მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძე ზონალური საბჭოს დათხოვნას არ ჩქარობს 

30.11.2017 • 2924
ზურაბ პატარაძე ზონალური საბჭოს დათხოვნას არ ჩქარობს 

ერთი თვის წინ, 31 ოქტომბერს, პრივატულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ორგანიზაცია „ბათომსშეჰპირდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს დაითხოვდა და ახალ საბჭოს დარგის სპეციალისტებით დააკომპლექტებდა.

„ბათომში“ მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს ძეგლებთან მიმართებაში, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ საბჭოს არაკომპეტენტურმა გადაწყვეტილებებმა ძველი ბათუმის იერსახე მნიშვნელოვნად დააზიანა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს ფორმირების საკითხზე აჭარის განათლების სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მუშაობენ. მას შემდეგ კი, რაც ისინი მთავრობის თავმჯდომარეს შესაბამის წინადადებას წარუდგენენ, მთავრობის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, დანაპირებს შეასრულებს და მოქმედ საბჭოს დაითხოვს.

სააგენტოში განმარტეს, რომ ახალ საბჭოში მოიაზრებენ სპეციალისტების მოწვევას სხვადასხვა ქალაქიდან, თუმცა, საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი არ არის. სააგენტოში საბჭოში მათი დისტანციური ჩართვის  შესაძლებლობასა და ამ პროცესის იურიდიული მხარის მოგვარების საკითხებს განიხილავენ.

ორგანიზაცია „ბათომში“ მიიჩნევენ, რომ აჭარის მთავრობამ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა დააჩქაროს, რადგან არსებული საბჭო  საქმიანობას აგრძელებს, ამან კი შეიძლება კიდევ გაზარდოს მშენებლობებზე გაცემული ისეთი ნებართვების რაოდენობა, რაც ძეგლებს დააზარალებს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შვიდი  წევრისგან შედგება. შვიდივე საჯარო მოხელეა და მათ შორის არქიტექტორი მხოლოდ ერთია.

საბჭოში შედიან, საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ასლანიშვილი, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელია, ის პროფესიით ისტორიკოსია, მირზა ცეცხლაძე სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების და მონიტორინგის  განყოფილების უფროსი – იურისტი, ნუგზარ ძნელაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი – არქიტექტორი, ზაალ მამუჭაძე – ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – იურისტი, ალექსანდრე მითაიშვილი ბათუმის მერის ყოფილი მოადგილე – ეკონომისტი [მან დატოვა მერის მოადგილის თანამდებობა, შესაბამისად დატოვა საბჭოც] , ირაკლი ახალაძე – ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი – ინჟინერი და კახა შაშიკაძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსი – ეკონომისტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: