რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ლონდონის ხელისუფლებას დიდი ხანძრის შემდეგ

2017 წლის 14 ივნისს ლონდონის 24-სართულიან  საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 34 გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა. მეხანძრეებმა 65 ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს.

პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, 5 მლნ. ფუნტი სტერლინგი გამოყო გადარჩენილებისთვის საკვები პროდუქტების, სამოსისა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად.

საზოგადოების მწვავე კრიტიკის ფონზე გადადგა კენსინგტონისა და ჩელსის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლას ჰოლგატი.

თანამდებობა დატოვა ასევე საბჭოს ლიდერმა, ნიკ პეიჯეტ-ბრაუნმა, მას შემდეგ, რაც საზოგადოება კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო საბჭოს ბრალეულობაზე  ალაპარაკდა.

გადადგა ამავე საბჭოს მიერ მართული ორგანოს, Kensington and Chelsea Tenant Management Organization-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/ANDY RAIN

ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური ფონდი, რომლის საშუალებითაც დაზარალებულები საცხოვრებლებით უზრუნველყვეს.

დაზარალებულთა დასახმარებლად  სპეციალურმა ფონდმა 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.

შრომისა და პენსიის დეპარტამენტმა (DWP) ხანძრიდან მალევე ერთჯერადად გასცა 5000 ფუნტი სტერლინგი  დაზარალებული ოჯახებისთვის.

ხელისუფლებამ 600-ზე მეტი საეჭვო შენობა შეამოწმა ინგლისის ქალაქებში, მათგან 259-მა ტესტირება ვერ გაიარა და საცხოვრებლად საშიშ სახლებად გამოცხადდა.

ხელისუფლებამ გადაუდებელ საჭიროებად მიიჩნია ასევე საავადმყოფოების, ოფისებისა და სხვა ტიპის შენობების უსაფრთხოების ნორმების გადამოწმება.

ხანძარი ლონდონში სოციალურ საცხოვრებელ Grenfell Tower-ში გაჩნდა, რომელშიც, ლონდონის პოლიციის მონაცემებით, ტრაგედიის დროს დაახლოებით 355 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 40 სახანძრო მანქანა და 200-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. ხანძრის სრულად ჩასაქრობად მათ 24 საათი დასჭირდათ.  მთლიანად დაიწვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაზიანდა შენობა-ნაგებობები მიმდებარე ტერიტორიაზე.

თავდაპირველად ლონდონის მერი, სადიქ ამან ხანი, აღნიშნავდა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მეხანძრეებმა მაღალსართულიანი სახლის მხოლოდ მეთორმეტე სართულამდე მოახერხეს  ასვლა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლი თავიდან Hotpoint-ის ფირმის მაცივარს გაუჩნდა , თუმცა ხანძარი გამიზნულად არავის დაუგეგმავს. როგორც გაირკვა, შენობაში სახანძრო განგაშის სისტემა არ ამოქმედდა, რის გამოც ადამიანებმა დროულად ვერ მოახერხეს მობილიზება.

BBC-ის ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის ჩაქრობა გართულდა, რადგან მეხანძრეები აქრობდნენ ცეცხლს და  პარალელურად უნდა ჩამოეყვანათ მაღალი სართულებიდან ცოცხლად გადარჩენილი მცხოვრებლები.

წყლის ჭავლი არ იყო საკმარისად ძლიერი, მწყობრიდან გამოვიდა რადიოგადამცემები და სხვა ხელსაწყოები, რომლებმაც 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში გამართულად ვერ იმუშავა და შედეგად ხანძარი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

ხანძარი განსაკუთრებულად გააძლიერა მასალამ, რომლითაც საცხოვრებელი სახლის ფასადი ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე იყო მოპირკეთებული. აღმოჩნდა, რომ სახლის რემონტისას გეგმით გათვლილი მისაპირკეთებელი საშუალებები რეალურად იაფფასიანი  მასალით შეცვალეს. თუთიის ფირფიტების ნაცვლად, ნაკლებად ცეცხლგამძლე მასალა – ალუმინი გამოიყენეს, რის შედეგადაც სამშენებლო კომპანიამ 300 000 ფუნტი სტერლინგი დაზოგა.

ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/FACUNDO ARRIZABALAGA

ლონდონის ადგილობრივი თვითმმართველობის დეპარტამენტმა (DCLG) დაადასტურა,  რომ არ შეიძლება პოლიეთილენის შიგთავსიანი ალუმინის ფირფიტების გამოყენება 18 მეტრზე მაღალი შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად.

სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია Arconic-მა აღიარა, რომ სწორედ პოლიეთილენის შიგთავსიანი ალუმინის კომპოზიტური ფირფიტები იყო გამოყენებული დამწვარი საცხოვრებელი სახლის ფასადის ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად.

საცხოვრებელი სახლი 1974 წელს ააგო კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო საბჭომ. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2016 წლის მაისში ჩატარდა, რაც ითვალისწინებდა ფასადის მოპირკეთებას, ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობასა და ფანჯრების შეცვლას. რეკონსტრუქციისას შენობის სამშენებლო ბლოკი სახანძრო დეპარტამენტის მიერ „საშუალოდ ცეცხლსაშიშ“ სამშენებლო მასალად შეაფასეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან