მთავარი,სიახლეები

პროექტი, რომელიც არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული ქალების გაძლიერებას ისახავს მიზნად

01.12.2017 • 1651
პროექტი, რომელიც არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული ქალების გაძლიერებას ისახავს მიზნად

„მათთან არავის მუშაობს, ძირითადად რჩებიან განათლების გარეშე და ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლები, ამიტომ გვინდა, რომ ისინი გაძლიერდნენ,“ – ამბობს ნინო ხაჩიძე, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის კოორდინატორი ორგანიზაციის ახალი პროექტის შესახებ, რომელიც არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ისახავს მიზნად აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში.

პროექტის – „ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ განხორციელება ნოემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ტრენინგები ჩატარდება არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული ახალგაზრდა ქალებისათვის.

კითხვაზე, რა საკითხებზე გაიმართება ტრენინგები, ნინო ხაჩიძე პასუხობს:

„გვაქვს ოთხი მიმართულება. ვიცით, რომ არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული გოგონების მხრიდან არის მიმართვიანობა აბორტზე,  მათ ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, არა მარტო დედებს, არამედ ბავშვებსაც, ამიტომ გადავწყვიტეთ მათ ჯანმრთელობის საკითხებზე მივაწოდოთ ინფორმაცია: ესაა ორსულობის დაგეგმვა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, თავის დაცვა, 1-დან 12 წლამდე ბავშვის მოვლა, კვება, ვარჯიში… მოწვეული, პროფესიონალი ექიმი ჩაუტარებს მათ ტრენინგს ამ თემაზე.

შემდეგი მიმართულება სამოქალაქო უფლებებია, სადაც განხილული იქნება მათი უფლებები, მათ შორის: საარჩევნო უფლებები, პირადი საკუთრების, ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში, როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, რომ სახელმწიფო მათ იცავთ და ა.შ.

ტრენინგის მონაწილეებს ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სტატისტიკურად ყოველი მეორე არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული გოგონა, ყოველი თუ არა, წყვეტს განათლების მიღებას, რაც არის სერიოზული გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახებულნი არიან და შვილები ჰყავთ, მათ შეუძლიათ იარონ სკოლაში, შეუძლიათ მიიღონ ზოგადი განათლება და ასევე, გააგრძელონ განათლების მიღება, რომ ჰქონდეთ პროფესია. ტრენინგის მონაწილეებს გავაცნობთ იმ რესურსებს, რაც არის რეგიონში. არის პროფესიული სასწავლებლები, სადაც ჩაბარება მარტივია საკმაოდ და მათ შეუძლიათ შეიძინონ პროფესია. ერთი სიტყვით, ჩვენ მათ ვაჩვენებთ გზას, როგორ უნდა მოახდინონ რეალიზება და გაძლიერდნენ.“

ტრენინგების შემდეგ „დემოკრატიის ინსტიტუტი“  ტრენინგის აქტიურ მონაწილეებს, მომავალ ლიდერებს შეარჩევს, რომლებიც დამატებით გაივლიან ტრენინგებს ქედაში მდებარე ორგანიზაციის ოფისში და უკვე თავად შეეცდებიან საჭიროების შემთხვევაში ადვოკატირება გაუწიონ სხვა ქალებს მათსავე თემში.

ნინო ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ტრენინგების შემდეგ თუ მონაწილეებს ექნებათ შეკითხვები, რომელთა დასმა საჯაროდ არ სურთ, მათ ექნებათ საშუალება ცალკე ესაუბრონ ტრენერებს, იურისტსა და ექიმს და საჭიროების შემთხვევაში ადვოკატირებაც მიიღონ.

პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ MERCY CORPS-თან, მუნიციპალიტეტში არსებული „ქალთა ოთახებთან“ პარტნიორობით ახორციელებს.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ორგანიზატორები პროექტის განხორციელებისას შეხვდნენ, ახალგაზრდა ქალების პასიურობაა.

„ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ქალი იყოს ამ პროექტში ჩართული. ბევრი იკავებს თავს. მობილიზატორები არიან ჩვენი პარტნიორები, „ქალთა ოთახების“ წარმომადგენლები, როგორც გვითხრეს, მიზეზად ასახელებენ მოუცლელობას. ძალიან ცოტამ თქვა, ვერ წამოვალთ, რადგან არ სიამოვნებთ ოჯახშიო. სავარაუდოდ ეს მიზეზია და არის ის მომენტიც, რომ ეს ადამიანები მიჩვეულნი არიან ყოველდღიურობას და ტრენინგი მათთვის არის რაღაც ახალი. „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები ცდილობენ დაწვრილებით აუხსნან, რის შესახებაა ტრენინგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ზოგი თავს იკავებს.“

პროექტის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ერთი შეხვედრა. პროექტი 2018 წლის თებერვლამდე გაგრძელდება.

მთავარ ფოტოზე: ნინო ხაჩიძე, პროექტის პრეზენტაცია ხელვაჩაურში. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: