სიახლეები

საუბარი უნივერსიტეტზე ღია ცის ქვეშ

30.04.2015 • 1821
საუბარი უნივერსიტეტზე ღია ცის ქვეშ

 

დისკუსია ღია ცის ქვეშ

 

ანა პატარაია, სტუდენტი, დისკუსიის მომხსენებელი: სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაპირებდი ბათუმის უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტიდან მხოლოდ დიპლომი მოაქვთ, მათი ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ ფურცელზე აღნიშნული სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღით და მეც არ მინდოდა ასეთი საზოგადოების წევრი ვყოფილიყავი. შემდეგ მაინც გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე ჩამებარებინა, მაგრამ მოვხდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც პირველივე კვირას იმ დონეზე გამიცრუვდა იმედი, რომ სახლშიც კი განვაცხადე, არ მინდა უნივერსიტეტში წასვლა-მეთქი. მიზეზი ამ განწყობის იყო ის, რომ პირველკურსელები “ბატებივით” (მათ შორის მეც) დადიოდნენ და არ იცოდნენ სად წასულიყვნენ, რადგან არ იყო სრულყოფილად დაწერილი ცხრილი, არ იყო ყურადღება დეკანატის ადმინისტრაციისგან, იგივე ლექტორებისგან. ერთი სიტყვით, პირველი სემესტრი იყო სრული ქაოსი. დამიჯერეთ, ასეთ ქაოსში არც კი გაგიჩნდება სურვილი რაიმე ისწავლო.

 

უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზეზი იყო გიორგი მასალკინის ლექციები, რომელმაც გადამაწყვეტინა ამერჩია ფილოსოფია, რის შედეგადაც მივხვდი, რომ არც ისეთი საშინელება ყოფილა უნივერსიტეტი, როგორიც მეგონა და როგორსაც სხვები აღწერდნენ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვერ შევძლებ თვალი დავხუჭო უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე. ჩემი აზრით, პირველი პრობლემა არის ლექტორების არაპროფესიონალიზმი (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ყველა ლექტორი) და საქმის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. არიან ლექტორები, რომლებიც ხშირად აცდენენ ლექციებს და ეს მოქმედებს სტუდენტის განვითარებაზე. ასევე არ შემიძლია არ გამოვყო სტუდენტები, რომლებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ უნივერსიტეტთან, როგორიც ზემოაღნიშნულ ლექტორებს.

ეს შეურაცხყოფს ჩვენს უნივერსიტეტს. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ არ ატარებს უნივერსიტეტი ისეთ რეფორმებს, რის შედეგადაც ასეთი ლექტორები და სტუდენტები უნივერსიტეტში არ იქნებოდნენ.
კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის თვითმმართველობა, _ ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყვნენ თვითმმართველობაში ის სტუდენტები, რომლებსაც არ უნდათ არაფრის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი იძლევა ისეთი პროექტების განხორციელების საშუალებას, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტიურობას და მათ განვითარებას, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს მათთვის არ არის პრიორიტეტი. ვიმედოვნებ, ამ პრობლემებზე უნივერსიტეტში მოხდება სათანადო რეაგირება და უახლოეს მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ იამაყონ უნივერსიტეტით.

 

მერაბ ხალვაში, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ანას ვეთანხმები, უნივერსიტეტში არის რეალურად ის პრობლემები, რაც ანამ დასვა, თუმცა ანაც ხედავს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ უარყოფითი მხარით არ უნდა განვიხილოთ. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სუსტი მხარეებიც და ძლიერი მხარეებიც.

მე მინდა ვისაუბრო, ზოგადად, უნივერსიტეტის იდეაზე. უნივერსიტეტები ასეთი გაგებით დაახლოებით შუა საუკუნეებიდან მოდის და, ზოგადად, უნივერსიტეტების იდეაზე არაერთი ფილოსოფოსი თუ მეცნიერი საუბრობდა. სწორედ აქედან მოყოლებული უნივერსიტეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი. უფრო მეტიც _ უნივერსიტეტის ირგვლივ იქმნებოდა ქალაქები, ხოლო მეოცე საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის მიჯნაზე ამ უნივერსიტეტის ლექტორები შეიკრიბნენ ბოლონიაში და მიიღეს უნივერსიტეტის დიდი ქარტია, სადაც ლაკონურად ჩამოაყალიბეს უნივერსიტეტის იდეა, თუ რა როლი აქვს მას საზოგადოებაში. 

კაცობრიობის მომავალი მეტწილად დამოკიდებულია სწორედ იმ სოციალურ, კულტურული, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც უნივერსიტეტის კულტურულ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებში ხდება. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ძირითადი იდეა არის ცოდნის ახალ თაობებში გაცვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების მუდმივი ინვესტირება და ასევე მნიშვნელოვანია კითხვა: რა არის ყველაზე მთავარი უნივერსიტეტში _ მოვამზადოთ პროფესიონალი სპეციალისტი, თუ მოვამზადო მოქალაქე, რომელიც გარკვეულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე არის ორიენტირებული და რომელსაც შეუძლია ამ ღირებულებებისა და ფასეულობების საზოგადოებაში დამკვიდრება?! ამ ყველაფრის შეჯერების შემდგომ ჩამოყალიბებულია ძირითადი პრინციპები. პირველი, ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიურობა, მეორე, ეს არის სამეცნიერო და სასწავლო კვლევები, თავისუფლება ამ კვლევების და ასე შემდეგ.

 

რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს უნივერსიტეტს, თქვენთვის ცნობილია, რომ უნივერსიტეტს უსრულდება 80 წელი. რა თქმა უნდა, ამ უნივერსიტეტს თავისი მისია აქვს შესრულებული და კონკრეტული მისია აქვს მომავალშიც. წლები მიდის, თაობები იცვლება და უნივერსიტეტშიც სხვა გამოწვევებია, სხვა მოთხოვნებია და, ბუნებრივია, დღევანდელი უნივერსიტეტის მისია განსხვავებულია. მესმის თქვენიც, თითოეული თქვენგანის და საზოგადოების მოთხოვნა უნივერსიტეტის წინაშე განსხვავებულია.
ჩვენი უნივერსიტეტის პირველი გამოწვევა არის მაღალი კონკურენცია. როგორ უნდა გავუწიოთ კონკურენცია სხვა უნივერსიტეტებს? მე ვფიქრობ, მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელიც ადაპტირებული იქნება შრომის ბაზართან და რომელიც იქნება მოთხოვნადი. ასე მაგალითად, როგორც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებშია, როცა ამა თუ იმ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პარალელურად პირდაპირი გაგებით ნიშნავს იმას, რომ მას აქვს დასაქმების დიდი გარანტი. თუკი ჩვენ ამას მივაღწევთ უმოკლეს ვადაში, უნივერსიტეტისთვის ეს იქნება დიდი მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ორიენტირებული უნივერსიტეტი თავიდან ბოლომდე სტუდენტებზე, რათა სტუდენტს შეექმნას კომფორტი.


სხვა პრობლემები რაც უნივერსიტეტშია, უკავშირდება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რა მხრივაც ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან მოისუსტებს. ამ მიმართულებით წელს გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები და თქვენ სექტემბრისათვის რამდენიმე კორპუსი დაგხვდებათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით განახლებული. სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდება სამუშაოები ხუთსართულიანი კორპუსის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე, ვიმუშავებთ ახალ პროგრამებზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ახალი პროგრამები ორიენტირებული უნდა იყოს შრომის ბაზარზე, უნდა განისაზღვროს სწავლის მეთოდები, ფორმები, შეფასება… ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ რა გვჭირდება.

 

წლების მანძილზე მე ხარისხის სამსახურს წარმოვადგენდი და ჩვენ ვატარებდით სტუდენტთა გამოკითხვებს ყოველ სემესტრში. ხშირად წერდნენ სტუდენტები, რომ აღარ გვინდა ასეთი გამოკითხვები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვწერთ, მაინც არაფერი იცვლებაო. ამით რა მინდა ვთქვა – პრობლემები, რაც უნივერსიტეტის წინაშეა, ჩემთვის ნაცნობია და ახლა ვიწყებ მუშაობას ამ პრობლემების მოგვარებისათვის.

 

გიორგი ბაგრატიონი, III კურსის სტუდენტი: ბატონო მერაბ, რომელი კორპუსების გარემონტებას ვაპირებთ მომავალი წლისთვის?
მერაბ ხალვაში: ყოფილი საერთო საცხოვრებლის მესამე და მეოთხე სართული კაპიტალურად შეკეთდება, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ტექნოლოგიური ფაკულტეტი თავიდან ბოლომდე გარემონტდება, შეიცვლება ინფრასტრუქტურა და ჩვენი სახსრებით მეოთხე და მეხუთე სართული შეკეთდება. ასევე, უნივერსიტეტის თუნუქის სახურავი გამოიცვლება.

 

არჩილ ართმელაძე, სტუდენტი: მე მინდა ვისაუბრო ლიტერატურის არარსებობაზე. წიგნის პრობლემა ბიბლიოთეკაში არ არის, მაგრამ ლიტერატურა არის რუსულ ენაზე და გადმოთარგმნას დიდი დრო სჭირდება. ასევე პრობლემაა პრაქტიკასთან დაკავშირებით. როგორც ვხედავ, პრაქტიკა მხოლოდ მშენებლობის მიმართულებითაა. მარკეტინგის მართვა დავამთავრე, ბაკალავრიატი და პრაქტიკა არ გამივლია, კვირაში ერთხელ ჩავსხდებოდით ავტომობილში და გავისეირნებდით.

 

მაგისტრატურას ისე ვამთავრებ, ერთხელ ვერ შევედით ტერმინალში და ვერ ვნახეთ ნავთობის გადაზიდვის პროცესი. დღეს წერილი მოგწერეთ, დეკანმა მიშუამდგომლა თქვენთან, რომ ტერმინალს მივწეროთ და შიგნით ექსკურსია გავაკეთოთ ზედაპირულად მაინც, რომ დავინახო ყველაფერი. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის პრაქტიკა, რადგან მარტო თეორიული სწავლება არ კმარა.
მერაბ ხალვაში: ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით არის ასეთი პრობლემები. ჩვენ ახლა ვამზადებთ პროექტს, სადაც ერთ-ერთი საკითხი არის წიგნების თარგმნა, ეს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში დევს, მაგრამ ხელმიუწვდომელია. წინა ლექტორის დროს შეიქმნა პროგრამა, სადაც ლექტორი სტუდენტებს აწვდიდა ელექტრონულ ვერსიას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, პრაქტიკის დრო უნდა იყოს გაზრდილი რა თქმა უნდა და ახალი პროგრამების დროს ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ.

 

რამინ მაჭარაშვილი, სტუდენტი: ჩემს კურსზე არის ლიტერატურის ნაკლებობა. რაც არის, ესეც საბჭოური ლიტერატურაა. პრობლემაა ისიც, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში არ გვაქვს სამაგისტრო პროგრამა; მხოლოდ ბაკალავრატია. აქედან გამომდინარე სტუდენტებს უწევთ ან უარის თქმა, ან გადასვლა სხვა სპეციალობაზე. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?
მერაბ ხალვაში: დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენს სილაბუსში მითითებული წიგნი აუცილებლად იქნება ბიბლიოთეკაში, სხვა შემთხვევაში აკრედიტაციას ვერ გაივლიდა, აკრედიტაციის საბჭოს ერთი ჯგუფი სწორედ ამას ამოწმებს. თქვენ ალბათ საუბარი გაქვთ წიგნების მცირე რაოდენობაზე, როცა კურსზე ერთი და ორი წიგნია, ეს ნამდვილად პრობლემაა. მაგისტრატურას რაც შეეხება, პროგრამა უნდა შექმნას აკადემიურმა პერსონალმა, სხვა პროგრამას ვერ გაუკეთებს. ასევე დგას აკადემიური პერსონალის რესურსის პრობლემა ამ მიმართულებით, ამიტომ აქამდე ვერ შევძელით ამ პროგრამის ამუშავება.
ნათია როყვა: დასაქმებულების სტატისტიკას თუ აწარმოებს უნივერსიტეტი?

 

მერაბ ხალვაში: სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგი დგება სწორედ აქედან. ჩვენ გვაქვს 2011, 2012, 2013, 2014 წლების სტატისტიკა, საქმდებიან თუ არა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები პროფილის მიხედვით, აკრედიტაციის დროს სწორედ ამას მივაქცევთ ყურადღებას.

უნივერსიტეტში დიდი პრობლემაა სტუდენტების აქტიურობა, თუნდაც დღეს რამდენიმე სტუდენტია აქ მოსული. დარწმუნებული ვარ, ინფორმაციას მიაწვდიდით. სერიოზული მუშაობაა საჭირო ამ კუთხით.
არჩილ ართმელაძე, სტუდენტი: ერთ-ერთმა სტუდენტმა, როცა ამ დისკუსიაზე ვეპატიჟებოდი, მითხრა მოვიდე და რა აზრი აქვსო?
მერაბ ხალვაში: აქვს აზრი, რადგან ჩვენ ინფორმაცია ერთმანეთთან უნდა მივიტანოთ, რათა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. მივესალმები ასეთ შეხვედრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: