიღო, როცა რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ საქართველოს გაზის მოწოდება შეუწყვიტა. მაშინ თბილისსა და სხვა ქალაქებს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა.

სწორედ ამ პერიოდიდან საქართველოში რუსული გაზის ჩანაცვლება დაიწყო აზერბაიჯანული „სოკარით“. დღეს კი საქართველო გაზის 90 პროცენტს აზერბაიჯანიდან იღებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანული გაზის ტარიფი ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე იაფია.

შესაბამისად, „სოკარი“ დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ აზერბაიჯანულ ინვესტორად საქართველოში.

2015-2016 წლების ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით პირველობას ინარჩუნებდა. 2016 წელს აზერბაიჯანული ინვესტიციის მოცულობა 558 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2015 წელს – 549 მილიონზე მეტი.

კრიტიკული მედია აზერბაიჯანში მათი ქვე­ყ­ნიდან ფულადი ნაკადის საქართველოში მატ­ებას გარკვეულწილად აფასებს, როგორც რისკს საქართველოში დემოკრატიისთვის. ასე ფიქრობს, მაგალითად, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომლის მეუღლე – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ფგან მუხთარლი წელს, 29 მაისს, თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.  მუხთარლის მეუღლემ მაშინ თქვა, რომ ჟურნალისტი საქართველოში ილჰამ ალიევის ოჯახისა და მისი გარემოცვის ბიზნესებთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს.

აფგან მუხთარლი დღემდე ბაქოს ციხეშია, საქართველოში წარმოებულ გამოძიებას კი ჯერაც არაფერი უთქვამს, როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან ბაქოს ციხეში. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ საქართველოდან წავიდნენ ან წასვლას გეგმავენ ალიევის რეჟიმს გამორიდებული აზერბაიჯანელი აქტივისტები, რომლებიც საქართველოს აფარებდნენ თავს და ვისთვისაც საქართველო სამხრეთ-კავკასიაში დემოკრატიის ერთგვარი ოაზისი იყო. ახლა მათთვის ეს ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის.

სწორედ ამ მიზეზით დატოვა საქართველო მუხთარლის ცოლმაც – ლეილა მუსტაფაევა ევროპაში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით წავიდა.

გადაბეჭდვის წესი