მთავარი,სიახლეები

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და პრევენცია – როგორია ბათუმის მერიის პროგრამის შედეგი

30.11.2017 • 3868
ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და პრევენცია – როგორია ბათუმის მერიის პროგრამის შედეგი

ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია – ასე ეწოდება ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც საზღვაო ჰოსპიტალი ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია უფასოა, ასევე, უფასოა ონკო მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით და 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექოსკოპია. ბათუმის მერიას ამ პროგრამის განსახორციელებლად 35 040 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

როგორია პროგრამის შედეგები? – უახლესი მონაცემები მერიაში ჯერ დათვლილი არ აქვთ, თუმცა, 2017 წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში გინეკოლოგის კონსულტაცია, საშვილოსნოს ექოსკოპიური კვლევა და კოლკოსკოპია ჩაუტარდა 639 ადამიანს, ონკომარკერით კვლევა – 840-ს, მამოგრაფია კი – 20 ქალს. კვლევის შედეგად საშვილოსნოს პათოლოგია აღმოაჩნდა 17 ქალს, სიმსივნეზე ეჭვი მიტანილი იქნა ექვს შემთხვევაში.

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, სოფიო მიქელაძის თქმით, პროგრამა 2350 ბენეფიციარზეა გათვლილი:

„პროგრამა გაგრძელდება წლის ბოლომდე, ახლა ვაპირებთ, რომ პროგრამაში ჩავრთოთ მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარი ქალები, რადგან ეს მნიშვნელოვანი პროგრამაა და გვინდა მოსახლეობამ ისარგებლოს. ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვართ [შედეგებით], მიუხედავად იმისა, რომ შესრულების მონიტორიგი განვახორციელეთ. სამწუხაროდ, მოსახლეობის აქტიურობა დაბალია, მომავალში სხვა კუთხითაც ვფიქრობთ ჩართვას, ეს იქნება აგიტაციები, კლიპი… ვფიქრობთ, წავიდეთ იმ დაწესებულებებში, სადაც ბევრი ქალი მუშაობს, ავუხსნათ ადამიანებს, როგორი მნიშვნელოვანია ამ დაავადებების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე, საინფორმაციო დაფები გავაკეთოთ…  ეს კვლევები უფასოა ბათუმში და ისარგებლონ. მოსახლეობასთან ამისათვის დიდი მუშაობაა საჭირო.  ჩვენ სანამ ძალიან ცუდად არ გავხდებით და სასწრაფოთი არ მიგვიყვანენ, მანამდე არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს ჯანმრთელობას.“

სოფიო მიქელაძის ინფორმაციით,  ამ პროგრამას ბათუმის მერია 2018 წელსაც განახორციელებს და ერთ კომპონენტს, სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფიას დაუმატებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 650 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, უშუალოდ საქართველოზე კი ყოველწლიურად 1000-1200 ახალი შემთხვევა მოდის.

ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს შემთხვევების 78% დაავადების I-II სტადიებზე გამოვლინდა, პირველ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა კი 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება.

ონკოლოგების თქმით, გამოკვლევა განსაკუთრებით ეფექტური მაშინაა, როცა ქალს არაფერი აწუხებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: