ბათუმის ახალი ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე: პიროვნულად მეც არ მომწონდა ბევრი რამ

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებისა, რომ ბათუმი არც თუ ისე კეთილმოწყობილი ქალაქია, კეთილმოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოები კი – არც თუ ისე ხარისხიანი, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მერიაში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, დაწინაურება კიდევ ერთხელ მოახერხა. თენგიზ პეტრიძე ამჯერად მეორე პირად, ბათუმის ვიცე-მერად დაინიშნა. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის სფეროც გაფართოვდა. ბათუმის ახალარჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ, მას ქალაქის ინფრასტრუქტურული საკითხების ზედამხედველობა დაავალა.

ბატონო თენგიზ, რა სფეროც ჩაიბარეთ, რა გამოწვევებს ხედავთ, რა არის შესაცვლელი მერიის სამსახურების მუშაობაში?

გამოწვევები საკმაოდ დიდია. იმით დავიწყებდი, რომ დაწყებული პროექტები უნდა დასრულდეს. ეს არის შეუქცევადი პროცესი. რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ასევე გზების, ქუჩების კეთილმოწყობას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რა თქმა უნდა, იქნება ნოვაციებიც. ბატონი ლაშას [ბათუმის მერი] წინასაარჩევნო დაპირებებშიც კი, მრავალი ახალი პროექტი იყო დაანონსებული. თუმცა ამ პროექტებზე კონკრეტული საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ამ ყველაფერს დამუშავება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო მეტი გამოწვევა იქნება. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა რომ დაიწყება, მირჩევნია მერე ვისაუბრო.

ბათუმში მუდმივად მსჯელობენ იმაზე, რომ კეთილმოწყობითი სამუშაოები ქალაქის ცენტრშიც კი დაუსრულებელ პროცესად იქცა – მერიის პასუხი  ყოველთვის იყო ის, რომ მსგავსი სამუშაოები უცებ არ სრულდება. 

გასაკვირი არც არის, კრიტიკა რომ ისმის. ეს არის ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვით ნიშანსაც ბადებს. – იგივე მიწისქვეშა კომუნიკაციების კეთილმოწყობა რომ ავიღოთ, ჭაობის, ბონის დასახლების, ბარცხანის ქუჩების გადათხრა – პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხის ფარგლებში წყლისა და  კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რა დროსაც აუცილებლად უნდა გადაითხაროს ქუჩა, რათა მოეწყოს კომუნიკაციები, კანალიზაცია და წყალი. სანამ ტესტირება არ ჩატარდება, იქ სხვა ტიპის სამუშაოების შესრულება დაუშვებელია. კანალიზაცია სადაც ითხრება, ის სხვა ტრანშია, სანიაღვრე სხვა ტრანშით კეთდება – ერთი ქუჩაა, მაგრამ ერთმანეთის გვერდითაა სამუშაოები.

წყლისა და კანალიზაციის სამუშაოების დროს გაითხრება ქუჩა, ჩაიდება კომუნიკაციები და მოსწორდება, შემდეგ იწყება ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები, – გრუნტი, სანიაღვრე სისტემა იცვლება დამატებით. შემდეგ იწყება ასფალტირება, შემდეგ კი ბორდიური და ტროტუარი კეთდება. ამის მკაფიო მაგალითი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჭაობის დასახლებაში, სადაც ქუჩების დიდი ნაწილი უკვე კეთილმოეწყო. საბოლოო შედეგი სახეზეა.

რას იტყვით იმ ქუჩებზე, სადაც სამუშაოები დასრულდა, მაგრამ პრობლემები გვაქვს?

დიახ, არის, როცა ახალ რეაბილიტირებულ ქუჩებზეც იწყება ფილების დემონტაჟი, კანალიზაციის სისტემის დამონტაჟება და შემდეგ თავიდან მონტაჟი. ამის შესახებ მინდა გაცნობოთ, რომ ეს არის საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მოეწყო, მაგრამ სანამ „ბ“ კოლექტორი არ დამთავრდებოდა და ტესტირება არ ჩატარდებოდა, სისტემაზე მოსახლეობის დაერთება არ უნდა მომხდარიყო, შეუძლებელი იყო. გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავლოდებოდით კიდევ ერთი წელი, როდის მოხდებოდა „ბ“ კოლექტორის დასრულება, შემდგომში საკანალიზაციო სისტემაზე მოსახლეობის დაერთება და ამის შემდეგ უნდა დაგვეწყო ქუჩების რეაბილიტაცია.

რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იყო ის, რაც განხორციელდა. გაკეთდა ქუჩები, ტროტუარები, კიდევ ერთი წელი არ დარჩა მოსახლეობა გადათხრილ ქუჩებში და სავალალო მდგომარეობაში. კეთილმოეწყო ეს ქუჩები და ახლა ხდება ფილების დემონტაჟი და შემდგომში ისევ მონტაჟი. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში შედეგი არის უკეთესი და მოსახლეობაზე ორიენტირებული.

რაც შეეხება ხარისხს?

რაც შეეხება ხარისხს, რომ ხშირად მწყობრიდან გამოდის, ფუჭდება და ასე შემდეგ… ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც ახორციელებს მერია, სამუშაოების დასრულების შემდგომ ბარდება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველი ამოწმებს ამ სამუშაოებს. მართალია, დაზღვევის მიზნით შესრულებული სამუშაოები გადის ექსპერტიზასაც, მაგრამ მაინც არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ რაღაც ხარვეზი გამოვლინდეს. სახლშიც კი დავმდგარვართ ასეთი ფაქტის წინაშე რემონტის შემდეგ. ამისთვის მერიას აქვს მექანიზმი – ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირობები, ხდება თანხის დაკავება კონტრაქტორ კომპანიაზე საგარანტიო პერიოდის მოქმედების ფარგლებში და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, თუ ეს ხარვეზი არ არის გამოწვეული მექანიკური დაზიანებით. თუ მანქანა დაეჯახა  და დააზიანა, რა თქმა უნდა, სამშენებლო ხარვეზი არ არის. სხვა შემთხვევაში კომპანია ვალდებულია, საგარანტიო პერიოდში გამოასწოროს ხარვეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩამოეჭრება დაკავებული თანხა და ეს თანხა მიიმართება ისევ ამ ხარვეზის გამოსწორებას. ამაზე დამატებით მერია ერთ თეთრსაც კი აღარ დახარჯავს.

სხვა პრობლემებზეც მინდა გკითხოთ, ქალაქის ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ გზების რეაბილიტაცია. რა ვითარებაც გვაქვს ამ მხრივ დღეს ქალაქში, თქვენთვის დამაკმაყოფილებელია?

მე რომ მომწონდეს და თვითკმაყოფილებას მივეცე, ალბათ, ვეღარ განვვითარდებით და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ. კრიტიკული მე უფრო ვარ, ვიდრე სხვა.

მაინც რა არ მოგწონთ?

ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი რამ შეიძლება დასახვეწიც კი იყოს, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ, განახლებაზე ვართ ორიენტირებული და არა იმაზე, რომ რაღაც გავაკეთეთ და ამაზე გავჩერდეთ. იმის თქმა, რომ ყველაფერი იდეალურად არის, ნამდვილად არ იქნებოდა სწორი, მით უმეტეს ჩემი მხრიდან.

მაინტერესებს, კონკრეტულად რა არ მოგწონთ პირადად თქვენ?

ამისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ჩემი აზრია. მე მირჩევნია მოვისმინო თქვენ რა არ მოგწონთ.

საინტერესოა ასევე თქვენი აზრი ქალაქში მიმდინარე მშენებლობებსა და მიშენებებზე…

ჩემთვის, როგორც ახალდანიშნული ვიცე-მერისთვის, ეს ახალი სფეროა – ადრე ამასთან შეხება არ მქონია, მე ვიყავი კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, მოდი გავმიჯნოთ. მშენებლობები, რომლებსაც ახორციელებენ, ინვესტორი იქნება თუ დეველოპერი, არ შედიოდა კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაში, არც მიშენებები.

მაგრამ ამ მიმართულებით ქაოსური პროცესი თქვენ, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, არ გაზარალებდათ? – აი, მაგალითად, ბათუმში ადამიანები ფიქრობენ, რომ ქალაქი თავის იერსახეს კარგავს…

პიროვნულად მეც არ მომწონდა ბევრი რამ, ეს სხვა თემაა, მაგრამ სამსახურებრივად ნამდვილად არ შედიოდა კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაში და არც გადაკვეთა მქონდა. ამის შემდეგ კი ყველაფერი სულ სხვა კუთხით წარიმართება, ამაში დარწმუნებული ვარ.

თქვენ ამბობთ, რომ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის სტატუსით აკეთებდით საქმეს. კეთილმოწყობა ხომ ნიშნავს კეთილმოწყობილ ქალაქს – თქვენ პასუხობდით ამ მიზანს?

ისევ იმას ვუბრუნდებით. მე ვხვდები თქვენი კითხვის არსს, მაგრამ ეს ყველაფერი გამიჯნულია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე. კეთილმოწყობა და მიშენებები სხვადასხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ. გემოვნებაზე არ დავობენ, კაცია და გუნებაო, როგორც იტყვიან. რაღაც შენობები, რომლებიც აშენდა ქალაქში მეც არ მომწონს, რაღაცები მომწონს. როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე გეთანხმებით. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი გაკეთებული საქმით კმაყოფილი ვარ და სულ ყველაფერი მომწონს.

მერი ალბათ ხშირად დაინტერესდება ვიცე-მერის მოსაზრებებით, რას ურჩევთ მას – მერიის რომელი სამსახური საჭიროებს განახლებას ან გაძლიერებას?

ისედაც ორი-სამი დღეა, რაც ვიცე-მერი ვარ. ზუსტად ახლა ვარ იმ ეტაპზე, როდესაც ვხვდები ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, მინდა პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რომ დავსახოთ მიზნები, თუ სად რა ზომებია გასატარებელი, სად რაა გამოსასწორებელი და დასახვეწი. ამიტომ წინასწარ იმის თქმა, რომ დღეს უკვე გადავწყვიტე და ბატონ ლაშას [ლაშა კომახიძე] გეგმა დავუდე კონკრეტულ ცვლილებებზე, რომლებიც გასატარებელია, ჯერ არ შემიძლია.

თქვენ ხომ ამ სტრუქტურაში ხართ დიდი ხანია.

რა თქმა უნდა, მათ შესახებ ჩემთვის ცნობილია, მაგრამ თუ დეტალებში არ გავერკვევი და ჩამოვყალიბდები, მანამდე ნაადრევი იქნებოდა რაიმე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან.

გამომდინარე იქედან, რომ მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი იყავით წლების განმავლობაში, არ ფიქრობთ, რომ თქვენი მხრიდან უხერხულია იმის თქმა, რომ ახლა უნდა მოახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება?

ზუსტად მაგას ვამბობ. სხვათა შორის, ზედამხედველობის სამსახურთან უკვე მქონდა შეხვედრა და გავიარე კონკრეტული საკითხები, დეტალებზე ვისაუბრეთ, სამუშაო რეჟიმში ვართ. ინფორმაციებს ველოდები, რომელსაც მიმზადებენ და, შესაბამისად, უფრო ნათელი სურათი მექნება, რომლის შემდეგაც უფრო მკაფიო ჩამომიყალიბდა ამ სამსახურის მუშაობა ეფექტურია თუ არაეფექტური.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი