პრემიები და დანამატები აჭარის მთავრობაში – ენმ-ს ბრიფინგი

„ესენი არიან ბიუჯეტის ფაროსანები,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს, 24 ნოემბერს,  პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს აჭარის მთავრობაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეზო ხარაზის თქმით, „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ ასრულებს დაპირებას იმის შესახებ, რომ იგი დანამატს არ აიღებდა“.

„ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ეს პერიოდი ემთხვევა წინასაარჩევნო თვეებს. აღმოჩნდა, რომ პრემიებისა და დანამატების კუთხით მატებაა, მთავრობა არაფრის კეთებაში იღებს ფულს. მთავრობის აპარატში ბოლო 5 თვის განმავლობაში შრომის ანაზღაურებამ 974 846 ლარი შეადგინა, აქედან პრემიებზე დაიხარჯა 111 866 ლარი, ხოლო დანამატებზე – 242 226 ლარი. ხუთივე თვეში ზურაბ პატარაძე იღებდა დანამატს. თვეში მისი შრომის ანაზღაურებისთვის ჩვენი ჯიბეებიდან იხარჯება 5792 ლარი,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

აჭარის სხვადასხვა სამინისტროს მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3310 ლარია. ზურაბ პატარაძე ყოველთვიურად იღებს დანამატსაც – 2482 ლარის ოდენობით.

დანამატს იღებს ყველა მინისტრი. მინისტრების ანაზღაურება სტანდატულია და ხელზე დარიცხვით თვეში 2720 ლარს შეადგენს. ყოველთვიურად იღებენ მინისტრები დანამატსაც – 2040 ლარის ოდენობით. თითოეულ მინისტრს ბოლო 5 თვეში ხელზე 23 800 ლარი მიუღია [13 600 ლარი ხელფასი, 2040 ლარი – დანამატი].

განსხვავება მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროშია, სადაც მინისტრი შეიცვალა. ყოფილი მინისტრი ლაშა კომახიძე ბათუმის მერი გახდა. მინისტრობის დროს ლაშა კომახიძემ ივნისიდან აგვსიტოს ჩათვლით ხელფასის სახით  8160 ლარი აიღო, დანამატი – 6120 ლარი.

„ყველაზე მეტს ხარჯავს ეკონომიკის სამინისტრო. ბოლო ოთხ თვეში ამ უწყებამ ხელფასებში, პრემიებსა და დანამატებში თითქმის მილიონი – 948 688 ლარი დახარჯა. ეკონომიკური უძრაობის ფონზე მაინტერესებს რაში იღებენ ამხელა ხელფასს?“ – კითხულობს რეზო ხარაზი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი