მთავარი,სიახლეები

როგორია არქიტექტურის პასუხისმგებლობა სამშენებლო ნორმების უსაფრთხოებაზე

28.11.2017 • 4305
როგორია არქიტექტურის პასუხისმგებლობა სამშენებლო ნორმების უსაფრთხოებაზე

ვერ ახერხებს თუ არ ახერხებს სახელმწიფო შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს და რა როლი აქვს ამაში არქიტექტორს, რომელმაც შენობის პროექტი შეადგინა? როგორ არეგულირებენ ამას ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს არქიტექტორმა, ზურაბ ბაქრაძემ უპასუხა.

ვიცით, რომ კანონმდებლობა არქიტექტორს ავალდებულებს შენობის ნახაზის შედგენისას გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დამკვეთს ამაში ფულის დახარჯვა არ სურს. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა ვალდებულებები აქვს ამ მიმართულებით არქიტექტორს და რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს შენობა უსაფრთხოების თვალსაზრისით?

არქიტექტორი ვალდებულია შენობა დააპროექტოს მშენებლობის ყველა ნორმის დაცვით, თუმცა არსებობს ორი სფერო, რომელთა ნორმების დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და სახელმწიფოც განსაკუთრებით უნდა ზრუნავდეს მათ დაცვაზე. ეს სფეროებია შენობა-ნაგებობათა მდგრადობა და მათი ხანძრისგან დაცვა. ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ამას პასუხისმგებლობით უდგებიან, არსებობენ სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილი ექსპერტები ამ ორივე დარგში. ეს ოფიციალური სტატუსია.

ქალაქის მმართველობის შესაბამისი სამსახური არ გასცემს მშენებლობის ნებართვას გარკვეული კატეგორიის შენობების ასაშენებლად [ამ კატეგორიას განეკუთვნება თითქმის ყველა შენობა ბევრი მომხმარებლით, მაგალითად, სასტუმრო 12-ზე მეტი საწოლით], თუ არ არსებობს ასეთ ექსპერტთა მიერ შედგენილი მდგრადობისა და ხანძრისგან დაცვის სტანდარტი, ან თუ პროექტს არ ახლავს ამ ექსპერტთა მიერ შედგენილი დასკვნები. მაგალითად, მშენებლობის უფლება არ გაიცემა სკოლის ასაშენებლად, თუ პროექტში არ არსებობს მდგრადობისა და ხანძრისგან დაცვის დასკვნები, რომლებიც ამ ექსპერტების მიერ არის დამუშავებული. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სურს დამკვეთს – მშენებლობის ნორმების დაცვა საზოგადოებრივი მოთხოვნაა და სახელმწიფო ამას საზოგადოების სახელით უნდა უზრუნველყოფდეს.

თქვენი ინფორმაციით, დღეს ბათუმში ახალ შენობებს დაახლოებით რამდენ პროცენტს შეიძლება ჰქონდეს ეს სტანდარტი დაცული?

ასეთ სტატისტიკურ მონაცემს არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი შენობა სხვადასხვა სამშენებლო ნორმის უგულებელყოფითაა აშენებული, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების.

რატომ ვერ ხერხდება ამ წესების დაცვა?

იმიტომ ვერ ხერხდება, რომ სახელმწიფო არსებითად არ არის ხალხის, საზოგადოების წარმომადგენელი – ის უფრო ფინანსური და ეკონომიკური ელიტების ძალაუფლების უზრუნველყოფის ინსტრუმენტია. სამშენებლო ნორმების დაცვა კი, როგორც აღვნიშნე, საზოგადოებრივი საქმეა.

მართალია, რომ ხშირად საევაკუაციო კიბის და ასე შემდეგ სხვა უსაფრთხოების ნორმებისთვის საჭიროებებზე დამკვეთები ზედმეტი ხარჯის თავიდან ასაცილებლად ამბობენ უარს?

ეს ზუსტად არ ვიცი, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვა მათი კეთილი ნების საქმე არ უნდა იყოს – შენობა-ნაგებობათა უსაფრთხო ექსპლუატაცია კანონით და მისი აღსრულებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში არქიტექტორი?

ევროპაში არქიტექტორი ვალდებულია დაიცვას მშენებლობის კანონის ყველა ნორმა, ეს არ უნდა აგვერიოს სამშენებლო ნორმებში, როგორებიცაა მაგალითად, DIN-ის ნორმები, რის გარეშეც მის მიერ გაკეთებულ განაცხადზე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა. მისი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე განისაზღვრება შესაბამისი კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით და არა დამკვეთის ეკონომიკური ინტერესებით. ამით ყველაფერია ნათქვამი – თუ არქიტექტორი დამკვეთის სურვილით არ დაიცავს ამ პირობას, მშენებლობის უფლება არ გაიცემა, ხოლო თუ ნორმების მიხედვით დააპროექტებს, მაგრამ მშენებლობისას დაარღვევენ ამ ნორმებს, შესაბამისი კომუნალური სამსახური შენობას ექსპლოატაციაში არ მიიღებს. უფრო მეტიც, არქიტექტორის მოვალეობაა ყველა ღონე იხმაროს დამკვეთს სამართლებრივი ნორმები განუმარტოს და  ყოველ მხრივ გამართული პროექტის ვარიანტები შესთავაზოს.

ჩვენში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა მშენებლობის მართვის გონივრული სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემა, რადგან მშენებლობა განიხილება მხოლოდ სწრაფ და მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულ ცალმხრივ ეკონომიკურ საქმიანობად, საზოგადოებრივი საზრისის გარეშე. არქიტექტორები, როგორც წესი, თავს ამ სისტემის ობიექტებად მიიჩნევენ, ე.ი. თავს ცალსახად მის პროდუქტად აღიქვამენ, ისინი მდგომარეობის შეცვლას არ შეეცდებიან. ესაა სამწუხარო რეალობა, რომელიც კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს არქიტექტორი, მხოლოდ მორალისტური პასუხის შესაძლებლობას უტოვებს. არა მგონია, ასეთი პასუხი ვინმეს აინტერესებდეს. არქიტექტორი, როგორც წესი, ისე მოიქცევა, როგორც იქცევა, რადგან მშენებლობის მართვის სისტემა მისგან ამას მოითხოვს.

თუ უსაფრთხოების საკითხი უგულებელყოფილია, ან შენობა ისეა დაგეგმილი, რომ ვერ ხერხდება იქ უსაფრთხოების სისტემის სრულყოფილად გამართვა, ამ შემთხვევაში არქიტექტორს რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს?

საქართველოს კანონი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ ავალდებულებს არქიტექტორს დაიცვას „დაპროექტებისა და მშენებლობის სტანდარტები, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნები“. ეს, ჩემი აზრით, იმდენად ბუნდოვანია, რომ არა მგონია, ასეთი შემთხვევაში იგი არქიტექტორის სამართლებრივ დევნას უშუალოდ იწვევდეს.

გარდა რეგულაციისა, არ არსებობს პროფესიული სტანადარტიც? – მაგალითად, პროფესიული მოთხოვნა არ არის, რომ არქიტექტორმა შექმნას კომფორტული და უსაფრთხო გარემო?

სამართლებრივად ქმედით ასეთ სტანდარტს არ ვიცნობ, ვფიქრობ, ის არც არსებობს. ჩემი აზრით, ამ მხრივ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენში არ არსებობს ცნება არქიტექტორის სამართლებრივი დეფინიცია და მისი თანმიმდევრული ჩართვა სამშენებლო კანონმდებლობაში, რაც უზრუნველყოფდა არქიტექტორის უფლებებისა და მოვალეობების ერთმნიშვნელოვან განსაზღვრას.

სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის შენობის მფლობელი მაქსიმუმ 300 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ფიქრობთ, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდა შეცვლის მფლობელების დამოკიდებულებას?

თუ ლაპარაკია ექსპლოატაციაში სწორად მიღებულ შენობაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოებას ამცირებენ, ჯარიმის გაზრდა შეიძლება ეფექტური იყოს, თუ ის საფრთხის ადეკვატური, ე.ი. საკმაოდ მაღალი იქნება. თუ ლაპარაკია შენობის მფლობელ მენაშენეზე, რომლის მიერ აშენებული შენობა ჯერ ექსპლოატაციაში არ არის მიღებული, ჯარიმა საჭირო, თუმცა მეორეხარისხოვანი ინსტრუმენტია – მთავარია, ეს შენობა ექსპლოატაციაში არ იქნას მიღებული ნაკლის გამოსწორებამდე. თუ ეს წესი მკაცრად გატარდება, მენაშენეთა დამოკიდებულება უსაფრთხოების წესების დაცვისადმი სწრაფად შეიცვლება უკეთესობისკენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: