კვირის ამბები,სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები

28.11.2017 • 5348
კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება  დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 24-25 ნოემბერს კულტუროლოგმა, ცირა ელისაშვილმა, მარადიდის საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზე  – „კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები“.

გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს.

ცირა ელისაშვილი:

არსებობს კულტურის ზოგადი და კონკრეტული აღქმა.  თუ ვიტყვით  –  მე მომწონს  დასავლური ან აღმოსავლური კულტურა, ეს ცოტა ზოგადი განაცხადია. მაგრამ შესაძლებელია დავაკონკრეტოთ და ვთქვათ, რომ აი, ევროპულ კულტურაში მომწონს  გერმანული კულტურა და აქ უკვე კონკრეტიკაზეა აქცენტი გაკეთებული. კულტურა არის ყოფითი, ყოველდღიური მოვლენა. იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ტემბრით, რა რეგისტრში გესაუბრებით ახლა მე თქვენ. შესაძლებელია სხვა შემთხვევაში ეს ტემბრი ყოფილიყო ან უფრო მკაცრი, ან უფრო მაღალი და ამ თვალსაზრისით არ შემდგარიყო კავშირი ჩვენ შორის. ანუ არსებობს საუბრის კულტურა, არსებობს სმენის კულტურა, არსებობს ჭამის (როგორ ვჭამთ) და კვების (რას ვჭამთ) კულტურა და არსებობს შინაგანი  კულტურა, რომელიც არსად ასე გაწერილი არ არის, მაგრამ ეს არის მარეგულირებელი ჩარჩო, რომლითაც ინდივიდუალურად თითოეული ჩვენგანი კონკრეტულ რეგულაციას უწესებს საკუთარ თავს და რაც რაღაცის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, ან პირიქით, რაღაცის გაკეთების უფლებას არ გვაძლევს.

აი, ამ კულტურის ერთ-ერთი ნაწილი არის უკვე გამომსახველობითი შინაარსის კულტურა, რომელსაც კულტურულ მემკვიდრეობას ვეძახით. კულტურული მემკვიდრეობა ეს არის კულტურის მხოლოდ ერთი სახე.  კულტურულ მემკვიდრეობაში უამრავი შრეა. ეს არის მატერიალური კულტურა,  არამატერიალური კულტურა. ეს არის ბუნების  ძეგლი, ადამიანის ხელით შექმნილი ძეგლები, ეს არის მოძრავი და უძრავი ძეგლები. დღეს არქიტექტურულ ძეგლებზე გავაკეთებ აქცენტს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მნიშვნელოვანი თემაა,  როგორ ვითარდება ქალაქი ან სოფლის ტიპის დასახლება. შეიძლება დავიწყოთ წიგნის კითხვა, არ  მოგვეწონოს და დავხუროთ. შეიძლება კინოფილმის ნახვა გადავწყვიტოთ, ასევე არ მოგვეწონოს და გადავრთოთ სხვა არხზე, მაგრამ არქიტექტურა არის ის, რომელზედაც თვალს ვერ დახუჭავ და რომელსაც ვერც დახურავ, იმიტომ, რომ ის ურბანულ გარემოშია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როგორ ვითარდება, მაგალითად, ქალაქი, რამდენად ღირებულია ის არქიტექტურა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, თუნდაც თანამედროვეობაში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სარკე, ეს არის ის, რისი იგნორირებაც, ვიზუალური იგნორირება უბრალოდ ფიზიკურად ვერ ხერხდება. აი, ამ არქიტექტურული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის ერთი ნაწილი არის საკულტო ნაგებობები. მაგრამ ჩვენ რაღაც, ზოგად ცნებებზე უნდა შევთანხმდეთ და შეიძლება მერე სხვადასხვა პოზიციაზე დავრჩეთ. მაგრამ ზოგადი ცნება ნიშნავს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობისათვის არ არსებობს ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ღირებული ძეგლი.

ზოგადად, რა არის არქიტექტურული მემკვიდრეობა? არქიტექტურული მემკვიდრება არის რაიმე სახის მემკვიდრეობა, რომელსაც გააჩნია ისტორიული, კულტურული, მონუმენტური, საინჟინრო ან რაიმე სხვა სახის ღირებულება.  მაგრამ ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს სიტყვა ფუნქცია. კულტურული მემკვიდრეობის ფუნქციური დანიშნულება თავად ძეგლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის.

როდესაც ურბანულ მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, ან  ზოგადად, არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე, პირველი, რაც ახსენდებათ, მაინც არის სასულიერო ნაგებობები. ეს შეიძლება იყოს მეჩეთი, ეს შეიძლება იყოს სინაგოგა, კათოლიკური, მართლმადიდებლური ეკლესიები. ეს რაღაც ინფორმაცია ეტყობა ჩვენში დალექილია და პირველი მოდის წინ.

საქართველოს ერთ-ერთმა კულტურის მინისტრმა სრულიად გულწრფელად დასვა შეკითხვა ერთ-ერთ შეხვედრაზე. „ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდეს სვეტიცხოველს და ამავე დროს რაღაც შენობას თბილისში, რომელი შენობაც არის საცხოვრებელი სახლიცო“.

მისი ეს პოზიცია იყო სრულიად გულწრფელი, მაგრამ ჩვენ, ვინც იქ ვისხედით,  შევშფოთდით, სხვა  თვალსაზრისით, რომ ის იყო კულტურის მინისტრი, რომლის მთავარი ვალდებულება იყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პირიქით, მისთვის უნდა ყოფილიყო ყველაზე ნათლად განსაზღვრული, რომ ძეგლის ფუნქციური დაყოფა არ შეიძლება.

საჯარო ლექცია მარადიდის სკოლაში

იუნესკოში საქართველოდან იყო შესული სამი ძეგლი. ეს იყო მცხეთის ისტორიული მონუმენტები – მცხეთის ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი და სამთავრო.  სოფელი სვანეთში, ჩაჟაში, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. გელათის სამონასტრო კომპლექსი და ბაგრატის საკათედრო ტაძარი,  ერთ ძეგლად იყო შესული.

რატომ ვაკეთებთ აქცენტს ამაზე და რატომ ვამბობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ობიექტის ფუნქციურ დანიშნულებას. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ მისი არქიტექტურული ღირებულება. ბაგრატი იუნესკოში იყო შესული უფუნქციოდ. ის არ იყო ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამ შემთხვევაში მას არ ჰქონდა მონოლითური, ერთიანი სახე, ის იყო ნაშთის სახით წარმოდგენილი. მაგრამ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციამ აღიარა მისი უნივერსალური ღირებულება და თქვა, რომ იმ 1200 ძეგლიდან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ჩემს სიაში არის შეყვანილი, ბაგრატი იმსახურებს, იყოს ამ შემადგენლობაში. თუმცა მაშინ, როდესაც ჩვენ მას დავუბრუნეთ ე.წ. ისტორიული ფუნქცია და ვაქციეთ ეკლესიად, გადავხურეთ ის როგორც ეკლესიის ხუროთმოძღვრებისთვის იყო საჭირო და მივეცით ერთიანი ფორმა, იუნესკომ განაცხადა, რომ ბაგრატი აღარ არის მისი ინტერესის სფერო და იღებს მას  მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. აქ საუბარია იმაზე, რომ თუნდაც ისტორიულად, ამა თუ იმ შენობას, თავის დროზე ჰქონდა მკვეთრად წარმოსახული საკულტო ნაგებობის ელფერი. ფუნქცია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ ამ ფუნქციიდან უნდა ამოვიდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბევრი ძეგლი, რომლებსაც ფუნქცია დაკარგული აქვთ, მაგალითად, ციხე-სიმაგრეები, კონკრეტული საფორტიფიკაციო ნაგებობები ახლა უკვე არის ამ ფუნქციის გარეშე. მაგრამ როგორც ისტორიულ შენობებს, მათ დღემდე აქტუალობა და მნიშვნელობა არ დაუკარგავთ.

ანუ სინაგოგა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცადამაინც მოქმედი იყოს, ისე როგორც ეკლესია, ისევე როგორც მეჩეთი და განსაკუთრებით ეს უნდა გვესმოდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო.

ისეთ საქართველოში, რომელსაც აქვს დედაქალაქი თბილისის სახით და ისეთ ქალაქში, რომელიც ქმნის  განსხვავებულ კულტურას. თბილისური კულტურა სხვა არის, ზოგად ქართული კულტურა სხვა არის. რა თქმა უნდა, ეს მისი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ასეთი იდენტური ცნება, რომელიც აიგივებს თბილისურ კულტურასა და  ზოგად ქართულ კულტურას შორის, ეს მახასიათებლები ერთნაირი არ არის.

თბილისი იყო ტოლერანტობის ძალიან კარგი მაგალითი. მართლა ერთი ფეხის ნაბიჯზე ნახავდით კათოლიკურ ეკლესიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო – ბერძნული, ქართული, რუსული ეკლესია. ვხვდებოდით სომხურ, გრიგორიანულ ეკლესიას და მეჩეთს. ასევემე მინდა ყურადღება გავამახვილო, ერთ ძეგლზე, ბეთლემის უბანში, გომის ქუჩა #3-ში დგას მეხუთე საუკუნის ძეგლი, რომელსაც ჰქვია ათეშგა. ათეშგაჰ – ეს არის ცეცხლის ადგილი, თარგმანში. ეს არის ზოროასტრიზმის ტაძარი,  იმიტომ, რომ ისლამი მეშვიდე საუკუნის რელიგიაა და მანამდე რაც არსებობდა, რითიც შემოვიდნენ სპარსელები, ეს იყო ცეცხლთაყვანისმცელობა და აი, ამ ტიპის ნაგებობა, რომელზედაც ისტორიულ წყაროებში წერია, რომ ვახტანგ  გორგასლის კარზე იჯდა სპარსი  ეპისკოპოსი,  ამ საკულტო ნაგებობის ქურუმზეა საუბარი, ეს ძეგლიც თბილისის ტერიტორიაზე არსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ამ ტიპის ძეგლები, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო ფუნქცია დაკარგულია, ეს არ ნიშნავს  იმას, რომ ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაში კნინდება ასეთი ძეგლების ისტორიული სახე და დანიშნულება. არ გამიგოთ ისე, მომხრე ვარ, რომ ზოგადად ამ  ძეგლებს ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდეს, ასე არაა, მაგრამ თუ რეალობა უკვე არსებობს ისეთი, როგორიც გვაქვს, ამ შემთხვევაში საფრთხილოა ფუნქციის თემა, იმიტომ, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა ბაგრატის ტაძართან მიმართებაში.

არსებობს გრანადის ქარტია, ევროპული ქარტია არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ფასეულობაზე, მის როლსა და მის მნიშვნელობაზე საუბარი უნდა იყოს სასკოლო ასაკიდან.  მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე თბილისის სკოლების მაგალითზე შემიძლია საუბარი, ვერ გეტყვით ვერც ერთ სკოლას, სადაც ეს თემა, როგორც გაკვეთილების კურსი, იყოს ინტეგრირებული კურიკულუმში. უფრო მეტიც, საბაკალავრო დონეზეც კი ეს თემა არ განიხილება, უკვე უმაღლესი სასწავლებლის დარგში.  ერთადერთი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ამ კურსს ვუკითხავთ მომავალ საჯარო მოხელეებს. ამ კურსს ჰქვია კულტურული მემკვიდრეობა და ურბანული პოლიტიკა. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი არ არის, როდესაც ისტორიულ ძეგლს, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა ეკლესიის ფუნქცია, რომელიც წარმოადგენს ბიზანტიური კულტურის ძალიან მნიშვნელოვან ნიმუშს და მერე საუკუნეთა მანძილზე იყო იგივე ეკლესია მეჩეთად გადაკეთებული, მაშინ როდესაც დადგა საკითხი  – რა უნდა გავაკეთოთ, უნდა დავუბრუნოთ ის ეკლესიას, თუ უნდა დაუბრუნდეს ის მუსლიმან თემს, აი, ამ შემთხვევაში მაშინდელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ეს არის ათათურქი, მიიღო ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – მან აღიარა ორივე კონფესიის არსებობის უფლება, მაგრამ იმიტომ, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში არ გადაზრდილიყო „აია სოფიას“ კუთვნილების საკითხი, მან მიიღო გადაწყვეტილება და „აია სოფია“ დღეს არის მუზეუმი. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ არსებობს რაიმე კამათის საგანი ძეგლთან მიმართებაში, მიღებული იქნას სწორი გადაწყვეტილება. უფრო მეტი მნახველი ჰყავს აია  სოფიას, როგორც მუზეუმს ფუნქციური დანიშნულებით, ვიდრე ეყოლებოდა მაშინ, როცა ის იქნებოდა ან მეჩეთი, ან ეკლესია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საფრთხილო, ძალიან დელიკატური თემა, სადაც დაფიქრება გვმართებს.

ამდენად, უნდა ვაღიაროთ, რომ ძეგლს შეიძლება ჰქონდეს სასულიერო ან პოლიტიკური კონტექსტი და ეს საინტერესო იყოს  ძეგლის ისტორიისათვის, მაგრამ ამ კონტექსტმა, ან ამ კონტექსტის უქონლობამ ვერ უნდა მოახდინოს გავლენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნივერსალობასა და ღირებულებაზე. ვინაიდან, სასულიერო ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაშიც ობიექტის მნიშვნელობა არ კნინდება. ძეგლი რჩება   საერო ობიექტად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგნად.

საჯარო ლექცია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: