მთავარი,სიახლეები

„ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს შესაძლოა მეხანძრეები დაკითხონ

27.11.2017 • 2211
„ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს შესაძლოა მეხანძრეები დაკითხონ

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, სასტუმროს თანამშრომლების დაკითხვა პოლიციამ დროებით შეაჩერა და დღეს შესაძლოა მეხანძრეები დაკითხონ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოძიება აპირებს სასტუმროს დოკუმენტაციის [ხელშეკრულებები თანამშრომლებთან, შინაგანაწესი და სხვ.] კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ამოღებას, რის შემდეგადაც განახლდება თანამშრომლების დაკითხვა.

ჩვენი ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებამ არ იცის კონკრეტულად რომელ თანამშრომელს რა ევალებოდა და რაზე იყო პასუხისმგებელი, მათთვის კითხვების დასმა ამომწურავად ვერ ხერხდება.

პარალელურად, გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, სასტუმროში ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შემდგომ სასტუმროს თანამშრომლები დამატებით დაიკითხებიან – მათი მოვალეობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სასტუმროს ნამდვილად ჰქონდა ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც: „თუმცა საკმარისად არ ჰქონდა ცეცლჩამქრობები და საევაკუაციო გეგმები“. ერთ-ერთი მეხანძრის თქმით, ხანძარი სასტუმროს საქვაბეში გაჩნდა.

სახანძრო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია.


შსს-ს ინფორმაციით, „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით საქმეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. დეპარტამენტში სასტუმროს თანამშრომლებისა და თვითმხილველების დაკითხვა გუშინ, 26 ნოემბერს დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი [ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე].

სასტუმროს შენობაში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

„სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში [შპს „მერსინ ტურიზმი“, რომლის საკუთრებაცაა სასტუმრო „ლეოგრანდი“ – ავტ.] თვლიან, რომ ეს ნორმები დაცული იყო, თუმცა ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს ექსპერტიზა,“ – განაცხადა დღეს „ლეოგრანდის“ ადვოკატმა, კახა წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, 27 ნოემბერს, ხანძრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა სასტუმროს ერთ-ერთმა მეპატრონემ ეროლ ავგორენიმ.

27 ნოემბერი, ლეოგრანდში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო დაშავებული საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

ხანძარი ლეოგრანდში / 24.11.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: