მთავარი,სიახლეები

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს“ – მოსამართლის შეფასება გიორგი ოქროპირიძის საქმეზე

29.11.2017 • 6055
„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს“ – მოსამართლის შეფასება გიორგი ოქროპირიძის საქმეზე

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს,“ – ამ ფრაზას გიორგი ოქროპირიძის იმ განაჩენში ნახავთ, რომელსაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა 10 ნოემბერს აწერს ხელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ დასმენასა და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გაამართლა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებაში არაერთხელ ახსენებს, რომ საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება იყო „არასრულყოფილი“ და „არაეფექტური“.

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში ყოფნის დროს, გიორგი ოქროპირიძემ გამოძიებას მიმართა და უთხრა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს ამ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, აწამეს – დანაშაულის აღიარების მოთხოვნით. ამის შესახებ გიორგი ოქროპირიძემ მისწერა სახალხო დამცველსაც.

ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ გამოძიებას უთხრა, რომ გიორგი ოქროპირიძე არ უწამებიათ და რომ ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა და მათ გადააბრალა; ის შიმშილობდა, სუიციდისკენ იყო მიდრეკილი, მუდმივად იმყოფებოდა ვიდეოკონტროლის ქვეშ. პროკურატურამ სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა-განმარტების გამო გამოძიება ოქროპირიძის წინააღმდეგ დაიწყო, ცრუ დასმენის მუხლით.

მოწმეების მიერ ნახსენები „მუდმივი ვიდეოკონტროლის“ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ციხის ადმინისტრაციას არ ჰქონდა შენახული არც ერთი ფირი, რაც დაადასტურებდა თვითდაზიანების მიყენების ფაქტს. განაჩენის სწორედ ამ ნაწილში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა წერს, რომ „გაოცებას ვერ მალავს“.

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, თუკი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის წინაწარ განჭვრეტადი იყო, რომ პატიმარი გ. ოქროპირიძე მიიყენებდა თვითდაზიანებას, ხოლო შემდეგ დაზიანების მიყენებას დააბრალებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, მყისიერად რატომ არ მოხდა ამ ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელზედაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებების ნამდვილობა იქნებოდა ასახული“, – აღნიშნულია განაჩენში.

სასამართლომ ხაზგასმით თქვა, რომ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე, რაც ციხეში წამებას შეეხებოდა, სრულყოფილი გამოძიება არ ჩატარებულა. სასამართლოს გამოძიებამ მოწმეებად ბათუმის ციხის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები წარუდგინა, რომლებსაც გიორგი ოქროპირიძე წამებაში ადანაშაულებდა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს:

„გამოძიებამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები შესაძლოა სუბიექტური ყოფილიყო და სავარაუდოდ მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები არ შეიძლება გაზიარებული და უტყუარად მიჩნეული იქნას“.

კიდევ ერთი ამონარიდი განაჩენიდან: „გამოძიება შემოიფარგლა… კონკრეტულად იმ პირების დაკითხვით, რომელთა უმრავლესობასაც პატიმარი გ. ოქროპირიძე ამხელდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაში“.

განაჩენში ასევე წერია, რომ ბრალდებული შიმშილობისგან იმდენად დაუძლურებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. სწორედ ამ ნაწილში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოძიების კიდევ ერთ სისუსტეზე წერს ხაზგასმით – „ბრალდებამ სათანადოდ არ შეაფასა, რამდენიმე კვირის მოშიმშილე პატიმარს, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით იყო იმდენად დაუძლურებული, რომ გადაადგილებაც კი უჭირდა, გონივრულად რამდენად შეეძლო ყველა იმ ფიზიკური აქტივობის განხორციელება, რაშიც მას ბრალდების მოწმეები ამხელს [ხელით კაფელის ჩამოტეხვა, პლასტმასის ბოთლის გატეხვა]“.

გიორგი ოქროპირიძის საქმეში ეს არაა პირველი შემთხვევა, რომელიც გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნებს აჩენს. გიორგი ოქროპირიძე მკვლელობის ბრალდებით 2014 წლის 12 სექტემბერს დააკავეს. 2015 წლის ივნისში გიორგი ოქროპირიძის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ნაფიც მსაჯულების მიერ ვერდიქტის ვერგამოტანა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკის საგანი გახდა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მოუწოდა სახელმწიფო სტრუქტურებს, გიორგი ოქროპირიძე ყველა ხერხით დაეტოვებინათ პატიმრობაში.

ვერდიქტის ვერმიღებიდან სამ დღეში ოქროპირიძეს ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურებოდა. სწორედ ამ სამი დღის გასვლამდე გიორგი  ოქროპირიძეს ახალი ბრალი წაუყენეს, ბათუმის მე-3 დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ცრუ დასმენისთვის და ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

ხელახლა შეკრებილმა ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძეს განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მსჯავრდებულმა განაჩენი ევროსასამართლოში გაასაჩივრა.

 

ამ თემაზე:

ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: