მთავარი,სიახლეები

საჯარო სამსახურებში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

30.11.2017 • 3487
საჯარო სამსახურებში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

2018 წლიდან საჯარო სამსახურებში შრომითი ხელშეკრულებით ხალხის დასაქმება, შესაძლოა შეიზღუდოს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტი ზღუდავს საჯარო დაწესებულებებში შტატგარეშე, ანუ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობას და აწესებს ზღვრულ ოდენობებს, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება ექნება კონკრეტულ უწყებას.

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების [მრჩეველი, თანაშემწე] რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ უწყებაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 10%-ს, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა [დამლაგებელი, მძღოლი, ექსპერტი, სპეციალისტი] რაოდენობა – შტატით დასაქმებულთა 5%-ს [ეს შეზღუდვა არ ვრცელდება წარმომადგენლობით ხელისუფლების ორგანოებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე].

მაგალითისთვის, 2016 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში [ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით] 93 თანამშრომელი იყო შტატით, ხოლო 36 შტატგარეშე [დამლაგებელი, მექვაბე-ელექტრომექანიკოსი, დარაჯი, პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი, დარგის სპეციალისტები, მრეცხავი, ექსპერტები და სხვ.] ამ მონაცემებით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა შტატით დასაქმებულთა რაოდენობის არა 5, არამედ 38%-ზე მეტი იყო.

სამინისტროში „ბათუმელებს“ არაოფიციალურად უთხრეს, რომ კანონპროერქტით განსაზღვრული 5% გაანგარიშებულია საქართველოს სამინისტროების მაგალითზე, სადაც გაცილებით მეტი ადამიანია შტატით. რაც შეეხება, ვთქვათ, აჭარის სამინისტროებს, აქ 5%-ზღვარი არ არის საკმარისი, ვინაიდან „ტექნიკური პერსონალი უწყებაში აუცილებელია და ამის შესაბამისი დასაბუთებაც, ალბათ, იქნება. 500-კაციან სამინისტროში 25 ტექნიკური პერსონალი ლოგიკურია, მაგრამ 100-კაციან სამინისტროში – 5, არ არის საკმარისი“. სამინისტროში ისიც გვითხრეს, რომ შრომითი ხელშეკრულებით თანამშრომლის აყვანა მხოლოდ კონკურსის გზით უნდა მოხდეს.

შტატგარეშე, ანუ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები დღეს იღებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხელფასს, რაც არ არის ასახული ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში. კონტრაქტით აყვანილი თანამშრომლების ხელფასები გაწერილია ბიუჯეტის სხვა მუხლში – „საქონელი და მომსახურება“.

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტში შტატში დასაქმებულთა რაოდენობა 252-ით შემცირებულია [ესეც იმიტომ, რომ ისინი მიმდინარე წლის ივლისიდან გადაიყვანეს კონტრაქტზე], ხოლო „შრომის ანაზღაურების“ მუხლი შემცირებულია 1,1 მილიონი ლარით. თუმცა, მომავალი წლიდან 5,5 მილიონი ლარით იზრდება „საქონელი და მომსახურების“ მუხლი ბიუჯეტში, საიდანაც ხელფასს ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები აიღებენ.

შრომითი ხელშეკრულებით რამდენი ადამიანის აყვანის უფლება ექნება აჭარაში სამინისტროებს [მათ შორის ააიპ-ებსა და სსიპ-ებს], ეს აღნიშნული ზედა ზღვრების დამტკიცების შემთხვევაში გახდება ცნობილი.

2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 96 ადამიანი იყო დასაქმებული. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, აქედან ორი – მინისტრის თანაშემწე და მრჩეველი, დასაქმებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 16 – შრომითი ხელშეკრულებით. ანუ, სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 20%-ს აღემატებოდა.

რამდენია საშტატო ნუსხა და ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა დღეს [30 ნოემბრისთვის] – ამ მონაცემებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ველოდებით.

თუ აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და ისევ ფინანსთა სამინისტროს მოვიყვანთ მაგალითად, ამ შემთხვევაში, ანუ 5%-იანი ზღვარის დროს, სამინისტროს უფლება ექნება შრომითი ხელშეკრულებით აიყვანოს მხოლოდ 4 ან 5 ადამიანი და არა 36, ან თუნდაც 16.

თუმცა, საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული შეზღუდვიდან გამონაკლისი ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში დაიშვება შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით [სახელმწიფო ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებებში კი ასეთი გამონაკლისი დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით].

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტით კი, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე 2018 წლიდან შესაძლებელი იქნება როგორც დანამატების, ასევე ფულადი ჯილდოს [პრემიის] გაცემაც. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია და ჯერ პირველი მოსმენითაც არ განუხილავთ, ადგენს ხელფასის, დანამატისა და ფულადი ჯილდოს მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას და გაცემის წესს საჯარო დაწესებულებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: