მთავარი,სიახლეები

ლელა სურმანიძე: კომერციულ პროექტებში მერია ნაკლებად უნდა ჩაერთოს

23.11.2017 • 3419
ლელა სურმანიძე: კომერციულ პროექტებში მერია ნაკლებად უნდა ჩაერთოს

რატომ არჩია მერიაში მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობას, როგორია მისი ხედვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და პროგრამებზე, – ბათუმის მერის ახალი მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ქალბატონო ლელა, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყავით, მერიაშიც მერის მოადგილედ დაინიშნეთ. რა უპირატესობა აქვს თვითმმართველ ორგანოში მუშაობას? 

უპირატესობა აქვს იმ მოსაზრებით, რომ ჩემთვის უფრო მეტი სამუშაო იქნება, რადგან დამემატა სხვა სფეროებიც გარდა ჯანდაცვისა. გარდა ამისა, ლაშა კომახიძისგან წამოვიდა წინადადება – მითხრა, რომ ჯანდაცვაში კარგად ვართმევდი თავს ამ სფეროს და იქნებ ქალაქშიც იმუშაოო. მეც დავთანხმდი.

თქვენი საკურატორო სფერო ძირითადად იქნება ჯანდაცვა. როგორია თქვენი დამოკიდებულება – უნდა შეიცვალოს რაიმე პროგრამებში თუ არა? 

ჩემი საკურატორო სფერო, გარდა ჯანდაცვისა და სოციალურისა, იქნება განათლება, კულტურა და სპორტიც. თუმცა, რა უნდა შეიცვალოს, ამ ეტაპზე ჩემგან ამაზე საუბარი არასწორი იქნება, – ორი დღეა, რაც შევუდექი მუშაობას და ჯერ უნდა ჩავიხედო კარგად ამ საქმეებში. ერთია, როცა გვერდიდან უყურებ, რაღაც მოგწონს, რაღაც არა, მეორეა, როცა უფრო ახლოდან ეცნობი. ამის შემდეგ შეიძლება ამ თემებზე საუბარი. ალბათ გამოჩნდება რაღაცები, რაც შესაცვლელია.

მერიის პროგრამებს ჯანდაცვის მიმართულებით რამდენად კარგად იცნობთ?

საკმაოდ კარგად ვიცნობ, შესაძლებელია გაიზარდოს სამომავლოდ მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და დაემატოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. თუმცა ამ ყველაფერსაც სჭირდება კარგად გათვალა და ჩახედვა. სტატისტიკას უნდა ნახვა, რა ოდენობის ადამიანებს დასჭირდება მომსახურება და ა.შ.

შინმოვლის პროგრამა აქვს მერიას. როგორც ვიცი, ამ პროგრამაზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა. თქვენი აზრით, რა კომპონენტი შეიძლება დაემატოს პროგრამას?

ვიცი, რომ პროგრამაზე მოთხოვნა არის და შესაძლებელია დამატებითი კომპონენტების შეტანაც. მაგალითად, ფსიქოლოგის მომსახურება, რადგან ფიზიკურის გარდა ვიზრუნოთ ამ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. შესაძლებელია სოციალური მუშაკის ჩართვაც  იყოს მიზანშეწონილი. ამიტომ, ამაზე ფიქრია საჭირო და მომავალში ამაზეც ვიმუშავებთ აუცილებლად.

მერიას მოხუცთა სახლის პროექტი აქვს, რომლის განხორციელება 2 მილიონამდე ლარი ჯდება. თუმცა 2018 წლის ბიუჯეტში მშენებლობის თანხა გათვალისწინებული არ არის. თქვენ თუ დაინტერესდებით ამ საკითხით და ბიუჯეტის განხილვის დროს თუ დააყენებთ ამ საკითხს?

ჯერ დაიდოს ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრები და თუ ამ მიმართულებით იქნება საშუალება, რომ რაღაც ნაწილი თანხა მაინც გამოიყოს 2018 წელს, ამაზე ვიზრუნებ. თუმცა, ჯერ კარგად უნდა ჩავიხედო ბიუეჯეტში.

ბიუჯეტის პროექტს თუ იცნობთ და შენიშვნა თუ გაქვთ რაიმე?

ხვალ, 24 ნოემბერს ვაპირებთ ბიუჯეტზე მსჯელობას და განვიხილავთ ყველანი ერთად და ამის შემდეგ მეცოდინება.

რადგან ხვალ მსჯელობთ, ალბათ გაეცნობოდით პროექტს?

რა თქმა უნდა, გადავხედე, მაგრამ ჯერ განვიხილავთ და მერე უფრო მეცოდინება. ერთი გადახედვით, შესაძლებელია არასწორი დასკვნები გავაკეთო, ამიტომ ჯერ მოვისმენ არგუმენეტს და ამის შემდეგ შემეძლება დეტალური მსჯელობა.

ქალბატონო ლელა, თქვენ როგორც გვითხარით, განათლებისა და კულტურის მიმართულებითაც იმუშავებთ. როგორ ფიქრობთ, უნდა დააფინანსოს თუ არა მერიამ  სილამაზის კონკურსები, მოდის კვირეულები და ამ ტიპის ღონისძიებები. თქვენ პირადად თუ დაუჭერთ მხარს ამ ტიპის ღონისძიებების დაფინანსებას?

უმჯობესია, ახალგაზრდულ პროგრამებსა და ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი. ის, რაც კომერციული პროექტია და მისი ავტორებისთვის არის მომგებიანი, აქ ნაკლებად უნდა ჩაერთოს მერია. დავაფინანსებთ ალბათ უფრო ახალგაზრდებს, დამწყებ ხელოვანებს და ვისაც  რეალურად სჭირდება დახმარება პროექტების განსახორციელებლად. შემდეგ გადავხედავთ უფრო დეტალურად და კულტურის სამსახურთან ერთად შევჯერდებით ასეთ საკითხებზე. ასევე, ახალგაზრდობის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს საგანმანათლებლო პროგრამების სახით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: