სიახლეები

დეპუტატი 25 წლის ახალგაზრდის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და „ევექსს“ აკისრებს

04.05.2015 • 1268
დეპუტატი 25 წლის ახალგაზრდის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და „ევექსს“ აკისრებს

 

ჯემალ ფუტკარაძე
ჯემალ ფუტკარაძე

წელს, 27 აპრილიდან სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ შემოიღო რეფერირების ახალი სისტემა და აჭარის მაღალმთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისების განხორციელებაზე უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა ძალიან მკაცრი გამოხმაურება, საგანგებო რეჟიმში ჩავატარეთ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაფართოებული სხდომა, მოვიწვიეთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ერთად და ვკითხეთ როგორი იყო მათი ხედვა ამ პრობლემაზე. ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს იქნებოდა დამღუპველი და სავალალო შედეგს გამოიწვევდა.

 

რა თქმა უნდა, გარკვეული პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით გატარდა. ეს აისახებოდა იმაში, რომ მოსახლეობას არ უნდა გადეხადა თანხა ან თუ გადაიხდიდა, ავუნაზღაურებდით სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისა და იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. მაგრამ რასაც ვერ ავუნაზღაურებდით და რასაც ვთხოვდით, იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ექიმის მომსახურება. სავალალო შედეგი მივიღეთ გუშინ: დარწმუნებული ვარ, გუშინ დაჭრილი 25 წლის ახალგაზრდის გადარჩენის შანსი, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა კლინიკაში, 100%-ით არსებობდა, მაგრამ საავადმყოფოში არ აღმოჩნდა ექიმი. ეს არის ის დამღუპველი პოლიტიკა, რომელსაც დასაბამი დაუდო ნაციონალურმა მოძრაობამ და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო მის ჩამოშლას.

 

ამასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, ბატონ დავით სერგეენკოს – ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს, ის არის, რომ სამედიცინო მომსახურეობა,  რომელსაც კორპორაცია „ევექსი“ ახორციელებს, კლინიკები ხულოში, შუახევსა და ქედაში უნდა გადმოვიდეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა პროგრამის განხორციელება.

 

გადმოცემაში რას გულისხმობთ, ეს კლინიკები ხომ კერძო საკუთრებაა?

კერძო საკუთრება არის, მაგრამ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ამ სამედიცინო კორპორაციასთან. არ არსებობს, რომ მოლაპარაკების საფუძველზე ვერ მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩემთვის პიველადი მონაცემებით ცნობილია, რომ ისინიც გამოთქვამენ მზადყოფნას გარკვეული ფორმით დაუბრუნონ ეს სახელმწიფოს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ  ვერ მოხერხდა მოლაპარაკება „ევექსთან“, მაშინ სახელმწიფომ უნდა შექმნას ალტერნატიული სამედიცინო ცენტრები და სახელმწიფო პროგრამა სწორედ თავის ცენტრებში განახორციელოს. როდესაც „ევექსი“ დაინახავს, რომ მას ასეთი საშიშროება დაემუქრება, ის გადმოდგამს ნაბიჯს თანამშრომლობისკენ.

 

რამდენადაც ცნობილია, „ევექსს“ მაღალმთიან აჭარაში კლინიკების გახსნის პროცესში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფოსგან. ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, სახელმწიფოსა და „ევექსს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დეტალები და რამდენად ასრულებს „ევექსი“ ამ პირობებს?

დღევანდელი ბრიფინგის ერთ-ერთი თემა ესეც არის, რომ ჩვენ ვერაფრით მოვახერხოთ მისი მოპოვება და იქნება ჟურნალისტები დაგვეხმაროთ, რომ ხელშეკრულება რომელიც არის გაფორმებული სააქციო საზოგადოება „ევექსთან“, გახდეს საჯარო… ჩემთვის ამ ხელშეკრულებიდან ერთადერთი პუნქტი არის ცნობილი, როგორც ვიცი, „ევექსი“ ვალდებული იყო 7 წლის განმავლობაში განეხორციელებინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები. მან ესეც კი დაარღვია. 7 წელი არ გასულა და უკვე შეწყვიტა სამედიცნო მომსახურება. როგორც ჩემთვის ცნობილია, თავის დროზე დიდი სასათბურე პირობები, შეღავათები, დათმობები იყო, რომლითაც ალბათ გარკვეული საფინანსო ჯგუფები იყვნენ დაინტერესებული და სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენეს კერძო კომპანიის ინტერესები. ამან რა შედეგიც მოგვიტანა, სახეზეა. მე შევეცდები საჯარო გავხადო ეს ხელშეკრულება და ყველამ დაინახოს, რა ხელშეკრულება გააფორმა თავის დროზე ხელისფლებამ მოსახლობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე რომელი სახელმწიფო ინსტიტუტია?

რამდენადაც ვიცი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

თუნდაც იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი და რომლითაც, როგორც თქვენ ამბობთ, დარღვეული ხელშეკრულების პირობა, კომპანია „ევექსს“ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა. რას ფიქრობთ თქვენ, როგორც უმაღლსი საბჭოს დეპუტატი ამ საკითხზე?

მე ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავაკეთე განაცხადება – აქ მარტო პასუხისმგებლობის საკითხი არ არის მნიშვნელოვანი – ვთქვათ ვინმე, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, დაისაჯა, მერე რა. ჩვენ ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ. მე მახსოვს ბატონ დავით სერგეენკოს პოზიცია, როდესაც თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში შესული იყო ახალი მენეჯმენტი და იქ შეიქმნა სერვისების განხორციელების საშიშროება. მაშინ ბატონი დავით სერგეენკო მივიდა კერძო კომპანიაში და ძალიან მკაცრად უთხრა – კი ბატონო, მესმის თქვენ ხართ კერძო კომპანია და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს კერძო კომპანიის საქმიანობაში, მაგრამ ეს მომსახურება – ჯანმრთელობის დაცვა, არის სახელმწიფოს პრეპოგატივაო. ეს არ არის ისეთი ბიზნესი,  სახელმწიფო რომ არ ჩაერიოს. დიახაც, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი ყველა იმ დამნაშავეს, რომელთა გამოისობითაც დღევანდელი შედეგი დადგა. გარდა ამისა, სასწრაფო წესით უნდა გამოსწორდეს სიტუაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: