„აჭარის ტელევიზია“ ახალი სერიალისა და ფილმების შესაძენად 360 ათას ლარს დახარჯავს

360 ათას ლარად ახალი სერიალისა და ფილმების შეძენას საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“ აპირებს. შესყიდვა ტელევიზიამ დღეს, 24 ნოემბერს გამოაცხადა. სერიალის გარდა „აჭარის ტელევიზია“ რამდენიმე მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმს შეიძენს.

სერიალის მიმართ მოთხოვნების კატეგორიაში „აჭარის ტელევიზია“ აღნიშნავს, რომ სერიალი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან უკრაინაში უნდა იყოს დამზადებული.  ტელევიზია ჯამში 120 სერიის შესყიდვას აპირებს და იგი მომავალ წელს გავა ეთერში. სერიალი 2000-დან 2017 წლამდე პერიოდში უნდა იყოს გადაღებული.

მხატვრულ ფილმებზე „აჭარის ტელევიზიის“ მოთხოვნა აქვს, რომ იმ ფილმებს შეისყიდის, „რომლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო კინემატოგრაფიაში მოღვაწე ცნობილმა ადამიანმა“, ასევე ფილმებს, „რომლებსაც აღებული აქვთ ცნობილი ფესტივალის ჯილდოები“. ტელევიზია სულ 56 მხატვრული ფილმის შეძენას აპირებს.

„აჭარის ტელევიზია“, სავარაუდოდ, 360 ათასი ლარით ასევე შეიძენს შემეცნებითი ჟანრის 40 დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმს [56 საათი].

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი