მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტებს დაფინანსებას 23 მილიონით უმცირებს

01.12.2017 • 1943
აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტებს დაფინანსებას 23 მილიონით უმცირებს

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი თანხის ანუ ტრანსფერის მოცულობა 23 მილიონით მცირდება. 2017 წელს ჯამში აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს აჭარის ბიუჯეტიდან 71 მილიონ 208 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, მომავალ წელს კი, მუნიციპალიტეტებისთვის სულ 48 მილიონის გადაცემა იგეგმება.

ყველაზე მეტი თანხა ბათუმსa და ქობულეთს დააკლდება. ბათუმისთვის გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა 35 მილიონიდან 25-მდე მცირდება, ქობულეთი კი, 20 მილიონის ნაცვლად 13 მილიონს მიიღებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული ტრანსფერის ოდენობა 4 მილიონ 827 ათასიდან 3 მილიონამდე მცირდება, შუახევში 4,5 მილიონიდან 2 მილიონამდე, ხულოში 3 მილიონ 141 ათასიდან – 2 მილიონამდე.

უცვლელი მხოლოდ ქედისთვის გამოყოფილი ტრანსფერია და იგი ზუსტად 3 მილიონს შეადგენს.

რატომ ამცირებს მთავრობა მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის ოდენობას? – უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტრანსფერი არ უნდა შემცირდეს და შენიშვნა აჭარის მთავრობას უკვე მისწერა.

ტრანსფერის შემცირებას არც უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ეთანხმება. გია აბულაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიიჩნევს, რომ ტრანსფერების შემცირების მიზეზი ნაშთია, რომელიც მუნიციპალიტეტებს რჩებათ. „მაგრამ ტრანსფერის შემცირება არ არის გამოსავალი. პრობლემაა ისიც, რომ  მუნიციპალიტეტებს მილიონობით თანხა აუთვისებელი რჩებათ. ეს არის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობისა და აჭარის მთავრობის პრობლემაც,“ – აღნიშნავს გია აბულაძე.

თეა ჯანაშია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი „ბათუმელებთან“ საუბრის დროს განმარტავს, რომ „ტრანსფერის ოდენობის განსაზღვრის დროს აჭარის მთავრობამ მხედველობაში მიიღო მუნიციპალიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია და რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური მდგომარეობა. გარდა ამისა, როგორც იცით, გვაქვს მუნიციპალური განვითარების პროექტების ფონდი, საიდანაც ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტების მიერ მოთხოვნილი პროექტები.“

აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, მხოლოდ 10 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

რა იგულისხმება მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ ინფორმაციაში? – თეა ჯანაშიას თქმით, მუნიციპალიტეტებმა წინა წლისგან განსხვავებული ოდენობის ტრანსფერი მოითხოვეს: „სავარაუდოდ მოხდება ტრანსფერის ოდენობის გაზრდა, ჩვენ უკვე მივიღეთ შენიშვნები უმაღლესი საბჭოსგან და მოხდება კორექტირება. ხელახლა დამუშავდება ეს ციფრები… რამდენით გაიზრდება ტრანსფერი, ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით“.

2016 წელს ყველაზე მეტი თანხა ქობულეთს დარჩა დაუხარჯავი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი გასულ წელს 2 მილიონ 259 ათასი ლარი იყო.

„არ მგონია, ეს ციფრი ზუსტი იყოს. რამდენი იყო, ახლა ვერ გეტყვით… ხდებოდა ისე, რომ ზოგჯერ ეს თანხა იყო გარდამავალი, მაგალითად, მახსოვს სამხარაულის ბიუროს დასკვნა კომპანიამ დროულად ვერ წარმოადგინა და ამიტომ მას თანხა მეორე წლის დასაწყისში ჩაერიცხა. ასევე იყო შემთხვევა, როცა მოსახლეობამ საზაფხულო სეზონის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება გვთხოვა, სექტემბერშიც ხალხიაო და ვერ დავიწყეთ. თანხა იყო და არ დაიხარჯაო, ამის თქმა არაა სწორი,“ – გვითხრა ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ.

შუახევის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს მილიონ 466 ათასი ლარი ვერ დახარჯა.

ტარიელ ებრალიძე, შუახევის ყოფილი გამგებელი: „თავს შევიკავებ კომენტარისგან, რადგან გამგებელი აღარ ვარ… როგორც მახსოვს, ბიუჯეტის 95 პროცენტი შესრულდა და მუნიციპალიტეტების სამეულში შუახევი იყო, სადაც ბიუჯეტი წარმატებით შესრულდა. კონკრეტულ პროექტზე მილების შემოტანა დაგვიანდა, წყალსაცავს უკავშირდებოდა ეს. მილები უცხო ქვეყნიდან უნდა შემოეტანათ და ამის გამო დაგვრჩა მაშინ ეს თანხა“.

2016 წელს ბათუმს 104 ათასი ლარი ჰქონდა ნაშთი, ხელვაჩაურს – მილიონ 559 ათასი, ქედას – 382 500, ხულოს – 675 ათასი ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: