სიახლეები

დოკუმენტური ფილმების ჩვენება ბათუმში (ანონსი)

29.11.2017 • 2124
დოკუმენტური ფილმების ჩვენება ბათუმში (ანონსი)

8 დეკემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყობა.

ნაჩვენები იქნება სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი:

  • „აპოლო-ჯავახეთი“, ბაქარ ჩერქეზიშვილი
  • „კოცნა მხოლოდ კინოშია“, მერი შიხაშვილი
  • „ნახევრადშეჭმული ძროხა“, სალომე ჯაში.

სამივე ფილმის საერთო თემა ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობაა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. მათი გმირები მოზარდები არიან, რომლებიც თავის გატანისა და გადარჩენისთვის იძულებულები არიან, თავიანთი ასაკისთვის შეუფერებელი მძიმე ტვირთი ატარონ: იშრომონ დაუღალავად ან გათხოვდნენ ნაადრევად და მოუარონ ოჯახებს. ამიტომ სკოლაში სიარულისა და სწავლისათვის მათ დრო თითქმის აღარ რჩებათ.

“სალომე ჯაშის ფილმში „ნახევრადშეჭმული ძროხა“, ადიგენის რაიონში მცხოვრები მოზარდები მწყემსობის დროს თავს გადახდენილი ფათერაკების შესახებ მოგვითხრობენ. ეს ისტორიები ლეგენდებივით ჟღერს, თუმცა ფილმში კარგად ჩანს, რომ იუმორით და მსუბუქად მოყოლილი ამბების უკან მოზარდების მიერ რეალურად განცდილი შიშები და მძიმე ცხოვრებაა.

სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 12 წლის ბიჭი, ბანდურა, ბაქარ ჩერქეზიშვილის „აპოლო-ჯავახეთის“  პროტაგონისტია. ოპერატორის კამერა ისე მიჰყვება მის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომ მაყურებელი მოწმე ხდება მისი მძიმე ფიზიკური შრომის, დედასთან ურთიერთობის, სკოლაში სწავლის პროცესისა და კოსმოსური ხომალდებით გატაცების. ამ ბიჭის ამბავი ერთდროულად სევდიანიცაა და იმედის მომცემიც, რადგან მაყურებელი ხვდება, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, მას ძლიერი ნებისყოფა აქვს ოცნების მისაღწევად.

„კოცნა მხოლოდ კინოშია“ – მერი შიხაშვილის ფილმი ქვემო ქართლის სოფელ ტალავერში მცხოვრები უფროსკლასელი გოგონების შესახებ მოგვითხრობს. ამ გოგონებიდან სწავლის გაგრძელების პერსპექტივა ცოტას თუ აქვს, უმეტესობის სახლის კარებზე წითელი ბაფთებია, რაც ნიშნავს, რომ ოჯახში მცხოვრები გოგონა დანიშნულია. ფილმი გვთავაზობს ინტერვიუების სერიას გოგონებთან და მათ დედებთან, რაც კარგად აჩვენებს ახალი თაობის შინაგან პროტესტს ადრეული ქორწინების მიმართ და იმ გარემოს, რომლის შეცვლაც არც თუ ისე მარტივია”.

დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებენ პროექტის ფარგლებში “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში” , ევროკავშირისა და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.

მის.: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62-64,

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
ტელ.: 0 422 22 55 40

გადაბეჭდვის წესი


ასევე: