მთავარი,სიახლეები

კონფერენცია და საინფორმაციო ტური სამედიცინო ტურიზმზე თურქეთში

29.11.2017 • 3252
კონფერენცია და საინფორმაციო ტური სამედიცინო ტურიზმზე თურქეთში

ერზრუმი, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარე ქალაქი, თურქეთის რესპუბლიკის ამავე სახელწოდების პროვინციაში, ბათუმიდან დაახლოებით ექვსსაათიანი საავტომობილო გზითაა დაშორებული. მთიან რეგიონში მდებარე ქალაქისა და მთლიანად რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტურიზმის განვითარებაა.

სწორედ ტურიზმის მნიშვნელოვან მიმართულებას, სამედიცინო ტურიზმს შეეხებოდა ტურიზმისა და ინოვაციების მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ნოემბერში ერზრუმში გაიმართა.

კონფერენციას და საინფორმაციო ტურს, რომელსაც ერზრუმსა და მის მიმდებარედ სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების გაცნობას მოიცავდა, სამი ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის დელეგაციები ესწრებოდნენ.  კონფერენციაზე აჭარიდან ჩასული დელეგაციის წევრები იყვნენ: აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, საზღვაო ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი, თამარ ქაჩლიშვილი და აჭარის ონკოლოგიური ცენტრის [მედცენტრი] კლინიკური მენეჯერი, მედეა ქაჯაია. კონფერენციასა და საინფორმაციო ტურს გასაშუქებლად ესწრებოდა „ბათუმელებიც“.

სამთო, სპორტული და სამედიცინო ტურიზმი – ამ მიმართულებების გასაძლიერებლად ერზრუმში დიდი ძალისხმევა იხარჯება. სწორედ სახელმწიფოს როლსა და ეკონომიკაში ტურიზმის ყოველწლიურად მზარდ მნიშვნელობაზე ისაუბრა ერზრუმის გუბერნატორმა სამედიცინო ტურიზმის კონფერენციის გახსნაზე:

„ტურიზმი, მეცნიერების შემდეგ, თავისი გლობალურობით ყველაზე მზარდი სექტორია. მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ადამიანი ტურისტული მიზნით მოგზაურობს.

2023 წლისთვის ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისების შექმნა, მეტი შემოსავლის მიღება იგეგმება. ჯანდაცვა და ტურიზმი ძალიან დიდ როლს ითამაშებს ამ ყველაფერში. ცნობილია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებით შემოსული ტურისტი საშუალოდ 22-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს ქვეყანაში.

ჩვენს [ერზრუმის] რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან დიდი ინვერსტიციებია გათვალისწინებული. ქალაქ ერზრუმში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული, სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს მშენებლობაზე 319 მილიონი ლირა დაიხარჯა. ამ ყველაფრის დამსახურებით, მეზობელი ქვეყნების უფრო დაახლოებას და ერზრუმის უფრო პოპულარულ ქალაქად გადაქვეცვას ვგეგმვათ,“ – განაცხადა ერზურემის გუბერნატორმა სეიფეთინ აზიზოღლუმ.

ერზრუმის რეგიონალური სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ჰოსპიტალი, რომელზეც მერმა ისაუბრა, 1200-პალატიანი იქნება და ერთ-ერთი უდიდესი რეგიონებს შორის მდებარე საავადმყოფოებიდან. ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და როგორც აქ გვითხრეს, გასულ წელს დაწესებულებას 2500-მდე უცხოელი პაციენტი ესტუმრა, მათ შორის შვიდი – საქართველოდან. ყველაზე მეტი პაციენტი ამ საავადმყოფოს ირანიდან და აზერბაიჯანიდან ჰყავს.  ახლა საავადმყოფოს ძველი შენობის გვერდით უზარმაზარი, ახალი შენობა დგას, რომლის გახსნა რამდენიმე თვეში იგეგმება. ახალი, ცხრასართულიანი კორპუსი გვირაბით უკავშირდება ძველ შენობას.

კონფერენციისა და საინფორმაციო ტურის მონაწილეები. ფოტო: ლიზა თედორაძე

„ერზრუმი სტუდენტების ქალაქია, აქ 100 ათასი სტუდენტი ცხოვრობს,“ – ჩასვლისთანავე გვითხრა ანზორ ხოზრევანიძემ, რომელიც ქართულ დელეგაციას კონფერენციაზე და საინფორმაციო ტურის დროს თარჯიმნობას უწევდა. ანზორი ბათუმელია და მეოთხე წელია ერზრუმში სწავლობს, ათათურქის უნივერსიტეტში.

სწორედ ათათურქის უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკა აღმოჩნდა ყველაზე დიდი და ხალხმრავალი საინფორმაციო ტურის ფარგლებში დათვალიერებულ საავადმყოფოებს შორის. საუნივერსიტეტო კლინიკა 1450-საწოლიანია და  25 საოპერაციო ბლოკი აქვს:

„ჩვენს საავადმყოფოს 2650 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 551 აკადემიური პერსონალია. ჩვენ ISO ხარისხის დიპლომებს გავცემთ, აქ  ტარდება ძვლის ტვინის, ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვის ოპერაციები, სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სამსახური იყოფა ორ განყოფილებად – უფროსებისა და ბავშვებისათვის, კლინკას აქვს დამწვრობის ცენტრიც და ბევრი სხვა მიმართულება. განვითარებული, მაღალი დონის მომსახურება გაგვაჩნია, კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით,“ – გვითხრეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც კლინიკის საქმიანობის შესახებ მოკლე ანგარიშიც წარადგინეს სლაიდშოუს სახით. აქედან გავიგეთ, რომ კლინიკაში ორგანოების გადანერგვა 2004 წლიდან ხდება და ამ ხნის მანძილზე ათათურქის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტებს 300 – თირკმელს და 200 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აქვთ გაკეთებული, კლინიკა, რომლის შენობებიც 165 ათას კვ მეტრზეა განთავსებული, 12 რეგიონს ემსახურება, სულ ოთხნახევარ მილიონ ადამიანს.

ფოტო: ლიზა თედორაძე

სახელმწიფო საავადმყოფოების გარდა ერზრუმში კერძო კლინიკებიცაა. სახელმწიფო კლინიკებთან შედარებით, აქ პაციენტების ნაკლებობა შეიმჩნევა, თუმცა, როგორც კერძო კლინიკებში ამბობენ, მათი პრიორიტეტი უფრო გამართული, პაციენტების მოთხოვნებზე მორგებული სამედიცინო სერვისი და კარგი რეპუტაციაა. სწორედ ამის გამო კერძო კლინიკებში ვერ ნახავთ რიგებს, აქ ჩაწერის და ექიმთან წინასწარ შეთანხმების სისტემა მუშაობს, ძირითადად, დაცულია პრინციპი – ერთი პალატა – ერთი პაციენტი. პალატა კომფორტულია და სასტუმროს ნომრის მსგავსადაა მოწყობილი.

ერზრუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კერძო კლინიკაა „ბუჰარა“.  ეს კლინიკა სამედიცინო ბაზარზე 22 წელია მუშაობს და მისი მთავარი მიმართულება კარდიოლოგიაა. 96 საწოლზე გათვლილი „ბუჰარა“ განსაკუთრებითაა დაინტერესებული სამედიცინო ტურიზმით და კლინიკაში უცხოელი პაციენტების მოზიდვით.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ერზრუმში სამედიცინო ტურიზმის შემაფერხებლად განიხილავენ, პირდაპირი ავიარეისების არარსებობაა ერზრუმის სამიზნე რეგიონებთან. იმისათვის, რომ, მაგალითად, საქართველოდან ერზრუმში ჩაფრინდეთ, თვითმფრინავის რამდენიმე რეისის გამოცვლაა საჭირო, ბათუმიდან ერზრუმამდე, საავტომობილო გზით, 300-მდე კილომეტრია, თუმცა თუ ამას დავუმატებთ ორი ქვეყნის, თურქეთისა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დროს, ამ რეგიონში ჩასასვლელად 6-9 საათია საჭირო.

კლინიკა “ბუჰარა“, ფოტო: ლიზა თედორაძე

რობოტი. ფოტო: ლიზა თედორაძე

კიდევ ერთი დიდი, საუნივერსიტეტო კლინიკა მდებარეობს ერზრუმიდან დაახლოებით ორი საათის სავალ გზაზე, ქალაქ ერზინკანში. ეს ვულკანურ მთებთან ახლოს მდებარე 100-ათასიანი ქალაქია, რომელმაც 90-იან წლებში დამანგრეველი მიწისძვრა გადაიტანა, ამიტომაც ქალაქში, ძირითადად, ოთხი და ხუთსართულიანი სახლებია. 2006 წელს აქ უნივერსიტეტი დაარსდა, რომელსაც საკუთარი კვლევითი საავადმყოფო აქვს.

ერზინკანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გვითხრეს, რომ აქ 1500 ადამიანი მუშაობს და დღეში, საშუალოდ, 500 პაციენტს იღებენ, რომლებიც არა მხოლოდ ქალაქიდან, არამედ ახლო რეგიონებიდან და ქვეყნებიდან ჩამოდიან სამკურნალოდ, ყველაზე ხშირად – ირანიდან.

ამავე ქალაქშია კერძო, მრავალპროფილური „ნეონ ჰოსპიტალიც“. 76-საწოლიან ჰოსპიტალში დაცულია კერძო კლინიკების ერთი-ერთი მთავარი მახასიათებელი – ერთი პაციენტისთვის ერთი პალატაა განკუთვნილი.

ერზრუმის რეგიონი, პირველ რიგში, მაინც სამთო ტურიზმითაა ცნობილი, ამიტომაც საინფორმაციო ტურის ნაწილი იყო სპორტული მოედნების, თერმული სპა-ცენტრების და ერზინკანთან ახლოს მდებარე მინერალური წყლების კურორტის მონახულებაც. სპორტული კომპლექსების სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქი ერზრუმი, სადაც  ყინულის ექვსი მოედანია.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციისა და საინფორმაციო ტურის ფარგლებში? – „ბათუმელებმა“ ამის შეფასება აჭარის დელეგაციის წევრებს სთხოვა.

ზურაბ თენიეშვილი. ფოტო: ლიზა თედორაძე

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ურთიერთობების ჩამოყალიბებაა რეგიონებს შორის, მით უფრო, რომ შეხვედრაში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ თურქეთის, არამედ აზარბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლებიც – მიიჩნევს აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი:

„ჯერჯერობით, სხვა რაიმე კონკრეტულის თქმა ძნელია, რადგან შესაფასებელია ყველაფერი, რაც ჩვენ ვნახეთ. საკმაოდ მოწესრიგებული და კარგად აღჭურვილი აქვთ სამედიცინო დაწესებულებები, პრაქტიკულად ყველა ის ოპერაცია კეთდება, რაც მოწინავე ქვეყნებში,  მაგრამ რამდენად უკეთესია ჩვენს მედიცინაზე – ეს დროის ამბავია, რომ გავარკვიოთ.

ზოგადად, უნდა განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, ეს აუცილებელია, რომ გავიზიაროთ და უფრო ხელმისაწვდომი იყოს ის სამედიცინო მომსახურება, რაც ჩვენთან არ არის.

სამედიცინო ტურიზმის განვითარება ემსახურება, პირველ რიგში, წვდომას, შემდეგ ფასებს და ასევე – ხარისხს. თუ ყველა ეს კომპონენტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იქნება ხელმისაწვდომი, სამედიცინო ტურიზმი უფრო სწრაფად განვითარდება.“

ყოველწლიურად რამდენი ქართველი მიდის უცხოეთში და მათ შორის, თურქეთში სამკურნალოდ, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ზურაბ თენიეშვილი ამბობს, რომ პირიქითაც ხდება, როცა თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან პაციენტები საქართველოში, როგორც სამედიცინო მიმართულების ტურისტები. ეს, ძირითადად, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკების პაციენტები არიან, რომელთაც საქართველოში ამ სფეროში არსებული, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი ფასები და ლოიალური კანონმდებლობა იზიდავთ.

ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით კონფერენცია და საინფორმაციო ტური საინტერესო აღმოჩნდა თამარ ქაჩლიშვილისთვის, საზღვაო ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორისთვის. საინფორმაციო ტურის შეფასებისას მან ხაზი გაუსვა კერძო კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობასაც:

„საინტერესო იყო ეს ვიზიტი იმ კუთხითაც, რომ ჩანს, როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო კერძო კლინიკებთან.

საქართველოში კერძო კლინიკებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ეს ძალიან მარტივია – იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დროულად დარიცხავს თანხას კერძო კლინიკაში, ბიზნესი ყოველთვის იზრუნებს თავისი კადრების განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შესაბამისად, ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერა არაა საჭირო. მთავარია, დროულად გადაგვიხადონ თანხა, რომ მერე ჩვენ შევძლოთ ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სერვისების დანერგვა, კადრების სტაჟირება…

ქვეყანამ უნდა შეძლოს ისეთი რეგულაციების დაწესება, რომ კლინიკები არ დაიხრჩონ. ჩვენთან ხდება ისე, რომ შემოდის რეგულაცია, რომელიც მოითხოვს რეინვესტირებას, ამ დროს კი თანხა არ გერიცხება, რომ დროულად დააკმაყოფილო რეგულაციის მოთხოვნა, შესაბამისად, მიდიხარ ბანკთან და, ფაქტობრივად, იქმნება მანკიერი წრე, საიდანაც თავის დაღწევა კლინიკას უჭირს. თუ დაფინანსების სისტემა მოწესრიგდება, ჯანდაცვას კერძო ბიზნესი განავითარებს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების სწორი ფორმებით.“

მედეა ქაჯაია, თამარ ქაჩლიშვილი. ფოტო: ლიზა თედორაძე

მედეა ქაჯაიას, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკურ მენეჯერს,  განსაკუთრებით საინტერესოდ მიაჩნია იმ თურქი პაციენტების მოტივაცია, რომლებიც კერძო კლინიკაში არჩევენ მკურნალობას:

„თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში, როდესაც ყველა მოქალაქე დაზღვეულია და შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით, მაინც არსებობს კერძო სექტორი. მე ვკითხე რამდენიმე კერძო საავადმყოფოს დირექტორს, რით არსებობენ. საქმე იმაშია, რომ თურქეთში, სახელმწიფო საავადმყოფოებში არსებობს იგივე პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩვენთან: ეს არის რიგები, ექიმები, რომელთაც უწევთ დღეში 50 და ასი პაციენტის მიღება. ეს არ ხდება კერძო კლინიკებში, სადაც მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ჰყავთ, რიგები მოწესრიგებულია, მუშაობს ჩაწერის სისტემა და ეს ქმნის კომფორტს, ამიტომაც, ამ დაფინანსების სისტემაშიც, კერძო სექტორს აქვს თავის ადგილი და კარგი რეპუტაცია.

კლინიკა „ბუჰარაში“ ჩვენ ვნახეთ ძალიან ძლიერი ინტენსიური და რეანიმაციული სექტორი, ასეთი ძლიერი რეანიმაცია მე არ მინახავს სახელმწიფო დაწესებულებაში. არის რაღაც სერვისები, რომლებიც უფრო კარგად განვითარებულია კერძო კლინიკებში.

ჩვენთან ცოტა სხვა სიტუაციაა, მაგრამ მაინც ჰგავს [ამ მოდელს], ადამიანი თვითონ ირჩევს, სად მიიღოს სამედიცინო სერვისი, თუ სახელმწიფო კლინიკას მიმართავს, მას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს, თუ კერძოში მიდის, სადაც მომსახურება ორჯერ უფრო ძვირია, მაგრამ მაინც აკეთებს ამ არჩევანს, მაშინ თავისი ჯიბიდან იხდის ამ თანხას. ჩვენთანაც ასეა, რაღაც ნოზოლოგიებს სახელმწიფო აფინანსებს, დანარჩენს პაციენტი ამატებს, მაგრამ ჩვენთანაც ირჩევს.

ზოგადად, ბიზნესს მეტი მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ დაიკავოს პირველობა ბაზარზე. ჩემი აზრით, სისულელეა, რომ ყველა საავადმყოფოში ერთი და იგივე სერვისი იყოს, რაც ჩვენთან ხდება, უნდა განვავითაროთ ის, რისი დეფიციტიცაა ჩვენთან. მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიური მიმართულებაა მთავარი და ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ ამაში,“ – აღნიშნა მედეა ქაჯაიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: