მთავარი,სიახლეები

ბათუმის ვალი

28.11.2017 • 2643
ბათუმის ვალი

ქალაქ ბათუმს, მერიის მონაცემებით, ამ დროისთვის 101 მილიონამდე ევროს ვალი აქვს, რაც დღევანდელი კურსით 327 მილიონ 644 ათასი ლარია. ეს ვალი ქალაქის ბიუჯეტიდან 2045 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა დაიფაროს.

ბათუმის ბიუჯეტიდან ვალდებულებების [სესხის ძირი თანხისა და პროცენტის] დაფარვას მომავალ, 2018 წელს, 18 მილიონ 242 ათასი ლარი დასჭირდება. ეს თანხა ბიუჯეტის პროექტში უკვე გაწერილია. მიმდინარე წელს ამ კუთხით 20 მილიონ 465 ათასი ლარია გათვალისწინებული, გასულ წელს კი – 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ბათუმის მერიის დღევანდელი მონაცემებით, ქალაქს 93 მილიონ 748 ათას 920 ლარი ვალის [პროცენტთან ერთად] გადახდის გრაფიკი [პროგრამა] აქვს გაწერილი, რომლის მიხედვითაც ეს თანხა 2021 წლის ჩათვლით უნდა გადაიხადოს:

მომავალი წლისთვის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურებისთვის გათვალისწინებული 18 მილიონ 242 ათასი ლარიდან, ბათუმის მერიის ინფორმაციით, 196 600 ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 17 985 300 ლარი – გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების, ხოლო 60 100 ლარი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხის მომსახურებისთვის დაიხარჯება.

დონორი ორგანიზაციის სესხებით ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, სადაც თანადამფინანსებელი ბათუმის მერიაა. ამ პროექტების განხორციელება კი ბათუმში 2008 წლიდან მიმდინარეობს.

ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში დონორების მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯებისთვის 7 540 200 ლარია განსაზღვრული. აქედან 1 891 500 ლარი ბათუმის ავტობუსების პროექტის, ხოლო 5 648 700 ლარი – ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.

წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციაში, ძირითადად, სესხად აღებული თანხები იხარჯება, თუმცა ქუჩების კეთილმოწყობა ცალკეულ უბნებში დროში იწელება. ერთ-ერთ ქუჩაზე, მერიის ინფორმაციით, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა და სისტემა ამჟამად სატესტო რეჟიმშია.  გზა, სადაც ავტოტრანსპორტი ვეღარ მოძრაობს, სავარაუდოდ, ორი-სამი თვის შემდეგ მოშანდაგდება. მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის გამოძებნის მერია თანხას იუსუფ ფაღავას ქუჩის კეთილმოსაწყობად.

ბათუმის ბიუჯეტში წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიცაა შექმნილი, რომელშიც 2018 წელს 30 ათასი ლარი იქნება.

„წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2018 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: